Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორუფციის დონე სტაბილურად იკლებს


17 ნოემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ 2009 წლის “კორუფციის აღქმის ინდექსი” გამოაქვეყნა. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მცირედით გაიუმჯობესა მდგომარეობა და 180 ქვეყანას შორის, 4,1 ქულით, 66-ე ადგილზე გავიდა, შარშან კი საქართველოს მაჩვენებელი 3.9 ქულას შეადგენდა.

კორუფციის აღქმის ინდექსს საერთაშორისო გაჭვირვალობის ბერლინის ოფისი აქვეყნებს. კვლევის მიზანი, როგორც თამარ ქაროსანიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი, განმარტავს, იმის განსაზღვრაა, თუ რამდენად ფესვგადგმულია კორუფცია ამა თუ იმ ქვეყნის საჯარო სამსახურში:

„კვლევა ახდენს ქვეყნების რანგირებას და ანიჭებს ამ ქვეყნებს ქულებს იმისდა მიხედვით, თუ რამდენად გავრცელებულია ან არ არის გავრცელებული კორუფცია ამ ქვეყნებში. წელს კვლევაში შევიდა 180 ქვეყანა, რომელთაგან საქართველო 66-ე ადგილზე გავიდა. პირველზე გადის ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა. საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან მიიღო 4,1 ქულა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში კორუფცია არაა ყველაზე მწვავე პრობლემა, თუმცა მაქსიმალურ 10 ქულას საქართველო მაინც საკმაოდ დაშორებულია. 2004 წლიდან თვალშისაცემია დადებითი ტენდენცია: ქულა, საშუალოდ, წელიწადში 0,5 ქულით იზრდება.“

თამარ ქაროსანიძის თქმით, საქართველოს კორუფციის ინდექსი უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში წელიწადში, საშუალოდ, 0,5 ქულით უმჯობესდება. რა არის ამის მიზეზი?

თამარ ქაროსანიძე: „ძირითადად, წინსვლა გამოიწვია იმან, რომ მოხდა კორუმპირებული საჯარო მოხელეების დასჯა. ფაქტები გახმაურდა და ამან სიფრთხილე გაზარდა. საჯარო სამსახურში ერიდებიან კორუფციულ გარიგებებში ჩართვას. ასევე დადებითი გავლენა იქონია იმანაც, რომ გაიზარდა საჯარო მოხელეების ხელფასი და, შესაბამისად, ისინი არ არიან იძულებულნი, რომ ქრთამი აიღონ და ამით არჩინონ ოჯახები. ასევე გამარტივდა სხვადასხვა ადმინისტრაციული პროცედურები (გაადვილდა პირადობის მოწმობის, პასპორტის, მართვის მოწმობის აღება და ასე შემდეგ). თუ 2004 წლამდე გვქონდა 900-მდე ლიცენზია და ნებართვა, დღეს მათი რაოდენობა მხოლოდ 105-ია და პროცედურებიც გამარტივებულია.“

თუმცა, თამარ ქაროსანიძის თქმით, კვლევაში ასევე ლაპარაკია იმ პრობლემებზე, რომლებიც კორუფციის დაძლევას და ქვეყნის განვითარებას აფერხებს.

თამარ ქაროსანიძე: „ქვედა დონეზე კორუფცია საგრძნობლადაა შემცირებული, რასაც ვერ ვიტყვით ზედა დონეზე. გარდა ამისა, ნაკლებადაა განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუტები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ანტიკორუფციულ კამპანიას, რათა მას ჰქონდეს არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი შედეგები.“

თამარ ქაროსანიძის თქმით, კორუფციის აღქმის ინდექსში გაერთიანებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები. საქართველოს შემთხვევაში, გამოყენებული იქნა 7 კვლევის შედეგები და ამ კვლევებში, ძირითადად, გამოიკითხნენ ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლები. შესაბამისად, კვლევა არ ეყრდნობა რიგითი მოქალაქეების შეფასებას.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ, კორუფციის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ომებითა და კონფლიქტებით დაზარალებულ ქვეყნებში. მაგალითად, სომალსა და ავღანეთს, 1,1 და 1,3 ქულებით, ყველაზე უარესი მაჩვენებლები აქვთ. კორუფციისგან ყველაზე თავისუფალ ქვეყნებად კი, 9,4 და 9,3 ქულებით, ახალი ზელანდია და დანია ითვლებიან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG