Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”20 წლის შემდეგ” - ირაკლი გედენიძის ერთდღიანი ფოტოგამოფენა


ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ, რომელიც ახლა საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფია, ბოლო 20 წლის განმავლობაში გადაღებული ფოტოების პირველი პერსონალური გამოფენა მოაწყო, სახელწოდებით ”20 წლის შემდეგ”. თემატურად და წლების მიხედვით დალაგებულმა ფოტოებმა აჩვენა, როგორ იცვლებოდა ამ 20 წლის მანძილზე საქართველო.
ფოტორეპორტიორები ბევრს დარბიან, სულ მოძრაობენ, კადრებს იჭერენ და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოაჩინონ, რომ ამ საქმიანობაში 20 წელი გავიდა. ასე მოხდა ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძის შემთხვევაშიც. 20 წლის წინ, როდესაც ის საერთოდ არ ფიქრობდა ფოტოგრაფობაზე, 1989 წლის 9 აპრილს, პირველი კადრი გადაიღო. გადაიღო და დაიწყო... მისი პირველი პერსონალური გამოფენა, რომელიც თბილისში 21 დეკემბერს მოეწყო, სწორედ იმ პირველი შავ-თეთრი კადრით იხსნებოდა:

”უცებ შევატყვე, რომ ძალიან სწრაფად და უცებ გავიდა ეს 20 წელი. ანუ 1989 წელს პირველი შეგნებული სურათი გადავიღე ჩემი არქივისთვის. ეს იყო 9 აპრილის მიტინგი. აქციები ახალი ხილი იყო. ახლოს მისვლა რომ დავაპირე, არც მიმიშვეს.. წარმოიდგინეთ 15-16 წლის აპარატგადაკიდებული ბიჭი - არც რამე საბუთი აქვს, არც გაზეთში მუშაობს... მაშინ მქონდა ბაბუაჩემის ნაჩუქარი, 1945 წელს გამოშვებული, ფოტოაპარატი ‘ზორკი’.“

”ზორკი” ახლა საპატიო ადგილას ინახება. ირაკლი ამბობს, რომ გადაღება სწორედ აქციებზე ისწავლა. იხსენებს, ყველა შემდგომი მიტინგის შესახებ ტელევიზიიდან კი არა, იქვე, ადგილზე, იგებდნენ ხოლმე. აქციების თემა გრძელდება - ეს ფოტო, რომელზეც ხალხით სავსე რუსთაველის გამზირია ასახული, 2008 წლის აგვისტოშია გადაღებული, სულ სხვა აპარატით, თუმცა დაახლოებით იმავე მოთხოვნით:

”ეს არის ცნობილი ”ჯაჭვის აქცია” - ის დღეები, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა, ის დღეებია... მაშინ, როდესაც უკვე თბილისზე იყო თავდასხმა მოსალოდნელი, ხალხი გამოვიდა ქუჩაში და განწყობა იყო ისეთი, რომ დაბომბვის შემთხვევაშიც კი ყველა ერთად იდგა. ეს კადრი მერიის სახურავიდანაა გადაღებული. ამ ფოტოზე აქცენტი არის ჩვენს, როგორც ქვეყნის, მიმართულებაზე გაკეთებული - ჩანს ჩვენი სახელმწიფო დროშა, ნატოს დროშა და ევროკავშირის დროშა.”

საინტერესო იყო პროტესტის გამოხატვის მაშინდელი ფორმაც.

”ეს უკვე ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდია, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ გადაკეტა ”იმელის” წინ შენობა სამშენებლო ნაგვით, კანალიზაციის მილებით... და პლაკატია დარჭობილი: ”რუსმა ოკუპანტებმა დაუყოვნებლივ დატოვონ საქართველო”.. შემდეგ ფოტოზეც საქართველოს ანექსიისადმი მიძღვნილი საპროტესტო აქციაა ასახული, 09 მარკის ჟიგულია დიდ, შავლენტგადაფარებული”, - ამბობს ირაკლი გედენიძე.

კონტრასტის ჩვენება, ზოგადად, ამ ფოტოგამოფენის მთავარ იდეად იქცა. რა ხდებოდა სხვადასხვა სფეროში მაშინ და რა ხდება ახლა. ირაკლი გედენიძე პოზიტიური დეტალების ჩვენების გზით წავიდა. აქეთ კედელზე სპორტის სასახლეში 1994 წელს გამართული შოუს - „ბრძოლა წესების გარეშე“ - კადრებია გამოფენილი:

”ამ ფოტოზე ორი შაოსანი ქალია აღბეჭდილი და მათ ფონზე ამერიკელი სპორტსმენი გოგონა, რომელიც ქართველ მაყურებელს, როცა თბილისში სინათლე არ არის, არაფერი არ არის, ეროტიკულ შოუპროგრამას უტარებს.”

