Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ბაგრატიონები” და ქართული კულტურის დღეები ჰოლანდიაში


გასულ კვირას ჰოლანდიაში ჩატარებული ”ბაგრატიონის ფონდის დღეები” წლევანდელი ქართული კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ... არა, ”ბაგრატიონის ფონდის დღეები” იმას არ ნიშნავს, რომ ამ ფესტივალში ”ბაგრატიონების გვარი” მონაწილეობდა... ”ბაგრატიონის ფონდი” ჰოლანდიური ორგანიზაციაა, რომელიც რამდენიმე წელია უკვე აწყობს ამსტერდამში თანამედროვე ქართული კულტურის დღეებს. დიახ, ორგანიზატორებს, პირველ რიგში კი, პროფესიით ექიმს, ეკა მხეიძეს... და სხვებსაც - ქართველთა სათვისტომოს, საქართველოს საელჩოს ნიდერლანდებში - უფრო მეტად თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ხელოვნება აინტერესებთ. ასე მოხდა წელსაც, ”ბაგრატიონის ფონდმა” ამსტერდამში დაპატიჟა მწერლები რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი... გარდა ამისა, გერმანიიდან ჩამოვიდა მხატვარი გია ეძგვერაძე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ქართველ ავანგარდისტებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის, ”დაბადებულები საქართველოში”, პრეზენტაციაში. გაგახსენებთ, რომ ეს სურათი, რომლის პრემიერა წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში - რადიო თავისუფლების გადაცემა ”წითელ ზონაში” - მოეწყო, გვიამბობს ჰოლანდიაში გამართულ ქართველ ავანგარდისტთა გამოფენაზე და ამ ექსპოზიციაზე გამოფენილ მხატვრებზე, მათ შორის გია ეძგვერაძეზე - ხელოვანზე, რომელსაც საზოგადოების გაღიზიანების, პროვოცირების არასდროს ეშინოდა. ამსტერდამსა და ჰააგაში გამართულ შეხვედრებზე გია ეძგვერაძემ თავად აღნიშნა, ჩვენ მკაცრად ”კონსტრუირებულ რეალობაში” ვცხოვრობთო. იმისათვის, რომ მუდმივად ვიმყოფებოდეთ განვითარების პროცესში, აუცილებელია ჩვენი შეცბუნება და გაღიზიანება... და ეს სწორედაც რომ ინტელიგენციამ უნდა გააკეთოს - შემოქმედმა ხალხმა, მწერლებმა, მხატვრებმაო.

ასეთი მწერლები მიიწვიეს სწორედ ამსტერდამში. ასეთი - ორიგინალური, პროვოკაციული და, თანაც, თვითირონიით სავსე იყო რატი ამაღლობელის გამოსვლა ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში (კულტურის დღეებში ძირითადი ღონისძიება სწორედ აქ გაიმართა). რატი ამაღლობელმა თავისი ლექსები კომპოზიტორ გოგი ძოძუაშვილის ელექტრომუსიკის თანხლებით შეასრულა.

ამსტერდამში თავიანთი ახალი წიგნები წარმოადგინეს მწერლებმა - დათო ტურაშვილმა და ლაშა ბუღაძემ. დათო ტურაშვილმა აგვიხსნა, რატომ გაუჩნდა თავისი პიესის, ”ჯინსების თაობის”, წიგნად გამოცემის იდეა (გაგახსენებთ, რომ ”ჯინსების თაობა” ეგრეთ წოდებული ”თვითმფრინავის საქმის” მხატვრული ინტერპრეტაციაა, რომელიც წარმატებით დაიდგა ”თავისუფალ თეატრში”). ტურაშვილის თქმით, 2008 წელს, ომის დაწყებისთანავე, გასაგები გახდა, რომ არის საშიშროება დავბრუნდეთ რეალობაში, რომელსაც იგი ”ჯინსების თაობაში” აღწერს... თუკი არ გამოვიჩინეთ სიმტკიცე და პრინციპულობა.

კოლაბორაციონიზმსა და პრინციპულობაზე დისკუსია ქართული კულტურის დღეებზე მიწვეულმა მწერლებმა ჰააგაში, საქართველოს საელჩოში, აქაურ ქართულ სათვისტომოსთან შეხვედრაზე გამართეს. დათო ტურაშვილის თქმით, ”ჯინსების თაობის” წიგნად გამოცემის სურვილი მას სწორედ მაშინ გაუჩნდა, როცა დარწმუნდა, რომ საბჭოთა მემკვიდრეობისგან განთავისუფლების გარეშე თავისუფალი სამყაროს შექმნა შეუძლებელია.

ამ შეხვედრაზე ისაუბრა სწორედ მხატვარმა გია ეძგვერაძემ სტრუქტურირებულ რეალობაზე, რომელიც ავანგარდისტმა მხატვრებმა უნდა შეძრან, გამოაცოცხლონ. ეძგვერაძის თქმით, ესაა არა მარტო კულტურის, არამედ პოლიტიკის პრობლემაც

- ავანგარდი სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს. დესტაბილიზაციას იმ გაგებით კი არა, რომ ქაოსი შემოიტანოს, არამედ კითხვების გაჩენის თვალსაზრისით... თუკი კითხვებს არ სვამენ, თუკი სამყარო შავ-თეთრია, ამ სამყაროს განვითარება, აზროვნების პროცესი ფერხდება.

საქართველოში კი, როგორც ქართველმა მწერლებმა აღნიშნეს, დღეს არა მარტო კითხვებს არ სვამენ... ლაშა ბუღაძის თქმით, დღევანდელ საქართველოში დასკვნების გაკეთება უყვართ - დასკვნების, რომელიც წარსულში დაშვებული შეცდომებიდან უნდა გამოვიტანოთ.

ლაშა ბუღაძემ ეს პროცესები ეგრეთ წოდებული ”საბჭოთა მართლმადიდებლობით“ ახსნა.მისი თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყანაში საზოგადოების უმრავლესობა ისევ ეძებს ვიღაცას, ვისაც უნდა ჩამოეკიდოს და ამიტომ ვერ ქმნის თანამედროვე სახელმწიფოს.

არადა, იმ ქართველი მწერლების თქმით, ვინც ჰოლანდიაში გამართულ კულტურის დღეებში მონაწილეობდა, ქართულ კულტურას აქვს ევროპის სივრცეში შეღწევის გამოცდილება, ილია ჭავჭავაძის სახით. სხვა საქმეა, რომ, ლაშა ბუღაძის თქმით, ამ გამოცდილების გააზრება ძალიან ზედაპირულად ხდება.

ევროპული ფასეულობების დამკვიდრებაზე დისკუსია, როგორც ყოველთვის, იდენტურობის დაკარგვის თემაში გადაიზარდა. შოთა არველაძემ, რომელიც მწერლებთან ამ შეხვედრას დაესწრო საქართველოს საელჩოში, ისიც თქვა, ამ ინტეგრაციამ დასავლეთთან უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს ქართული კულტურის თვითმყოფადობაზეო, რასაც დათო ტურაშვილმა ასე უპასუხა:

”ნუ გეშინია, შოთი... სულ ევროკავშირში რომ მიგვიღონ, ჩვენს საელჩოებში ხაჭაპურის ჭამა სულ მუდამ იქნება. ამას არ დავკარგავთ არავითარ შემთხვევაში.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG