Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რუსთავის მზარდ ინტერნეტ-ბაზარზე მწვავე კონკურენციაა


სასკოლო ინტერნეტცენტრი რუსთავში
სასკოლო ინტერნეტცენტრი რუსთავში
რუსთავში სამი პროვაიდერის კომპანიაა: „კავკასუს ონლაინი“, გაერთიანებული ტელეკომი და საქართველოს კავშირგაბმულობის კორპორაცია. ამ სამ კომპანიას შორის რუსთავის მზარდ ინტერნეტ-ბაზარზე მწვავე კონკურენციაა, რაც ზოგჯერ მომხმარებელთა ინტერესებსაც აზარალებს.

სატელეფონო კომპანიებს, - გაერთიანებულ ტელეკომსა და საქართველოს კავშირგაბმულობის კორპორაციას, - რომლებიც ინტერნეტპროვაიდერებიც არიან, საკუთარი მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები აქვთ, რომლებიც ზოგან იკვეთება კიდეც და ერთობლივ ექსპლუატაციაშია. ამ ქსელებს იყენებს „კავკასუს ონლაინიც“.

გაერთიანებულ ტელეკომსა და საქართველოს კავშირგაბმულობის კორპორაციას შორის წლების განმავლობაში სასამართლო დავა მიმდინარეობდა. მიზეზი კი ის იყო, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვერ იყოფდნენ. 3 თვის წინ ძლიერი წვიმების გამო მიწისქვეშა ქსელები დაზიანდა, ამას დაერთო სასამართლო დავის განახლებაც. ქსელების აღდგენის შემდეგ ზოგიერთი აბონენტი იძულებული გახდა „კავკასუს ონლაინიდან“ გაერთიანებული ტელეკომის ინტერნეტ-მომსახურებაზე გადასულიყო.

ასე დაემართა არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსთავის სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“.

სააგენტოს ხელმძღვანელის ზვიად დევდარიანის თქმით, იმისათვის, რომ მისი ორგანიზაცია „კავკასუს ონლაინთან“ დარჩენილიყო და ინტერნეტი ჰქონოდა, სატელეფონო კომპანიების სასამართლო პროცესის დასრულებას უნდა დალოდებოდა. ამიტომ ამჯობინა გაერთიანებულ ტელეკომთან დაემყარებინა ურთიერთობა.

თავად გაერთიანებული ტელეკომის ქვემო ქართლის რეგიონის ხელმძღვანელი ლევან ურუშაძე კი აცხადებს, რომ რუსთავში ინტერნეტ- ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციაა.

„ყველას თავისი მომხმარებელი ჰყავს, ჩვენ ერთმანეთს ხელს არ ვუშლით“, - ამბობს ლევან ურუშაძე, რომელიც აქვე დასძენს, რომ რუსთავსა და მთლიანად რეგიონში ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.

„გაერთიანებულ ტელეკომს რუსთავში დაახლოებით 1500 მომხმარებელი ჰყავს და ეს ციფრი მუდმივად ზრდადობისკენ იცვლება“, - ამბობს ურუშაძე.

მისივე დასკვნით, მზარდ ინტერნეტ-ბაზარზე დაპირისპირება და მომხმარებლებისთვის პრობლემების შექმნა, წესით, არც ერთ კომპანიას ხელს არ უნდა აძლევდეს.
  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG