Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი ახალი წიგნის შესახებ


მეათე სტუდიის გამოშვებებში დროდადრო საქართველოში გამოცემული ახალი წიგნების შესახებ გიამბობთ. დღეს ოთხ ასეთ წიგნს გავეცნობით, ოთხივეს ავტორი ქალია.

ბოლოს როდის წაიკითხეთ რამე საინტერესო? და წიგნების მაღაზიაში ახალ გამოცემებს როდის გადახედეთ? ახლა არ თქვათ, რომ ინტერნეტსივრცეში ყველაფრის პოვნა შეიძლება. რა სჯობია წიგნის მაღაზიების თაროების ჩამოვლას, ახალი წიგნების ქაღალდისა და საღებავის რაღაცნაირ სუნს. ჯერ ყდას შეაფასებ, მერე სარჩევს ჩახედავ - აბა, როგორ მთავრდება... აბა, რით იწყება... დღეს რამდენიმე ახალ წიგნზე გიამბობთ, რომელიც წელს გამოვიდა და გამოდის. ნახეთ, იქნებ რომელიმე თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდეს.

ნეტავ რა ვძოვეთ,
რა იონჯა,
შვრია,
რა ქერი,
ან რა უცნაურ საიდუმლოს
ფაფრით დავები,
რომ ნაწვიმარზე მომრავლებულ
სოკოებივით
ცხენის ტანებზე ამოდიან
კაცის თავები.

ეს ნაწყვეტია დიანა ანფიმიადის ლექსიდან „კენტავრის შესახებ“, რომელიც სხვა 55 ლექსთან ერთად შევიდა მის ახალ კრებულში, სახელწოდებით „კონსპექტური მითოლოგია“.

ზუსტად ერთი წლინ წინ, როდესაც დიანა ანფიმიადის ლექსების პირველი კრებული, ”შოკოლადი”, გამოვიდა, როგორც თავად ავტორი ამბობს, გიჟური ტემპით დაიწყო ამ ახალ კონცეპტუალურ ლექსებზე მუშაობა. ყველა ლექსი მითოლოგიურ სიუჟეტზეა აგებული, ოღონდ ”ეს არის თანამედროვე მითოლოგია”, ამბობს დიანა ანფიმიადი და იხსენებს, რომ ამავე თემაზე დაწერილ ლექსებს პრინციპულად არ კითხულობდა იმ მიზეზით, რომ თემა ძალიან გადაღეჭილი იყო. ახლა ხუმრობს, შვიდ ბრუნვაში აბრუნეს და მე მერვე ბრუნვაც მივამატეო. პირველი ლექსი, რომელიც დაიწერა, იყო ”მამას”, ქვესათაურით - ”კონსპექტური მითოლოგია”. წიგნსაც ასე დაერქვა: ”ძირითადად ქალი პერსონაჟები მყავს, რამდენიმეს თუ არ ჩავთვლით. და ყველა ამბავი ჩემზეცაა. მოზაიკასავით გამოვიდა. ერთი რომ დავწერე, უცებ მეორე პერსონაჟი ამოტივტივდა, ისიც საინტერესოა-მეთქი და ასე... ეს ლექსები იმითაა კარგი, რომ მითოლოგიის გარეშეც, რომ არ იცოდე გმირის შესახებ არაფერი, რაღაცას მაინც გაძლევს, ხვდები ვინაა”...

სწორედ ამიტომ კრებულს მცირე მითოლოგიური ლექსიკონი აღარ დაურთო. ისედაც ყველაფერი ნათელია. წიგნის გარეკანი დიანას მეგობარმა მხატვარმა ირაკლი მედოშვილმა გააფორმა. მას კენტავრი ახატია, ოღონდ - დიანა კენტავრი, რომელიც ზემოთ იყურება და თან საღეჭ რეზინს ბერავს:

”მე ვარ კენტავრი. ავტორი-კენტავრი. პირველივე შეხედვისას შეიძლება იფიქრო, რომ ეს არის ავტორის შარჟი საკუთარ თავზე. კენტავრი ხომ ღმერთების გამზრდელია თან, ყველაზე ჭკვიანი, ვისაც ყველა ეკითხება აზრს, და ავტორს ეს პრეტენზია არა აქვს, რომ ასეთია და სწორედ ამას გამოხატავს საღეჭი რეზინის გაბერილი ბუშტი... თან არის ერთ-ერთი ლექსი კენტავრის შესახებ, რომელიც ხერხემალია ამ წიგნის, რომელიც არის თანამედროვე კენტავრებზე, როგორ გაკენტავრდნენ ადამიანები.“

ქეთო ნინიძის წიგნს, - უფრო სწორად კი, სამეცნიერო ნარკვევს, - რომლის პრეზენტაციაც ახლახან გაიმართა, „მილიტარისტული ნარატივის მორფოლოგია“ ჰქვია და მოიცავს ლიტერატურული პოლიტიკის საკითხებს კავკასიის ომისა და მისი შემდგომი პერიოდის რუსულ და ქართულ ლიტერატურაში. ანუ ვისაც მეტის გაგება აინტერესებს იმის შესახებ, თუ როგორი იყო რუსეთის იმპერიის ლიტერატურული პოლიტიკა ანექსირებულ საქართველოში, ეს კვლევა ბოლო ნამუშევარია ქართულ ლიტერატურულ სივრცეში. წიგნი ორ - ქართულ და ინგლისურ - ენაზეა დაწერილი. თავად ავტორს, ქეთო ნინიძეს, მოვუსმინოთ: ”უბრალოდ, ლიტერატურით დაინტერესებული ადამიანისთვის შესაძლოა ცოტა მოსაწყენიც იყოს, რადგან მაინც სამეცნიერო ლიტერატურაა, მაგრამ საინტერესოა იმდენად, რამდენადაც სოციალური ანთროპოლოგიაც გამოყენებულია ლიტერატურათმცოდნეობაში ჩასართველად, ამიტომ არის მასში გამოყენებული დღიურები, წერილები...“

