Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი დიდ კინორეჟისორს ელის


მაიკ ლი (ცენტში) თბილისის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალზე
მაიკ ლი (ცენტში) თბილისის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალზე
თბილისის მეათე საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელიც 1 დეკემბერს გაიხსნა, არაერთი საინტერესო სტუმარი ჰყავს, მაგრამ, კინოფორუმის ორგანიზატორთა აღიარებით, თბილისის წლევანდელი კინოფორუმის მთავარი მოვლენა მაინც ბრიტანელი რეჟისორის, მაიკ ლის, მასტერკლასებია. კანის კინოფესტივალის ”ოქროს პალმის” მფლობელი, ევროპის კინოაკადემიის არაერთი პრემიის ლაურეატი, ღია გაკვეთილებს 6 დეკემბერს გამართავს.

მაიკ ლი არ არის თუნდაც რენი ჰარლინი, მისი თბილისში ჩამოსვლა სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად რომ იქცეს. კანის, ვენეციის კინოფესტივალების მთავარი პრიზების ლაურეატი, რომელსაც ბრიტანული კინოს ცოცხალ კლასიკოსს უწოდებენ, კომერციული ფილმების გადაღებაზე უარს ამბობს. შესაბამისად, არც ჰოლივუდში დამკვიდრება აინტერესებს და არც კინოვარსკვლავებთან მუშაობა. მიუხედავად ამისა, თავის სამშობლოში მაიკ ლი, კენ ლოუჩთან ერთად, ალბათ, ყველაზე პოპულარული კინორეჟისორია. კენ ლოუჩის მსგავსად, იგი იღებს ფილმებს სოციალურ თემაზე და არ ერიდება აქტუალური თემების თამამ ინტერპრეტაციას, ჟანრების აღრევას... კომიკური და დრამატული (ზოგჯერ ტრაგიკულიც) მის ფილმებში ყოველთვის გადაჯაჭვულია - თუნდაც ისე, როგორც მაიკ ლის ყველაზე სახელგანთქმულ ფილმში ”საიდუმლო და ტყუილები” (სწორედ ეს სურათი აღინიშნა კანის ფესტივალის ”ოქროს პალმით”). ბრიტანელი რეჟისორი უპირატესობას ანიჭებს კინოს ზედმიწევნით რეალისტურ ენას, რის გამოც მას ოპონენტები ზოგჯერ ”სოცრეალისტსაც” კი უწოდებენ. თუმცა ამ ოპონენტებს, როგორც ჩანს, ავიწყდებათ მაიკ ლის ერთ-ერთი პირველი ფილმი, ”შიშველი”, - ფაქტობრივად, ”აბსურდის დრამა ეკრანზე”, - სურათი, რომელსაც დიდი რეჟისორი თბილისში თავის მასტერკლასზე უჩვენებს.

მაიკ ლის მასტერკლასებს წარუძღვება და თარგმნის დათო გაბუნია - ინლისური და შვედური ენის სპეციალისტი, დრამატურგი. დათო ამბობს, რომ თბილისის კინოფესტივალმა ამ მასტერკლასისთვის მზადება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაიწყო... განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმას, რომ ბრიტანელი რეჟისორის ღია გაკვეთილზე დასწრება უფასო იქნება... ამიტომაცაა, ალბათ, რომ მაიკ ლის მასტერკლასზე უკვე ასამდე ადამიანი ჩაეწერაო, - გვითხრა დათომ.

მაიკ ლი არა მარტო ცნობილი პედაგოგია, არამედ ძალიან აქტიური საზოგადო მოღვაწეც. მას ბრიტანეთში არაერთხელ გამოუხატავს თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიმართ. როცა საქმე ეხება ადამიანის უფლებებს, მაიკ ლი უკომპრომისოა და არ ეშინია ცალმხრივობის... როგორც, მაგალითად, ფილმში ”ვერა დრეიკი”, რომელიც თბილისის მე-10 - საიუბილეო - ფესტივალის კულმინაცია იქნება. ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე ბრიტანული კინოს ცოცხალ კლასიკოსს კინოს მოყვარულთა უფრო ფართო აუდიტორია შეხვდება. აქ იქნებიან ის ახალგაზრდებიც, რომლებმაც მაიკ ლის გაკვეთილი მოისმინეს - სიკეთის, ადამიანის სიყვარულის და კარგი კინოს გადაღების გაკვეთილი.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG