Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა ესპანეთი ხდება


1 იანვარს ესპანეთი პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც ევროკავშირს ლისაბონის ხელშეკრულების დამტკიცების შემდეგ ჩაუდგება სათავეში. ეს ხელშეკრულება მნიშვნელოვნად ცვლის ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

ლისაბონის ხელშეკრულებამდე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვან ცვლილებებს ექვემდებარებოდა - ექვსი თვის ვადით კავშირის თავმჯდომარე

რომელიმე წევრი ქვეყანა ხდებოდა და მას საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით შეეძლო.

ამ დრომდე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნად ესპანეთის ქცევა თითქმის ავტომატურად გამოიწვევდა ევროკავშირის ყურადღების გადატანას, აღმოსავლეთით განვითარებული პროექტების ნაცვლად, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებზე.

მაგრამ ლისაბონის ხელშეკრულების მოქმედების პირობებში, ვითარება, წესით, სხვაგვარი უნდა იყოს. ევროკავშირი პირველად იწყებს საგარეო პოლიტიკის შემუშავებას ძველი და ახალი მექანიზმების შერწყმის გზით. ძველ მექანიზმებს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნები და საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო წარმოადგენენ, ახალს კი - ევროკავშირის პრეზიდენტის და საგარეო პოლიტიკის საკითხებში უზენაესი წარმომადგენლის

ახლად შექმნილი თანამდებობები.

1 იანვარს ესპანეთი ლისაბონის ხელშეკრულების ეპოქაში ევროკავშირის პირველი თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.

ესპანეთის მიერ არჩეულ კურსს დიდი ინტერესით დააკვირდებიან ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნები - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდავეთი, უკრაინა და ბელორუსია.

9 დეკემბერს, ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა დიეგო ლოპეს გარიდომ სცადა ეს ქვეყნები დაერწმუნებინა, რომ ისინი საგარეო პოლიტიკის „პრიორიტეტულ“ საკითხებს შორის მოხვდებიან:

„როგორც მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი, მოგახსენებთ, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკა - უფრო ზუსტად კი, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა - ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება არა მხოლოდ თავმჯდომარეების სამეულის - ესპანეთის, ბელგიისა და უნგრეთის - პირობებში, არამედ, კონკრეტულად, ესპანეთის თავმჯდომარეობის დროსაცო“, - თქვა მან.

ეს განცხადება ბევრისთვის მოულოდნელი იყო. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ესპანეთი, საფრანგეთთან ერთად, მხარს უჭერს ევროკავშირის დაახლოებას მაღრიბის ქვეყნებთან - მაროკოსთან, ტუნისთან, ლიბიასა და მავრიტანიასთან.

ხმელთაშუაზღვისპირელ მეზობლებთან ურთიერთობას ბლოკი მართავს ბარსელონას პროცესის სახელით ცნობილი მექანიზმით, რომელიც მიზნად ისახავს ჩრდილოეთაფრიკელი მეზობლების დაახლოებას ევროკავშირის კანონებთან და ნორმებთან.

ეს პროცესი დიდი წარმატებით არ გამოირჩევა - მაღრიბის ქვეყნების ავტორიტარიზმისკენ გადახრილი რეჟიმები ევროკავშირთან პოლიტიკური თანამშრომლობით მაინცდამაინც დაინტერესებულნი არ არიან. თუმცა ევროკავშირისგან დაფინანსების მიღება ნამდვილად სურთ. 2007-დან 2013 წლის ჩათვლით, ევროკავშირის სამხრეთელი მეზობლები ბლოკის სამეზობლო პოლიტიკისთვის გამოყოფილი დაფინანსების ორ მესამედს მიიღებენ - ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ ესპანეთის ძალისხმევის შედეგად იქნა მიღებული.

თუმცა ახლა, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, ესპანეთი, სავარაუდოდ, ბლოკის საგარეო პოლიტიკას მხოლოდ მაღრიბის ქვეყნების სასარგებლოდ არ განავითარებს.

ბრიუსელში განთავსებული ევროპის პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის ანალიტიკოსი პიოტრ კაჩინსკი ფიქრობს, რომ მადრიდი ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის მიმართ საკუთარ ინტერესს არ დათმობს, მაგრამ ის არც აღმოსავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის განვითარებას შეუშლის ხელს:

„ცხადია, ესპანეთის თავმჯდომარეობის დროს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა არ იქნება საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ელემენტი. თუმცა ესპანელებს უკვე ნათქვამი აქვთ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის განვითარებას ხელს არ შეუშლიან.“

კაჩინსკის თქმით, მაშინაც კი, თუკი ესპანეთი ევროკავშირის აღმოსავლელი მეზობლების ინტერესების გატარებას მთელ ძალისხმევას არ მოახმარს, ის, სავარაუდოდ, დადებითად გამოეხმაურება ევროკავშირის აღმასრულებელი ევროპის კომისიის, აღმოსავლეთევროპელი წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლელი მეზობლების ინიციატივებს.

ცხადია, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ბედი მხოლოდ ესპანეთზე არ იქნება დამოკიდებული. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ის, თუ როგორ პოლიტიკას გაატარებენ ლისაბონის ხელშეკრულებით შექმნილ ორ ახალ თანამდებობაზე მომუშავე პირები - ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, ბელგიელი ჰერმან ფან რუმპე და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ბლოკის უზენაესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი.

თუმცა ზოგადად, ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ მომავალი 6 თვის განმავლობაში აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს, ფაქტობრივად, აღარაფერი შეუშლის ხელს წინ წაიწიონ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების გზაზე.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG