Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო იზრდება


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულია კონკურსი, რომლის შედეგებსაც ნოემბრის მიწურულს შევიტყობთ. კონკურსის გამოცხადებისთანავე ქართულ მედიაში დაიწყო დისკუსია სამეურვეო საბჭოს ფუნქციისა და, საერთოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის ცვლილების აუცილებლობაზე.

”კითხვის ნიშნები და პრეტენზიები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ბევრი იყო. განსაკუთრებით ისმოდა ოპოზიციური პარტიების მხრიდან და ყოველთვის იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა პოლიტიკური დებატების საგანი”, -განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალ არჩევნებს მიეძღვნა.

როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას აქვს უფლება დაასახელოს, როგორც კუბლაშვილმა თქვა, საბჭოს ”არაპარტიული წევრები” - სხვაგვარად რომ ვთქვათ, არაპარტიის წევრები, თუმცა ის ხალხი, ვინც ამა თუ იმ პარტიის სიმპათიით სარგებლობს. ასეთმა პრიციპმა, პავლე კუბლაშვილის აზრით, ერთი მხრივ, მიგვიყვანა კონსენსუსამდე პოლიტიკურ პარტიებს შორის, მეორე მხრივ, შედარებით გაათავისუფლა საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკოსების ზეწოლისგან. ასე დაკომპლექტდა საბჭო, რომელიც დღეს არსებობს, თუმცა კუბლაშვილი ამ სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი ინიციატორია. ეს იდეა ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც გაზაფხულზე ოპოზიციის ”კვოტით” გასულმა ოთხმა წევრმა საბჭო დატოვა.

მაგრამ საზოგადოების ერთი ნაწილი კვლავაც უკმაყოფილოა იმით, რომ სამეურვეო საბჭოს მომავალი წევრები პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დაასახელონ. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აქტიურობს მედია-კლუბი - არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც კონკურსის გამოცხადებამდე მოუწოდა ხელისუფლებას და ოპოზიციას თავი შეიკავონ კანდიდატების დასახელებისგან. ერთ-ერთი პირველი, ვინც მედია-კლუბის ინიციატივას მხარი დაუჭირა, ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია იყო.

ირაკლი ალასანიას თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება არჩევნებით იცვლებოდეს და, რაც მთავარია, საარჩევნო კამპანია ჩატარდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, მედია და, განსაკუთრებით, საზოგადებრივი მაუწყებელი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური ზეწოლისგან.

”ძალიან გამიხარდა მედია-კლუბის ინიციატივა, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ, - იმიტომ რომ მე ძნელად წარმომიდგენია, რომელიმე პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატი იმაზე მეტს შეძლებს, თუ არა საზოგადოებისთვის ცნობილი, ”ობიექტურობის ხარისხის მატარებელი” ადამიანი... უკეთესი იქნება, რომ თხუთმეტივე წევრი ამ ფორმით იყოს შერჩეული.”

ალასანიას თქმით, ”პოლიტიზებულმა საბჭომ” არა მარტო ოპოზიცია, არამედ ხელისუფლებაც დააზარალა.. უფრო სწორად, დააზარალა მის მიერ მართული საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელმაც ვერ მოიპოვა საზოგადოების ნდობა და ვერც რეიტინგი.

”ამიტომ უნდა შევცვალოთ და დავიწყოთ ფიქრი მომავალზე”, - ასე დაასრულა თავისი სიტყვა ”ალიანსის” ლიდერმა. ამ სიტყვებს ყველა დაეთანხმა - ოპოზიციის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG