Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საახალწლო სროლა” ოპერის თანხლებით


თავისუფლების მოედანზე წერეთლის წმინდა გიორგის ნაძვის ხე ჩამოაცვეს
თავისუფლების მოედანზე წერეთლის წმინდა გიორგის ნაძვის ხე ჩამოაცვეს
ახალი წლისთვის თბილისში ლაპლანდიიდან ჩამოვიდა სანტა-კლაუსი, რომელმაც პირველად 31 დეკემბერს ღამით თავისუფლების მოედანზე გამართულ გალა - კონცერტზე მიულოცა ახალი წელი საქართველოს. რამდენიმე საათით ადრე სანტა-კლაუსის სტუმრობას ირიბად გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი... 2009 წლის უკანასკნელ დღეს იგი ზუგდიდს სტუმრობდა და აღნიშნა, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, თოვლის ბაბუა მეგრელია და სანტა-კლაუსზე უფრო ჭკვიანიო.

არავინ იცის, როგორი იყო ლაპლანდიიდან მოწვეული ”ნამდვილი სანტა-კლაუსის” რეაქცია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებზე, მაგრამ ეს შეჯიბრი - ვინ უკეთესია, ვინ უფრო ნიჭიერია და ვინ უფრო ჭკვიანი - 1 იანვრის გათენებამდე გაგრძელდა. განსაკუთრებით გამოიკვეთა ორი ქალაქი - ბათუმი, სადაც ოპერის ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების კონცერტი გაიმართა, და თბილისი (თავისუფლების მოედანზე წერეთლის წმინდა გიორგის ნაძვის ხე ჩამოაცვეს და დაამონტაჟეს სცენა, რომელზედაც კარნავალი გათამაშდა)... აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ამ გაქანებული შეჯიბრის (იმავე კონკურენციის) პირობებში მოვიგეთ იმათ, ვინც სახლებში დავრჩით... არა, ვერ ვიტყვი, რომ ახალი წელი ქართულ ტელეარხებზე რაიმე განსაკუთრებული სიახლით გამოირჩეოდა - სადღესასწაულო ტელეეთერის მთავარი გმირები კვლავაც პოლიტიკოსები (წელს, ფაქტობრივად, მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები, რაც გასაგებია: არჩევნები ახლოვდება), ჟურნალისტები და პოპ-ვარსკვლავები იყვნენ, მაგრამ თბილისსა და ბათუმში ჩატარებულ გალა-კონცერტებს შორის განსხვავება მაინც იგრძნობოდა... ბათუმს ვარსკვლავები ეწვივნენ, თბილისში კი ქართველმა ვარსკვლავებმა მსოფლიო ვარსკვლავების ნიღბები ჩამოიცვეს და 80-იანი წლების ჰიტები შეასრულეს... სამაგიეროდ, ბათუმში სანტა-კლაუსის, ასე ვთქვათ, ”ქართული იმიტაცია” ვიხილეთ, თბილისში კი ნამდვილი სანტა-კლაუსი... თავად პრეზიდენტმა აირჩია ის ქალაქი, სადაც კარერასი და მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავები მღეროდნენ.

”ჩვენ უნდა ვიყოთ მზად - ერთ ხელში უნდა გვეჭიროს თოხი და მეორეში იარაღი... ერთ ხელში უნდა გვეჭიროს თოხი, კომპიუტერი, წიგნი, სხვა ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა 21-ე საუკუნის თანამედროვე ქვეყნის მშენებლობისთვის”, – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვების ფონზე ვიხილეთ განათებულ ბათუმში ახალი მშენებლობების კადრები. ანუ შეიქმნა თავისებური კონტრაპუნქტი - ევროპის მოედანზე მღერიან და ცეკვავენ, სულ ახლოს კი შრომობენ... ერთ ხელში იარაღი, მეორეში თოხი (ან კომპიუტერი)... ახალი წლის ღამეს იარაღი რა მოსატანია! თუმცა სროლის ხმა მაინც ისმოდა. სხვათა შორის, ასაფეთქებელმა ტკაცუნებმა კარგა მაგრად დააფრთხო ხოსე კარერასი - სრულის ხმა სწორედ მაშინ გაისმა, როცა დიდი მომღერალი სიმღერის დაწყებას აპირებდა... მიუხედავად იმისა, რომ ეს რეაქცია შეუმჩნეველი არავის დარჩა, სროლის ეს ხმა მთელი ბათუმური კონცერტის აკომპანემენტად იქცა...დაუმატეთ ამას ტელეკომპანია ”იმედის” კომენტატორთა ვნება - საუბარი კარერასის, ნინო სურგულაძის, ზურაბ სოტკილავასა და სხვათა სიმღერის დროს... მუსიკის ჩახშობა ისეთი ფრაზებით, როგორიცაა, მაგალითად, ”გეუფლება საოცარი ეპატაჟის განცდა”... და დისკომფორტის განცდა აუცილებლად შეგექმნებოდათ.

ხოსე კარერასის ჩამოსვლა საქართველოში - მიუხედავად იმისა, რომ ამ მომღერალს, საერთოდ, უყვარს მოგზაურობა თავისთვის უცნობ ქალაქებში, როგორც ერთხელ თქვა, რომელთა სახელის დამახსოვრებაც კი უჭირს (ასე რომ, კარერასის ფანებს მომღერლის ბათუმში ჩასვლა არ გაჰკვირვებიათ) - ნამდვილად მოვლენაა ჩვენს კულტურულ ცხოვრებაში. სასიხარულოა, რომ - ამ ტკაცუნებსა და, ცოტა არ იყოს, ”კიტჩურ” ქორეოგრაფიულ ნომრებს თუ არ ჩავთვლით - საქართველომ ნამდვილად არ შეირცხვინა თავი დიდი მომღერლის წინაშე... საახალწლო კონცერტმა ბათუმში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საოპერო ხელოვნება საქართველოში აღმავლობას განიცდის... რომ ფორმაში არიან ვეტერანები და ახალგაზრდებიც, რომელთა შორის მე განსაკუთრებით მარიკა გულორდავას გამოვყოფდი... სხვათა შორის, კონცერტის მსვლელობის დროს ევროპის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სთხოვეს, ნურაფერს ისვრითო, მაგრამ თხოვნამ არ გაჭრა - ოპერის ვარკვლავები კონცერტის ბოლომდე სროლის ხმაზე მღეროდნენ. ზურაბ სოტკილავას გამოსვლის დროს ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ფეირვერკები მუსიკოსებს (პირველ რიგში კი, ორკესტრს, რომელსაც ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა) რიტმსაც კი ურევდა.

საქართველო ძალიან სწრაფად ვითარდებაო, უთქვამს კარერასს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ. არსებითად - წლევანდელი საახალწლო ღამით თუ ვიმსჯელებთ, როცა ეკრანზე ნაკლებად ისმოდა სადღეგრძელოები და ნაკლებად ჩანდა ყანწები - კულტურული ცხოვრება, მართლაც, ვითარდება. თუმცა იმას, ვინც თბილისში ჩატარებულ საახალწლო გალა-კონცერტს დაესწრო, შეიძლება ეფიქრა, რომ ქვეყანა კი არ ვითარდება, არამედ უკან მიდის... მით უმეტეს, რომ, როგორც ვთქვი, თბილისური გალა-კონცერტის სიუჟეტი 80-იანი წლების პოპულარულ სიმღერებზე აეწყო - ქართველი ესტრადის ვარსკვლავები, რა თქმა უნდა, ფონოგრამაზე, მსოფლიო ესტრადის ვარსკვლავების იმიტაციას მიმართავდნენ... ანუ სადღაც წარსულში გადაგვისროლეს... ქვეტექსტი ასეთი იყო: ბათუმისგან განსხვავებით, ჩვენთან ”იუთუც” კი არ ჩამოვიდა. ამიტომ ისღა დაგვრჩენია, თბილისში იმიტაციას მივმართოთ...
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG