Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არაა სიმშვიდე მსოფლიოში?


ყოველი წლის მიწურულს მსოფლიოს ახალი ამბების სამსახურები ადგენენ გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებისა და ტენდენციების სიებს. ამასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა გრეგორი ფეიფერმა საკუთარი თვალსაზრისის გამოთქმა სთხოვა ამერიკაში გამომავალი ჟურნალის „ფორინ პოლისის“ აღმასრულებელ დირექტორს სიუზენ გლასერს - ამერიკის საგარეო პოლიტიკის გავლენიან ექსპერტს, რომელიც ადრე „ვაშინგტონ პოსტის“ რედაქტორის თანაშემწედ, უფრო ადრე კი ქმართან, პიტერ ბეიკერთან ერთად მოსკოვში კორესპონდენტად მუშაობდა. სიუზენ გლასერმა ქმართან ერთად დაწერა წიგნი „კრემლის აღმასვლა: ვლადიმირ პუტინის რუსეთი და რევოლუციის დასასრული“.

წლის მიწურულს „ფორინ პოლისიმ“ გამოაქვეყნა 2009 წელს ჯეროვანი ყურადღების გარეშე გაშუქებული მოვლენების ათეული. ამ სიის პირველ ნახევარში აღმოჩნდა რუსეთის მიერ არქტიკაში ჩრდილო-აღმოსავლეთის გასასვლელის აღმოჩენა და ძალადობის მორიგი ტალღა ერაყში. რადიო თავისუფლებამ სიუზენ გლასერს ჰკითხა, თუ რით დაიმსახურა ამ ორმა მოვლენამ მათი ორგანიზაციის ყურადღება. პასუხი ასეთი იყო:

„ჩვენ ვისწრაფოდით გადაგვეხედა იმ მოვლენებისათვის, რომლებიც სრულფასოვნად არ გაშუქდა და რომლებმაც ჯეროვანი ყურადღების გარეშე ჩაიარა. ხშირ შემთხვევაში ამ ამბებს გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება ხოლმე. ეს ის ამბებია, რომელთა შესახებაც, შესაძლოა, 2010 წელს ბევრი დაიწეროს. ვფიქრობ, რომ არქტიკაში ჩრდილო-აღმოსავლეთის გასასვლელის აღმოჩენას უსიტყვოდ შეიძლება ვუწოდოთ მთავარი გლობალური მოვლენა. ამ მოვლენას შეუძლია შეცვალოს არა მხოლოდ გლობალური ვაჭრობა, არამედ მსოფლიო გეოპოლიტიკაც.

ასევეა უწყვეტი ძალადობა ერაყში. სიაში შეტანილი სხვა მოვლენებიდან გამოსარჩევია ვითარების დაძაბვა ისეთ ბირთვულ ქვეყნებს შორის, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი. ახლახან გავრცელდა საინტერესო ცნობა საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შესახებ, თუმცა ეს ამბები რატომღაც არ იმსახურებს ისეთ ყურადღებას, როგორსაც კონფლიქტი პაკისტანსა და ინდოეთს შორის. არადა, სულ ახლახან იტყობინებოდნენ, რომ სადავო ზონაში ჩინელმა მესაზღვრეებმა ხელი შეუშალეს ინდოელ მშენებლებს, რომლებსაც გზა გაჰყავდათ. დაძაბულობა იმდენად სერიოზულია, რომ ჩინეთმა და ინდოეთმა წელს პირველად გადაწყვიტეს ცხელი ბირთვული ხაზის გაკეთება, ისეთის, როგორიც ადრე საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდათ.“

„ფორინ პოლისიმ“ ასევე გამოაქვეყნა 2009 წლის 100 საუკეთესო მოაზროვნის სია, რომელშიც ადგილები უცნაურად განაწილდა. ყველაზე საყურადღებოა რეზერვის ფედერალური სისტემის თავმჯდომარის ბენ ბერნანკეს პირველი ადგილი, მაშინ როცა ბარაკ ობამა ნომერი მეორეა. სიუზენ გლასერი ამგვარ არჩევანს ასეთ ახსნას უძებნის:

„ვფიქრობ, თუ შეხედავთ პრობლემებს, რომელთაც მსოფლიო 2009 წელს შეეჯახა, აშკარაა, რომ ერთი წლის წინ ფინანსური კრიზისის ახალ „დიდ დეპრესიაში“ გადაზრდის დიდი პერსპექტივა იყო. როცა ხედავ, თუ როგორ ხელმძღვანელობდა ბერნანკე არა მარტო რეზერვის ფედერალურ სისტემას, არამედ ასევე იყო ზოგადად კრიზისის მართვის მთავარი ხმა, ჩემთვის ეს ძალიან ცხადი არჩევანია. სადავო მხოლოდ ამერიკაშია, ყოველ შემთხვევაში, კაპიტოლიუმის ბორცვზე, სადაც არსებობს რეზერვის ფედერალური სისტემის ანგარიშვალდებულების მზარდი მოთხოვნა. მრავალი მიმართებით, ეს სისტემა გაუმჭვირვალეა და მომზადებულია არაერთი კანონპროექტი, რომელიც მის შეზღუდვას ითვალისწინებს, მაშინ როცა ბერნანკე და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ცდილობენ მისთვის მეტი ძალაუფლების მინიჭებას. ასე რომ, ესაა დიდი პოლიტიკური თამაში და ადამიანების ერთი ნაწილი ცდილობს დანაშაულის სხვებისთვის გადაბრალებას. ლინჩის წესით გასამართლების მომხრეები არ არიან, თუმცა ჩვენს საიტზე ბევრმა ადამიანმა მოგვწერა: „ როგორ შეგეძლოთ ბერნანკეს შერჩევა, ის ხომ უოლ სტრიტის კაციაო? უოლ სტრიტის არაერთ კაცს, მართლაც, მაღალი თანამდებობა უკავია ხელისუფლებაში, ეს ბიჭი კი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მეცნიერი იყო და ამიტომ, ვფიქრობ, ესაა ის ერთადერთი, რაც ბერნანკე არ ყოფილა.“

„ფორინ პოლისის“ მიერ გამოქვეყნებულ ამავე სიაში მეექვსე ადგილზე ბილ და ჰილარი კლინტონები იმყოფებიან. ამასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ სიუზენ გლასერს ჰკითხა: რას ნიშნავს ეს - უნდა შევხედოთ მათ როგორც ერთ პიროვნებას?

სიუზენ გლასერი
: „რა თქმა უნდა, არა! ჩვენს რეცენზიაში სხვაგვარად ავხსენით, თუ რატომ არიან ჰილარი და ბილ კლინტონები ამ სიაში როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთად. ჩვენი აზრით, ერთად უნდა ყოფილიყვნენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ესაა სახელისუფლო წყვილი დი ისინი დიდი ხნის განმავლობაში არიან ერთად. ვფიქრობ, რომ ახლა ისინი განსხვავებულ სფეროებში მოღვაწეობენ, მაგრამ მათი მუშაობა საინტერესო სახით აეწყო ჯერ კიდევ კლინტონის პრეზიდენტობიდან. ამჟამად მათ აქვთ გავლენის განსხვავებული სახეობები, მაგრამ ისინი ერთად იმსახურებენ სიაში შეტანას.“

რადიო თავისუფლებამ სიუზენ გლასერს შეკითხვა რუსეთის შესახებაც დაუსვა. საოცარი მსგავსებაა ათი წლის წინანდელ პუტინის რუსეთსა და ახლანდელ, მედვედევის, რუსეთს შორის. იგივე გამონათქვამები, იგივე ლაპარაკი კანონის უზენაესობასა და კორუფციასთან ბრძოლის აუცილებლობაზე...

სიუზენ გლასერი: „უპირველეს ყოვლისა, არის კი განსხვავება პუტინსა და მედვედევს - რუსეთის ამ ორ ლიდერს - შორის?.. თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ. თვალსაჩინოა ძალიან საინტერესო პარალელები. თუ დაბრუნდებით წარსულში, ნახავთ გასაოცარ მსგავსებას იმასთან, რასაც ვლადიმირ პუტინი ლაპარაკობდა კორუფციის მოთოკვისა და რუსეთის საზოგადოებაში კანონის უზენაესობის დანერგვის შესახებ. ეს კი თითქმის სიტყვასიტყვით იგივეა, რასაც დმიტრი მედვედევი გასული წლის განმავლობაში ლაპარაკობდა.

მეცინება, როცა ვკითხულობ სტატიებს, რომელთა მიხედვითაც, მედვედევი კორუფციას ებრძვის, რომ ის კანონის უზენაესობის მომხრეა. ეს ნიშნავს, რომ მედვედევი სხვანაირია. მე დავიჯერებდი, რომ ამაში არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესოა იმის გარკვევა, თუ რა გაკეთდა ერთი წლის განმავლობაში, როცა ის იყო პრეზიდენტი, ხოლო ვლადიმირ პუტინი კი პრემიერ-მინისტრი. არსებობს თუ არა რეალურად სამართლებრივი ან სტრუქტურული ცვლილებების ნიშნები? ვლადიმირ პუტინმა, როგორც ვამტკიცებთ ჩვენს წიგნში „კრემლის აღზევება“, სისტემურად შეცვალა ძირითადი რუსული სახელისუფლებო ურთიერთობები. მან შეცვალა კანონი. ბესლანში მომხდარი ტერაქტი გამოიყენა როგორც საბაბი, რათა მოესპო რუსეთის ყველა რეგიონში გუბერნატორების არჩევის სამართლებრივი საფუძველი. ესაა სერიოზული სტრუქტურული და სამართლებრივი ცვლილება, რაც კრემლის ხელში მეტ ძალაუფლებას უყრის თავს.“

რადიო თავისუფლება ასევე დაინტერესდა ბარაკ ობამას გადატვირთვის პოლიტიკით. რა არის ეს - გულუბრყვილობა, თუ ასე უფრო მოსახერხებელია?

სიუზენ გლასერი
: „ჯერ ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. ბარაკ ობამას ძალიან ბევრი და განსხვავებული საკითხი აქვს გადასაჭრელი. რუსეთი, შესაძლოა, ამ საკითხთა პირველ ხუთეულშიც კი არ შედის. ასე რომ, გადატვირთვის ღილაკი სხვადასხვა ადამიანებისთვის განსხვავებულ რამეს ნიშნავს. არსებობს განსხვავებული სკოლები და ხედვები, შესაძლოა - ადმინისტრაციის შიგნითაც კი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვივაჭრებთ რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობით, მაგრამ ასევე ხაზს ვუსვამთ, რომ რუსეთთან საერთო ნაციონალური ინტერესებიც გვაქვს. ასეთია გადატვირთვის ღილაკის ერთი ვერსია, მაგრამ არსებობს სხვაც, რომლის მიხედვითაც, ამერიკა ცდილობს სამომავლოდ გადადოს პრობლემები არა იმიტომ, რომ არ აღელვებს ადამიანის უფლებები და დემოკრატია, არამედ იმიტომ, რომ ვერ ხედავს უკეთეს გამოსავალს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ვიდრე პოლიტიკას შევეხებით, უფრო მეტად უნდა გავერკვეთ მის მნიშვნელობაში.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG