Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტრაბანდული იარაღის სკანდალი გრძელდება


ტაილანდის სასამართლო 12 დღის შემდეგ გამოუტანს განაჩენს თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებს, რომლებსაც ჩრდილოკორეული საბრძოლო მასალისა და იარაღის არალეგალური გადაზიდვა ედებათ ბრალად. იარაღის კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი 4 წევრი ყაზახეთიდანაა, ერთი – ბელორუსიიდან, ხოლო თავად თვითმფრინავი, როგორც იუწყებიან, ქართული ფირმის კუთვნილებაა, თუმცა საფრენ აპარატს არენდით უკრაინული ფირმა იყენებდა.

პარასკევს პოლიციამ დააკავა ილ-76 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელმაც დაუგეგმავი დაშვება განახორციელა ბანგკოკის აეროპორტში. თვითმფრინავის დათვალიერების შემდეგ მის ბორტზე ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული 30 ტონა საბრძოლო მასალა აღმოჩნდა.

თვითმფრინავის დაკავებული ეკიპაჟის 4 წევრი ყაზახეთიდანაა, ერთი კი – ბელორუსიიდან. ტაილანდის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაკავებულთ ბრალი ედებათ მძიმე იარაღის შენახვასა და რეისის შესახებ ინფორმაციის დამალვაში.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ილიას ომაროვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყაზახეთის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება, თუ როგორ წარმოებს ამ შემთხვევის გამოძიება.

“გაიმართა სასამართლოს მხოლოდ პირველი სხდომა. გადაწყვეტილება მიღებული იქნება 12 დღის შემდეგ. ყაზახეთის საელჩო დაკავებულია ამ საქმით. ისინი ამბობენ, რომ დაკავებულია და საპატიმროში იმყოფება ყაზახეთის 4 მოქალაქე. ჩვენი საელჩო ცდილობს ყველაფერს, რომ ისინი თავდებით გაათავისუფლონ.”

ტაილანდის პოლიციის ცნობით, დაკავებულ ეკიპაჟს თვითმფრინავით გადაჰქონდა 30 ტონა საბრძოლო მასალა და შეიარაღება - მათ შორის, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატები, ყუმბარსატყორცნების რაკეტები, ჰაერი-მიწის ტიპის რაკეტები და რეაქტიული ჭურვები.

დაკავებული ეკიპაჟის წევრები უარყოფენ იარაღის არალეგალურ გადაზიდვას და აცხადებენ, რომ, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ “ნავთობის საბურღი” მოწყობილობა იდო.

ყაზახეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის ცნობით, დაკავებული ილ-76 ყაზახურ ფირმა “ბეიბარუსს” ეკუთვნოდა, თუმცა ოქტომბრის დასაწყისში თვითმფრინავი ქართულმა ფირმა “ეარ ვესტმა” შეიძინა.

ჩრდილოკორეული იარაღით დატვირთული თვითმფრინავი ნამდვილად ქართული ფირმის კუთვნილებაა - ამას არც საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა უარყოფს. თუმცა, როგორც ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ბოკუჩავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, თვითმფრინავს, ლიზინგის წესით, უკრაინული კონტრაქტორი საავიაციო ფირმა გამოიყენებდა.

“თვითმფრინავი არის “ეარ ვესტის” რეესტრში, რომელსაც ლიზინგის წესით გადაცემული აქვს იგი აეროკომპანიისათვის “SP Trading”, რომლის იურიდიული მისამართია ახალი ზელანდია, მაგრამ წარმომადგენლობა და ამ თვითმფრინავის ბაზირების ადგილი არის უკრაინაში.”

გიორგი ბოკუჩავას თქმით, ეს ფაქტი ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგნ ათავისუფლებს ქართულ ფირმას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეკიპაჟს იარაღის არალეგალური გადატანა დაუმტკიცდება.

არადა, საქმეს სწორედ ასეთი პირი უჩანს. ტაილანდის მთავრობის წარმომადგენლის პანიტან ვატანიაგორნის თქმით, თვითმფრინავის საბოლოო პუნქტი უნდა ყოფილიყო ახლო აღმოსავლეთი, სადაც იარაღს და საბრძოლო მასალას დაცლიდნენ. როგორც დაკითხვისას დაკავებულმა პილოტებმა აცნობეს ტაილანდის პოლიციას, უკანა გზაზე თვითმფრინავი აპირებდა საწვავის შევსებას გაერთიანებულ არაბთა ემირატსა და აზერბაიჯანში და უკან, უკრაინაში, დაბრუნებას.

უკრაინული თვითმფრინავის ინციდენტი იარაღის მსხვილი კონტრაბანდის აღკვეთის ბოლო შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ივნისში გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია #1847, რაც ჩრდილოეთ კორეასთან იარაღით ვაჭრობას კრძალავს. სექტემბერში სამხრეთ კორეამ იარაღით დატვირთული ოთხი სატრანსპორტო კონტეინერი დააკავა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის იარაღით იყო დატვირთული. გაეროს სანქცია კრძალავს ჩრდილოეთ კორეასთან ვაჭრობას, როგორც ქვეყანასთან, რომელიც განაგრძობს ურანის გამდიდრების სამუშაოებს და ასევე ბირთვული იარაღისა და საშუალო სიშორის რაკეტების გამოცდას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG