Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური თავისუფლების აქტი და საგადასახადო ადმინისტრირების ცენტრალიზაცია


მთავრობის სხდომა კახეთში, ლოპოტას დასასვენებელ კომპლექსში
მთავრობის სხდომა კახეთში, ლოპოტას დასასვენებელ კომპლექსში
კახეთში, ლოპოტის დასასვენებელ კომპლექსში, მთავრობის სხდომაზე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგადასახადო ადმინისტრირების სისტემაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა. ცოტა ხნით ადრე კი პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ეგრეთ წოდებული ”ფინანსური პოლიციის” აღდგენის შესახებ. როგორც ეს კანონი, ასევე პრეზიდენტის ინიციატივა ფინანსთა სამინისტროსა და მისი ხელმძღვანელის როლს აძლიერებს.

ოველთვის ფაქიზად მოვეპყროთ ბიზნესის დალუქვას
ლოპოტის დასასვენებელ კომპლექსში ღია ცის ქვეშ გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის მთავარი ადრესატი ბიზნესი იყო. პრეზიდენტი და მისი კაბინეტი ბიზნესმენთა ნდობის მოპოვებას ცდილობს, რათა საქართველოში ინვესტიციების მოცულობა გაიზარდოს. ნდობის მოსაპოვებლად კი, ეკონომიკური თავისუფლების აქტის დეკლარირების გარდა, სააკაშვილი კონკრეტული წინადადებებითაც გამოდის. კერძოდ, საგადასახადო დავების საბჭოში უნდა შევიდნენ ბიზნესმენთა ასოციაციისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უნდა დაიხვეწოს საგადასახადო კოდექსიც, რათა მისი ინტერპრეტირებისა და ბოროტად გამოყენების შანსი არავის ჰქონდეს:

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
”ადმინისტრირების გაუმჯობესებასთან ერთად, ამას ალტერნატივა არ აქვს, ყოველთვის ფაქიზად მოვეპყროთ ბიზნესის დალუქვას. და 48 საათზე მეტი დალუქვა ამა თუ იმ ბიზნესის უნდა წყდებოდეს არა ქვედა დონეზე, არამედ ეს ფინანსთა მინისტრის დონეზე უნდა ავიყვანოთ. ფინანსთა მინისტრმა გადაწყვიტოს, სწორია თუ არა ამა თუ იმ ბიზნესის დალუქვა.”

აქამდე ბიზნესის, მაგალითად, მაღაზიის მიერ გადასახადების დაგვიანების გამო სავაჭრო ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილებას რეგიონალური საგადასახადო სამსახურის უფროსი იღებდა. ამ უფლების ფინანსთა მინისტრისთვის გადაცემას დადებით ცვლილებად მიიჩნევს საგადასახადო სფეროს ექსპერტი ირაკლი შავიშვილი:

”თუ დადგინდება ასეთი თანმიმდევრობა, რომ, პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს ინკასო, შემდეგ გირავნობა და, თუ ამანაც არ იმუშავა, ამის შემდეგ ყადაღა - ეს უფრო ეფექტური იქნებოდა, იმიტომ რომ ახლა, თუ ერთი კვირა გადაცდა გადასახადის გადახდის ვადას, მიდიან და, 500 ლარის გამო, მაღაზიას ულუქავენ, დენს უჭრიან და შიგნით რაც პროდუქციაა, უფუჭებენ. ეს ეფექტი კი არა, მავნებლობაა.”

ამაზე მკაცრი სიტყვები ისმოდა რამდენიმე წლის წინ ფინანსური პოლიციის საქმიანობის შეფასებისას - პოლიციისა, რომელიც საკვების ობიექტებშიც კი შეიარაღებულ სპეცოპერაციებს ატარებდა ფინანსური დარღვევების გამოვლენის მიზნით. მოგვიანებით ფინანსური პოლიცია საგამოძიებო სამსახურად გადააკეთეს, უფლებები შეუკვეცეს და შემოსავლების სამსახურს დაუქვემდებარეს. შესაბამისად, შემცირდა ხმაურიანი სპეცოპერაციები, რომლებიც, ძირითადად, ბიზნესის ტერორიზებას უფრო ჰგავდა, ვიდრე საგადასახადო ადმინისტირებას.

მე პირადად ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ ინსპექტორი გადამხდელთან იარაღით მიდიოდეს
მაგრამ, ეკონომიკური თავისუფლების აქტის დეკლარირების პირობებში, მთავრობამ ფინანსური პოლიციის აღდგენა გადაწყვიტა. სპეცრაზმითა და თანამშრომელთა კონსპირაციული ქსლით აღჭურვილი ფინანსთა სამინისტროს ”საგამოძიებო სამსახურის” უფროსს პრეზიდენტი დანიშნავს. ამ სამსახურს უფლება ექნება გამოიყენოს ფიზიკური იძულება, ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები ფინანსურ დანაშაულთან საბრძოლველად. ამ ცვლილების მთავარ მოტივად ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი შემოსავლების სამსახურის პოლიციური ფუნქციებისგან გათავისუფლებას ასახელებს:

კახა ბაინდურაშვილი, ფინანსთა მინისტრი
”ჩვენი ამოცანა არის, რომ სრული დემილიტარიზაცია მოვახდინოთ შემოსავლების სამსახურის. შემოსავლების სამსახურის ინსპექტორს იარაღი არაფერში არ სჭირდება. მე პირადად ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ ინსპექტორი გადამხდელთან იარაღით მიდიოდეს. შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურის გამოტანა შემოსავლების სამსახურიდან უზრუნველყოფს იმას, რომ ის იქნება სამოქალაქო სამსახური.”

კახა ბაინდურაშვილს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ რა საჭიროა საგამოძიებო სამსახურის მაინცდამაინც ფინანსთა სამინისტროში გაერთიანება.

ამ ახალ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება, ოპოზიციიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ფინანსურ პოლიციას ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოიყენებს:

”როგორც ჩანს, შემოსავლების სამსახურში არსებული ფინანსური პოლიცია ვერ აგვარებდა ყველა იმ ფუნქციას, რომ არც ერთ პოლიტიკურ ოპონენტს არ შეეძლოს ფულის შოვნა.”

ნოღაიდელს ამგვარი პოზიციის არგუმენტად კონკრეტული მაგალითი არ დაუსახელებია. მაგრამ საგამოძიებო სტრუქტურის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შენარჩუნება ბევრისთვის მაინც გაუგებარია. საგადასახადო სისტემის ექსპერტის ირაკლი შავიშვილის აზრით უმჯობესი იქნებოდა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ფუნქცია პროკურატურას გადასცემოდა, ხოლო სპეცრაზმის მოვალეობა - პოლიციის ანალოგიურ სამსახურებს.
XS
SM
MD
LG