Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესიკ ხარანაულის ”თავისუფლების ასაკი”


ბესიკ ხარანაული
ბესიკ ხარანაული
თბილისში პოეტ ბესიკ ხარანაულის იუბილე აღნიშნეს. 70 წლის შემოქმედის ჯერჯერობით ბოლო წიგნი - როგორც თავად ამბობს, ერთი ლექსი ხუთას გვერდზე - ერთ თვეში გამოვა. ლიტერატურულ წრეებში კი ხარანაულის ნობელის პრემიაზე წარდგენის იდეაც გაჩნდა.

11 ნოემბერს ბესიკ ხარანაული 70 წლის გახდა. პოეტის იუბილე მოკრძალებულად - მეგობრების და ხარანაულის პოეზიის თაყვანისმცემლების წრეში - აღნიშნეს, არტკაფე „ქარავანში“, შინაურულად, უბრალოდ. ”კარგი ასაკი” დაგიდგაო, - ასე ულოცავდნენ ხარანაულს მეგობრები. იქნებ სხვებისთვის ეს 70 წელი ბევრიც არის, ჩემთვის კი არაფერია, რაღაცნაირი თავისუფლება მოაქვს იმ ზედმეტისგან, რაც ადამიანში არისო, გვითხრა.“ერთი კარგი ჩვენებური ანდაზაა: ”ჯერ ბოლოს გაიკეთებდე და მერე გზას სულეთისასაო.” - შეგონებაა ეგეთი ადამიანისადმი და, მგონი, მეც მაგ გზას ვადგავარ: ბოლოს ვიკეთებ და გზასაც სულეთისას, ეგრე მგონია...”

რაც დღემდე იყო და რაც აქამდე დაიწერა, დღეს უკვე ბესიკ ხარანაულისთვის ძალიან ცოტაა: ”ასე მგონია, რომ აქამდე არაფერი იყო და, ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა დაიწყო წერა.. აი, ასე ფიქრობ..”

არადა, ბესიკ ხარანაული ერთ-ერთ პირველია, რომელმაც ქართულ პოეზიაში ვერლიბრთან ერთად ახალი აზროვნებაც შემოიტანა და გალაკტიონის შემდეგ მთელი ქართული პოეზია ააყირავა. ასე ფიქრობენ როგორც მისი თაობის, ისე შემდგომი თაობების მწერლები, პოეტები, კრიტიკოსები. ასე ფიქრობს ლიტერატურის კრიტიკოსი ლევან ბრეგაძეც: ”ის ახერხებდა ძალიან ძნელად გამოსათქმელი აზრების გამოხატვას უჩვეულო მხატვრული ფორმებით. ის ამბობდა ისეთ რამეებს, რაც ჩვენ თითქოს გულში გვქონდა, მაგრამ ვერ ვამბობდით. იყო გაბედვაც.. ეს დისიდენტური აზროვნება გახლდათ, იმიტომ რომ აზროვნება მაშინ იყო ძალიან დაშტამპული და არამარტო იმიტომ, რომ სისტემა იყო ასეთი. მე მგონია, რომ ყველა სისტემა იშტამპება საბოლოოდ, რაც უნდა პროგრესული იყოს ის, და ასეთ დროს ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე თითო ბესიკ ხარანაული და ყველაფერს ააყირავებს, ახლებური თვალით შეხედავს და დაგვანახვებს. ასეთი ხალხი ძალიან საჭირო და სასარგებლოა, როგორიცაა ბესიკი, ხარანაული.”

ბესიკ ხარანაულისთვის რიგითობას პოეზიაში მნიშვნელობა არა აქვს. არც ის ახსოვს, სულ რამდენი კრებული აქვს გამოცემული, - ასეთ რამეებს არ ითვლის.

ბესიკ ხარანაული
”სულ მიკვირს ხოლმე, პირველი, მეორე რომ ამბობენ ხოლმე.. ეს, ალბათ, სულ იქნება, მაგრამ შენ არ უნდა გქონდეს გულში ეგ. შეიძლება თქვა, მაგრამ ჯობს თქვა და ტყუოდე, ვიდრე მართლა გჯეროდეს მაგისი.”

მაგრამ რომ არ დავწერო, ეს კატასტროფის ტოლფასი იქნებაო, ამბობს. ახლაც ბევრს წერს, თან სულ თავის ამბებს, და ფიქრობს, რომ სათქმელი კიდევ ბევრია:

”ჩვენსკენ იციან თქმა, დღე არა აქვს მოწეულის, გამოაგდებენ მიცვალებულის სულს, ჯერ შენი დრო არ მოსულაო და მეც ეგეთი რამეების მჯერა...“

ბევრი ლექსი არ წაიკითხა, სცენა ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის ბიჭებს დაუთმო.

ყველა დროის დიდი პოეტი - ძალიან მოკლედ ასე დახასიათა პოეტმა ზვიად რატიანმა ბესიკ ხარანაული. სხვათა შორის, ქართულ პოეზიაში ამ ორ სახელს ერთად ხშირად შეხვდებით. ზვიადი თავად ამბობს, ჩემი პოეზია მყარად დგას ხარანაულის პოეზიაზეო. მასთან პირველ შეხვედრას, 18 წლის ასაკში, ასე იხსენებს: ” პირველად წავიკითხე ” მიკარნახე, ანგელინა” და იყო გამაოგნებელი რეაქცია... პირველი სტრიქონებიდანვე... და მას მერე ამ ავტორის პოეზიაზე ვდგავარ და მისით ვსაზრდოობ.”

მაინც რა არის ის, რაც ხარანაულს გამოარჩევს? ზვიად რატინის პასუხი - სულ სიმართლეებს წერსო: ”ძალიან დახვეწილი ფორმით გადმოსცა, ძალიან, თავისი საკუთარი სიმართლე, რაც, ამავე დროს, ყველასიცაა.”

მალე გამოვა ბესიკ ხარანაულის 500 გვერდზე დაწერილი ლექსი პროზად. ზოგი მას რომანად მოიხსენიებს. თავად ხარანაულმა კი, უბრალოდ, წიგნი დაარქვა - უფრო სწორად, „სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი, ანუ წიგნი ჰიპერბოლების და მეტაფორებისა“. „სუფთა წერა შენი საქმე არასდროს ყოფილა, შენი ძალა სულ სხვა ნაკლია, რომლის გახსენება ახლა არ ღირს, პირიქით, შენ ახლა გამხნევება და გზის დალოცვა უფრო გჭირდება, რადგან ისეთი რამის წერას აპირებ, რასაც არასდროს იფიქრებდი“... - ეს ერთ-ერთი პირველი წინადადებაა, რითიც ეს წიგნი იწყება.

”ამ წიგნში კიდევ სხვა პოეტი, სხვა შემოქმედი და ადამიანია და მართლა გამოცანაა, საიდან მოაქვს ამ კაცს ამხელა ძალა და განურჩევლად ეპოქებისა, ყოველთვის არის მწვერვალზე...”- ამბობს ზვიად რატიანი, რომელიც ამ წიგნს წერის პროცესშიც ეცნობოდა, ნაბიჯ -ნაბიჯ. ხარანაულის მკითხველს კი სიამოვნება წინა აქვს.

იუბილეზე ბევრი სიტყვა არ დახარჯულა, მაგრამ ყველა, ვინც ბესიკ ხარანაულის შემოქმედებას, მის პიროვნებას შეეხო, ერთნაირად გულწრფელი იყო. რუსთაველის თეატრის მსახიობმა ჟანრი ლოლაშვილმა ისიც თქვა, რა სასიამოვნოა ხარანაულის თანამგზავრობა მისი დედამიწაზე წრიალის დროს:

”მისი წრიალი ამ ქვეყანაზე ჩემთვის პირადად დიდი რამ გახლავთ. წრიალებს და დავდევ და ვეძებ მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ მიყვარს და ასეთ დღეში ვიქნები, სანამ ბესიკი ცოცხალია... ეს კაცი გამუდმებით გვიწყობს პატარ-პატარა ჰიპნოზებს და გადავყავართ ისეთ სამყაროში, სადაც ბევრი რამის მოძიება შეიძლება.”

ბესიკ ხარანაულის საიუბილეო საღამო
თვითონ ხარანაულს თუ ჰკითხავ, საკუთარი ლექსებით ტკბობა არ უყვარს. თავისი ერთ-ერთი გმირიც, ამბა ბესარიონიც, თავისზე უკეთესი ჰგონია:

როდესაც იუბილე ყველამ მიულოცა, ბესიკ ხარანაულმა თავის სტუმრებს ე.წ. უხამსი ლექსებიც წაუკითხა. მთლად კარგად უხამსი არ გამომდისო, ისიც დააყოლა და ზოგიერთი მათგანის სახალხოდ წაკითხვაზე კიდევ იყოყმანა..

იუბილე ბესიკ ხარანაულის მეგობრების წრეში გაგრძელდა, თუმცა მანამდე ერთმა იდეამაც გაიჟღერა: დროა, ხარანაული ნობელის პრემიაზე წარვადგინოთო. თავად ბესიკს გაეღიმა, იქნებ ჩემთვისაც გეკითხათო.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG