Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დახმარების მოლოდინში


2010 წლის ბიუჯეტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ რიგითმა ახალციხელებმა ჯერ არაფერი იციან. სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალციხის განყოფილებაში კი ამბობენ, რომ უფრო რეალურად მოხდება იმ ოჯახების სოციალური მდგომარეობის შესწავლა, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.

ფაფუკა მაღრაძე სახელმწიფოსგან დახმარებას სამი თვეა იღებს. მარტოხელა ქალბატონთან სოციალური აგენტები მდგომარეობის შესამოწმებლად მაშინ მივიდნენ, როცა თავზე ჭერი ჩამოენგრა. 73 წლის მოხუცი თავს მხოლოდ პენსიით და სოციალური დახმარებით ირჩენს.

,,თვითონ მოვიდნენ და შეამოწმეს ყველანაირად. ეს ბინაც ისეთი იყო - ჭერი ჰქონდა ჩამონგრეული და მიწა და ფიცარი სულ თავზე მეყარა და ეგ ყველაფერი რომ ნახეს, მითხრეს, მოდი, ქალბატონო, ოფისშიაო. როცა მივედი, მითხრეს, რომ დაგენიშნა დახმარებაო. 82 ლარი პენსია მაქვს, 30 ლარი დახმარება და ამით გავდივარ იოლას მთელი თვე საწვავითაც და ყველაფრითაც.”

2010 წლის ბიუჯეტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ რიგითმა ახალციხელებმა ჯერ არაფერი იციან, თუმცა ფიქრობენ, რომ აგენტების მხრიდან სხვადასხვა ოჯახებისთვის ქულების მინიჭება არაობიექტურად მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ, ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო უფრო მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარებას შეძლებს.

,,მაცივარი მაქვს 40 წლის, მოვიდნენ და წაიღონ. რად მინდა მაცივარი, გადავაგდო რომ მაქვს? თავის დროზე კარგად ვცხოვრობდი, მაცივარიც იყო და ყველაფერიც, მაგრამ დღეს, რა, გადავყაროთ ეგენი, რაც გვაქვს? მოვიდნენ და წაიღონ.”

,,ძალიან კარგი იქნება, თუ ცვლილებები შევა, იმიტომ რომ არ მომწონდა ეგ კანონი. ხალხს ისე უჭირს და როდისღაც მაცივარი შეიძინა, როდისღაც ტელევიზორი... ძველი რაღაცეები... როგორ შეიძლება, რომ არ ჰქონდეს ადამიანს ასეთი ელემენტარული რაღაცეები. ძალიან კარგი იქნება, რაც მეტი ადამიანი მიიღებს დახმარებას, უკეთესი იქნება.”

,,ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი კარგად იქნება, ალალ იმათ, ვინც ამას ბოლომდე მოესწრება. ძალიან კარგი იქნება, რომ ყველამ მიიღოს პატარ-პატარა დახმარება.”

სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალციხის განყოფილებაში ამბობენ, რომ პროექტის დახვეწა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ პროექტი საბოლოო სახეს როცა მიიღებს, ოჯახების სოციალური მდგომარეობის შესწავლა მათ უფრო გაუადვილდებათ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალციხის განყოფილების მთავარი სპეციალისტი დავით მურჯიკნელი აცხადებს, რომ ამ დროისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტში შემწეობით 1 400- მდე ოჯახი სარგებლობს.

,,რაც შეეხება კანონს, ანუ აქ რა ხდება, ხდება პროექტის დახვეწა. ჯერჯერობით არც მე და არც ჩვენს სამსახურს არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ გაგვაჩნია, მაგრამ, სავარაუდოდ, უფრო რეალური სურათისკენ მიდის საქმე, ანუ უფრო რეალურად ხდება იმ ოჯახების სოციალური მდგომარეობის შესწავლა, ვიდრე აქამდე შევისწავლიდით და, ალბათ, უფრო ობიექტურ სურათსაც მივიღებთ იმ მხრივ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ის ოჯახები მიიღებენ დახმარებას, ვისაც ნამდვილად სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარება.”

დღეისათვის სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას 57 ათასამდე ქულით შეფასებული ოჯახები იღებენ, ჯანმრთელობის პოლისით კი ის ოჯახები სარგებლობენ, რომელთა რეიტინგიც 70 ათას არ აღემატება.
XS
SM
MD
LG