გამოფენაზე მისულ ეპას ფოტოგრაფს, ზურაბ ქურციკიძეს, ერთგვარი კეთილი შურიც კი გაუჩნდა თავისი მეგობრის მიმართ ამ ფოტოარქივის გამო:

”ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ის ფოტოები, რომლებიც ირაკლიმ მაშინ გადაიღო, როცა მე არც კი ვოცნებობდი ფოტოგრაფიაზე... 80-იანი წლების ბოლო და 90-იანი წლების დასაწყისი.. ”

გამოფენის ფოტოებს შორის კიდევ ერთი უნიკალური კადრი მოხვდა - იმ პერიოდის თბილისის, როდესაც, ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის გამო, ტროლეიბუსები ყოველ წუთს ჩერდებოდა:

”ხალხნო, მეორე ხაზზე არის შუქი, მოდით, ჩამოვიდეთ, მივაწვეთ და მივაგოროთ იქამდეო.. ეს სიტყვები მახსოვს, ამ კადრს რომ ვიღებდი.. ეს არის პავლოვის ქუჩიდან პეკინზე გადასასვლელ ტერიტორიაზე, ანუ სხვადასხვა ხაზი იყო.. და კადრში ჩანს, მოხუცი ქალები და კაცები როგორ აწვებიან ამ ტროლეიბუსს.”

აქვეა „როიტერის“ მსოფლიო ტოპკადრებში შესული ფოტოც, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგაა გადაღებული სწორედ იმ ზამთარში, როდესაც თბილისს რამდენიმე კვირის განმავლობაში არ მიეწოდებოდა გაზი - ნავთის საყიდლად უგრძეს რიგში ჩამდგარი ადამიანები.

ძველ დოკუმენტურ კადრებს შორისაა სახელმწიფო კანცელარიის წინ მდგარი ლენინის ძეგლის აღების პერიპეტიები. კარგად ჩანს, როგორ იცავენ ბელადის ძეგლის დარჩენილ ნაწილს. აქვეა სამოქალაქო ომის დროს გადამწვარი პირველი სკოლის ნაშთებიც.

ირაკლი გედენიძემ ცალკე ფოტოსერია მიუძღვნა პოლიციის თემასაც. საბჭოთა მილიციელის ფოტოს ქვეშ ახლანდელი პატრულის ფოტოებია. განსხვავება არის:

”საბჭოთა მილიციელი მოხვდა კადრში და, თუ დააკვირდებით, მის ჩაცმულობაში, გამოხედვაში ჩანს მისი ფსიქოლოგია - ლუკმაპური როგორ მიიტანოს სახლში, რომ ოჯახი გამოკვებოს. ჩაცმულობაზეც ეტყობა - ჩანჩურა პოლიციელია, თუმცა თითქოს კი ცდილობს, რომ გაუთოებული ეცვას, მაგრამ ფსიქოლოგიაა დათრგუნული კანონდამცველის.”

ირაკლის ვეკითხებით, ის, რომ დღეს უკვე პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფია, ხომ არ უშლის ხელს შემოქმედებით თავისუფლებაში - თუ რჩება დრო გადაიღოს ის, რაც უნდა და არა ის, რაც ევალება. ამბობს, რომ კი. თავისუფალი დრო თუ დამრჩა, მგონია, რომ, როგორც ფოტოგრაფი, აღარ ვარსებობო.

მოძრაობა მის რამდენიმე კადრშიც ჩანს. თბილისის ხედი, რომელშიც ერთდროულად სამების ტაძარი, ბარათაშვილის ხიდი, მთაწმინდის ასასვლელი და სატელევიზიო ანძა ჩანს, ვერტმფრენიდან არის გადაღებული. ორიგინალურადაა დანახული ცნობილი ავტობანიც - ავტომობილიდან გადაღებულ გადღაბნილ კადრში გზის თეთრი სწორი ხაზი ჩანს:
”მინდოდა ამ სწორი ხაზით ავტობანის სილაღის იდეა გადმომეტანა ფოტოზე.”

ფოტოჟურნალისტ ლელი ბლაგონრავოვას ამ გამოფენაში ყველაზე საინტერესოდ ლანდშაფტური ფოტოები მოეჩვენა:
”აქ არ არის მხოლოდ ჟურნალიზმი და ე.წ. ლანდშაფტური ფოტოებიც წარმოგვიდგინა. ასეთი ფოტოების გადაღების სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ ყველას ასე ხარისხიანად არ გამოსდის.”

ირაკლი გედენიძის სამომავლო გეგმები შედარებით მშვიდ სამუშაოს უკავშირდება: საქართველოს ყველა კუთხეში ჩასვლა და ისტორიული ძეგლების ფოტოარქივის გაკეთება. ნელი ტემპით ამ არქივის შევსებას ახლაც ახერხებს, თუმცა სანამ პრეზიდენტის ფოტოგრაფად რჩება, ამ სურვილის განხორციელება მოკლე დროში ვერ მოხერხდება. ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ არასოდეს იცის წინასწარ, სად იქნება ხვალ ან, თუნდაც, ამ საღამოს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG