Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპერის ანჯელინა ჯოლი? - რატომაც არა? ახალი ანა ნეტრებკო? - არა!


ნინო მაჩაიძე, ჯულიეტა, ზალცბურგის 2008 წლის ფესტივალზე
ნინო მაჩაიძე, ჯულიეტა, ზალცბურგის 2008 წლის ფესტივალზე
პრაღაში პლაკატებისთვის განკუთვნილი ადგილების დიდი ნაწილი რამდენიმე კვირის მანძილზე ჰქონდა დაპყრობილი ერთ პორტრეტს. ეს იყო ქართველი საოპერო მომღერლის, ნინო მაჩაიძის მშვენიერი სურათი, რომლითაც მის კონცერტზე გვეპატიჟებოდნენ. კონცერტი 12 იანვარს გაიმართა - დიდი წარმატებით!
ნინო მაჩაიძის კონცერტის აფიშას პრაღაში ყოველ ნაბიჯზე შეხვდებოდით

ნინო მაჩაიძესთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ - რა გრძნობაა, როცა ყოველ ნაბიჯზე - აეროპორტში, ქუჩაში, მაღაზიებში - შენი სურათი გიღიმის?

ნინო მაჩაიძე: ძალიან მიხარია, უპირველეს ყოვლისა! იმიტომ, რომ მომეცა საშუალება, პირველად ვიმღერო პრაღაში. ეს მართლაც ულამაზესი ქალაქია, ალბათ, ერთი-ერთი ყველაზე ლამაზი მთელს მსოფლიოში. და ძალიან გამიხარდა იმიტომ, რომ რაც ჩამოვედი, ვხედავ, რომ ყველგან მართლა ჩემი სურათებია... ძალიან სასიამოვნო ფაქტია! ეს იმას მანიშნებს, რომ ხალხი მართლა ელოდება ამ კონცერტს და ეს ენერგიას მმატებს. მინდა, უფრო კარგად ვიმღერო, უფრო კარგად გამოვიდეს ყველაფერი. ასე რომ, ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და ველოდები კონცერტს. ერთი სული მაქვს!

რადიო თავისუფლება: თქვენ საქართველოში, ბათუმში შეხვდით ახალ წელს. ახლა რა გეგმები გაქვთ, როგორ აგრძელებთ სეზონს?

ნინო მაჩაიძე: ბათუმიდან გავემგზავრე ვალენსიაში. 4 იანვარს იქ დავიწყე რეპეტიციები და პრაღაშიც იქიდან ჩამოვედი. ვალენსიაში შევასრულებ «ლუჩია დი ლამერმურს», ლუჩიას უძნელეს პარტიას. ახლა გამათავისუფლეს ოთხი დღით, რადგან აქ კონცერტი უნდა ვიმღერო. მერე კი ისევ ვალენსიაში დავბრუნდები - 23-ში პრემიერა გვაქვს. ასე რომ, წელიწადი ეგრევე დაიწყო და მივდივართ წინ!

რადიო თავისუფლება: მაგრამ ქვეყანა, სადაც თქვენ ამჟამად ცხოვრობთ, – თან რამდენიმე წელია - არის იტალია. ჯერ სწავლობდით, ახლა მუშაობთ, გამოდიხართ მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნის სცენებზე, მაგრამ დაბადებული და გაზრდილი ხართ საქართველოში და თქვენი მუსიკალური განათლებაც საქართველოში დაიწყო. როდის გადაწყდა, ასე ვთქვათ, თქვენი ბედი – როდის დააპირეთ, რომ მომღერალი გამხდარიყავით? მუსიკალური განათლების რომელი მონაკვეთი გაიარეთ საქართველოში?

ნინო მაჩაიძე (ჯულიეტა) და როლანდო ვილასონი (რომეო) შარლ გუნოს ოპერა "რომეო და ჯულიეტაში"
ნინო მაჩაიძე:
რაც თავი მახსოვს, ვმღერი. რვა წლის ვიყავი, როდესაც დავიწყე ოპერის სიმღერა. საქართველოში ეს ულამაზესი ტრადიცია არსებობს, რომ ბავშვებს შეუძლიათ, ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყონ სიმღერა, სწავლა დ ა.შ. ეს საზღვარგარეთ უფრო მერე მოდის, უფრო მაღალ ასაკში, ასე ვთქვათ. მოკლედ, რვა წლის ვიყავი, როდესაც ქალბატონ დოდო დიასამიძესთან ერთად დავიწყე მეცადინეობა ვოკალზე თბილისში, კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სკოლაში. დავიწყე სწავლა და გავიარე მთელი ეს წლები იქ და მერე, უკვე 17 წლის ასაკში, შევედი კონსერვატორიაში. ასე რომ, უნდა აღვნიშნო, რომ მე გავიზარდე საქართველოში და ჩემი ტექნიკა – ყველაფერი არის ქართული. და ახლაც, ვმოგზაურობ, ყველგან ვმღერი, მთელს მსოფლიოში, მაგრამ ჩემი გამღერების მეთოდი და ყველაფერი არის ისევ ქართული. ასე რომ, ყველაფერი საქართველოს უკავშირდება.

რადიო თავისუფლება:
რამდენი ხანი ისწავლეთ თბილისის კონსერვატორიაში და ვისთან?

ნინო მაჩაიძე: თბილისის კონსერვატორიაში ვისწავლე ბატონ თეიმურაზ გუგუშვილთან, 17 წლის ასაკიდან 21 წლის ასაკამდე. 21 წლის ასაკში გავემგზავრე იტალიაში, გავიარე „ლა სკალას“ აკადემიის კონკურსი, მიმიღეს, დავრჩი და ა.შ.

რადიო თავისუფლება: თქვენ უკვე რამდენიმე წელია, „ლა სკალას“ სცენაზე დგახართ, მაგრამ ნამდვილი ვარსკვლავის სტატუსი მოგიტანათ ზალცბურგში სიმღერამ ამ წელიწადნახევრის წინ, 2008 წლის აგვისტოში. იქნებ მოგვიყვეთ, როგორ აღმოჩნდით ზალცბურგის სცენაზე? ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალია, მუსიკის ყველა მოყარულმა იცის, რას ნიშნავს ზალცბურგის ფესტივალი. როგორ შეგარჩიეს?

ნინო მაჩაიძე: ესე იგი, ვიყავი „ლა სკალაში“ და ვმღეროდი „ჯანი სკიკის“, როდესაც ადამიანი, რომელიც არჩევდა მომღერლებს ზალცბურგის ფესტივალისთვის, ჩამოვიდა იტალიაში, „ლა სკალაში“. მომისმინა ერთ-ერთ სპექტაკლზე და გადაწყვიტა, რომ მე უნდა მემღერა ეს პარტია (ჯულიეტა შარლ გუნოს ოპერაში „რომეო და ჯულიეტა“). მაგრამ მე ეს არ ვიცოდი! ძალიან მოულოდნელი იყო! იმიტომ, რომ არც პარტიას ვიცნობდი, არც ფრანგული ვიცოდი! ერთ თვეში, უცებ ვისწავლე ყველაფერი. ასე დაიწყო! მერე ფრანგულის მასწავლებელი მყავდა და ა.შ. მოვემზადე.

ჯულიეტა-ნინო მაჩაიძე ზალცბურგის ოპერის სცენაზე
რადიო თავისუფლება:
და მოკლე დროში მოგიხდათ ამ რთული პარტიის მომზადება...

ნინო მაჩაიძე: ერთ თვეში, დაახლოებით ერთ თვეში!

რადიო თავისუფლება:
და თან თქვენთვის უცნობ ენაზე?

ნინო მაჩაიძე: რა თქმა უნდა! მაგრამ ახლა უკვე ძალიან ნაცნობზე...

რადიო თავისუფლება:
ნინო, თქვენ ძალიან ცნობილ ქალებს გადარებენ – გიწოდებენ „ოპერის ანჯელინა ჯოლის“ და გადარებენ ანა ნეტრებკოს, „ახალ ანა ნეტრებკოს“ გიწოდებენ. რას ნიშნავს თქვენთვის ასეთი შედარებები?

ნინო მაჩაიძე: რა შეეხება „ოპერის ანჯელინა ჯოლის“, ეს ყოველთვის მაცინებს. სულ მეღიმება, იმიტომ რომ ვიღებ, როგორც კომპლიმენტს! ვთვლი, რომ ანჯელინა ჯოლი არის ულამაზესი ქალბატონი. ასე რომ... გმადლობთ! რატომაც არა? მაგრამ, რაც შეეხება „ახალ ანა ნეტრებკოს“, მე ვამბობ, რომ არა ვარ ანა ნეტრებკო, მიუხედავად იმისა, რომ ანა ნეტრებკო უდიდესი მომღერალია და მე ძალიან მიყვარს ანა და ვგიჟდები მის ხმაზე და ა.შ., მე ნინო ვარ მაჩაიძე. მე ყოველთვის ვიმეორებ: მე ვარ ნინო მაჩაიძე.

რადიო თავისუფლება:
ნინო, კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს: ზუსტად მაშინ, როდესაც ზალცბურგში მღეროდით, 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში ომი იყო. და თქვენ მაინც გიწევდათ მუშაობა... რას ნიშნავდა თქვენთვის ის დღეები, როგორ გაართვით თავი იმ სტრესს?
ნინო მაჩაიძე გაეტანო დონიცეტის "ლუჩია დე ლამერმურში"

ნინო მაჩაიძე: ახლა მახსენდება, რომ ეს ძალიან რთული მომენტი იყო – მართლაც ძალიან რთული იმიტომ, რომ მე ვიყავი იქ, ზალცბურგში, არ შემეძლო იქიდან არსად წასვლა, სპექტაკლები მქონდა. ჩვენ შვიდი სპექტაკლი ვიმღერეთ. ასე რომ, მე იქ უნდა დავრჩენილიყავი... მაგრამ, როდესაც ტელევიზორს ვუყურებდი და ჩემებს ველაპარაკებოდი, მე ვტიროდი... ვტიროდი, ვტიროდი, ვტიროდი და მერე თავს ვიწყნარებდი: „ნინო, დაწყნარდი, ხვალ სამღერი გაქვს და არ შეიძლება!“ მაგრამ ძალიან განვიცდიდი, ძალიან! ალბათ, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, წავიდოდი საქართველოში და ჩემ ოჯახთან ერთად ვიქნებოდი, მაგრამ არ შემეძლო და ეს უფრო მანერვიულებდა. ასე რომ, ძალიან განვიცდიდი, ძალიან. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა – მე იქ უნდა ვყოფილიყავი, იქ უნდა მემღერა. მაგრამ ნამდვილად ძალიან განვიცდიდი...

რადიო თავისუფლება: და ახლაც, რასაკვირველია, სულ გაქვთ კონტაქტი საქართველოსთან, თქვენიანებთან. აპირებთ თუ არა საქართველოში სცენაზე გამოსვლას? გაქვთ თუ არა ამ მხრივ რამე გეგმები?

ნინო მაჩაიძე: მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით წავალ საქართველოში, დავბრუნდები საქართველოში და ვიმღერებ ჩემი ქართველებისთვის! ახლა, როდესაც ახალ წელს შემოგვთავაზეს – მიუხედავად იმისა, რომ უნდა მემღერა 31 დეკემბერს, ღია ცის ქვეშ, სიცივეში - მაინც დავთანხმდი! იმიტომ, რომ ეს იქნებოდა საშუალება, რომ ჩემები მენახა, მათთან ერთად გამეტარებინა ახალი წელი, ქართველებისთვის მემღერა და საქართველოსთვის მემღერა. იმიტომ, რომ ძალიან იშვიათად მიწევს იქ დაბრუნება დაკავებულობის გამო. ასე რომ, მე ყოველთვის ვამბობ, რომ თუ შემოთავაზება იქნება და, რა თქმა უნდა, დროულად იქნება (იმიტომ, რომ ბოლო მომენტში შეუძლებელია), მუდამ მზად ვარ... ახლა თეატრში განახლება მიმდინარეობს, ასე რომ, როცა გაიხსნება, იმედი მაქვს, რომ კარგი, ლამაზი შემოთავაზებები წამოვა და მე აუცილებლად, ყოველთვის დავბრუნდები სამღერად.

ნინო მაჩაიძე ჯაკომო პუჩინის ოპერაში "ჯანი სკიკი"

XS
SM
MD
LG