Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მიწისძვრით დაზარალებულები ნათესავებთან და ნაქირავებ ბინებში გამოიზამთრებენ


მიწისძვრით დაზარალებულ ონის რაიონს მთავრობა 200 ათასი ლარით დაეხმარა. ეს თანხა იმ ოჯახებზე განაწილდა, რომელთა სახლები მთლიანად დაინგრა და აღდგენას არ ექვემდებარება. ონის გამგებლის ამირან სხიერელის თქმით, თითოეულმა ოჯახმა 500 ლარის ოდენობის დახმარება მიიღო.

პირველ კატეგორიაში მოხვედრილი დაზარალებულების სახლების მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება. როგორც ონის გამგებელი ამბობს, დაზარალებულთა ნაწილი ნათესავთან, ნაწილი დაქირავებულ ბინაში გამოიზამთრებს. რაც შეეხება იმ სახლებს, რომლებიც შეკეთებას ექვემდებარება, გამგებლის თქმით, მათი აღდგენა დაწყებულია. სამშენებლო კომპანიებმა რამდენიმე სახლი დეკემბრის ბოლომდე უნდა ჩააბარონ.

დაზარალებულები გარკვეული პერიოდი კარვებში ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც აცივდა, კარვებში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. ზოგმა ფიცრებისგან პატარა სახლი შეჭედა, ზოგმა ფრინველისა და პირუტყვისთვის განკუთვნილ დამხმარე ნაგებობას შეაფარა თავი. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, დაზარალებულები მსგავს პირობებში აღარ იმყოფებიან.

წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად, ონში 313 სახლი დაინგრა, ხოლო 1500 სახლი დაზიანდა. ამირან სხიერელის თქმით, ეს მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება. მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმე კვირა გრძელდებოდა, რის გამოც ზარალი გაიზარდა. სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიით გამოწვეული ზარალის დასადგენად შეიქმნა, დაზუსტებულ მონაცემებს უახლოეს დღეებში დადებს.
XS
SM
MD
LG