წიგნის გარეკანზე ძველი ფოტოა აღბეჭდილი - 1890 წელს გადაღებული ამილახვრების ოჯახისა. ფოტოს შუაგულში სამხედრო პირი დგას: ”თუ დააკვირდებით ფოტოს, ნახავთ, რომ წინა პლანზე გამოკვეთილია სამხედრო ფიგურა, ცენტრში, და საზოგადო მოღვაწე რაღაცნაირად ჩრდილშია თითქოს, უკანა პლანზე, მაგრამ 60-იანი წლებიდან ის უკვე იკავებს სამხედრო პირის, როგორც სამაგალითო ხატის, ადგილს.”

ქეთო ნინიძე ამ წიგნზე 6 თვე მუშაობდა. რადგან კვლევა და წიგნის გამოცემა ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსდა, ის არ იყიდება და თავისუფლად ვრცელდება. დაინტერესებულ პირებს მისი მოძიება ბიბლიოთეკებში შეუძლიათ.

ნინო სადღობელაშვილის რომანის ”ორსული” პრეზენტაცია 26 ნოემბერს გაიმართა. იმხელა შრომასთან ასოცირდებოდა თავად ეს სიტყვა, „რომანი“, რომ არასოდეს ვიფიქრებდი, რომ მეც ოდესმე დავწერდიო, გვეუბნება ნინო. მაგრამ ისე მოხდა, როგორც ცხოვრებაში რაღაც ეტაპები ენაცვლება ერთმანეთს. ჯერ მოთხრობებად წერდა, მერე გაბმულ ლექსად და, ბოლოს, აი, ასე: ”ცხოვრების ის ნაწილი, რაც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში გავიარე, ჩემში ვატარე როგორც რომანი. აბსოლუტურად დავამთხვიე ამ ჟანრს. და მერე თავისით დაიწერა.”

”ორსული” იმაზეა , რითიც ადამიანი ყოველდღიურად ცხოვრობს. ნინო უკეთ ჰყვება: ”სიყვარულზე, ნაყოფიერებაზე, თავისუფლებაზე, ხელოვანის ბედზე სამყაროში და ერთ კონკრეტულ სახელმწიფოში. ორსულიც - ეს სიტყვაც - ჩემს თავში სიმბოლოა რაღაცით ორსული ადამიანის - გნებავთ, შემოქმედებით, გნებავთ, სიყვარულით, მეორე ადამიანით... ან ღმერთით. ადამიანს, რომელიც მოლოდინშია, რომელმაც უნდა გააჩინოს სიცოცხლე და ამაზე ბუნებრივი და ჩვეულებრივი არაფერი არსებობს. ამით ბრუნავს დედამიწა.. და ასეა წიგნშიც, ორსულების მუცელში ბრუნავს მთელი სამყარო და მეც ესე მინდა, რომ ადამიანები, შეყვარებულები ყოველთვის თავიანთ სიყვარულს ზრდიდნენ იქამდე, რომ ნაყოფი ჩნდებოდეს.. ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს...”

წიგნის ყდაზე მისი მეგობრის, კახა შარტავას, ფოტოა გამოსახული: შემთხვევით რომელიღაც ნაგავსაყრელზე მიგდებული აკვანი.

მაკა ლდოკონენის ცამეტი მოთხრობა ერთ კრებულად, სახელწოდებით „ქიშმიშიანი ამბები“, ასევე 2009 წელს გამოვიდა. მაკა ლდოკონინის მოთხრობებს რომ კითხულობ, სუნსაც გრძნობ, ფერებსაც, გემოსაც, იმ უბანსაც, რომელზეც წერს. კიდევ, რაც მისი კითხვისას არ გავიწყდება, ბევრი უცნაური, გამოგონილი სიტყვაა და თხრობის უცნაური მანერაც. ლაილისფერი თმაო - წერს ერთგან. ლაილა არაბულად ღამეს კი ნიშნავს, მაგრამ ფერად გამოყენება სხვებთან არ გვხდება.

თითქმის სულ რეალურ ამბებს წერს, თბილისურ ამბებს: ”მე სოლოლაკში დავიბადე და გავიზარდე და ყოველთვის მიყვარდა ამ ქუჩებში ხეტიალი, დათვალიერება სახლების... მათ შესახებ საინტერესო ამბებს ვიწერდი ხოლმე. ვიცნობდი უამრავ კოლორიტულ ადამიანს და ვინც ამ მოთხრობებს წაიკითხავს, არ შეიძლება, რომ არ გაიხსენოს, მაგალითად, მუნჯო, რომელიც მე ”ქიშმიშიან ამბებში” გავაცოცხლე... უკანასკნელი მოთხრობა, „მისი სახლი“, იმ სახლზეა, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. მისი პერსონაჟის სახელი შევცვალე, მაგრამ გვარი იგივე დავტოვე და მის შესახებ ამბავიც რეალურია...

მაკა ერიდება ისეთ ქალაქებზე წერას, სადაც არ ყოფილა და რომელსაც არ იცნობს. მგონია, რომ მკითხველი ტყუილს მაშინვე იგრძნობსო. თან, აქაური დასაწერი ამბები ჯერ არ ამოწურულა...

მოკლედ, ასე გამოვიდა: ოთხივე ახალი წიგნის ავტორი ქალია. მეათე სტუდიის შემდეგ გამოშვებებში ძალიან შევეცდები, რომ ეს ამბავი გამოვასწორო და გიამბოთ რა დაწერეს ახალი ქართველმა კაცმა ავტორებმა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG