Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

შრომის წიგნაკის შესაძლო გაუქმებას ლაგოდეხში უარყოფითად აფასებენ


შრომის წიგნაკი
შრომის წიგნაკი
შრომის წიგნაკი მალე, შესაძლოა, საჯარო სამსახურში სავალდებულო დოკუმენტთა ნუსხაში აღარ აღმოჩნდეს. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში მოსალოდნელ ცვლილებას უარყოფითად აფასებენ ლაგოდეხელები – ამბობენ, რომ შრომის წიგნაკი ერთადერთი დოკუმენტია, სადაც მოქალაქის ნამსახურები წლები აისახება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ბიუროში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება განსაკუთრებით რეგიონებში არ გაამართლებს.

“რეგიონებში არსებობს ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომელსაც თბილისთან შედარებით ნაკლებად აქვს მოწესრიგებული შიდა საკანცელარიო და დოკუმენტური საქმიანობა, იმავე ბრძანებების კუთხით”, _ აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის კოორდინატორი გელა მთივლიშვილი და აღნიშნავს, რომ ცნობის მიღება მოქალქეებს, შესაძლოა, არქივიდანაც კი გაუჭირდეთ.

“ძალიან ძნელი იქნება დაადასტუროს მოქალაქემ, რომ 2005 წელს თუ მუშაობდა რომელიმე შეზღუდული პასუხისმგებლობის სამსახურში და შრომის სტაჟად უნდა ჩაეთვალოს მუშაობის ის წლები, 2009 წელს, დავუშვათ, ის ორგანიზაცია გაუქმდა, შემდგომ, სხვა სამსახურში მისვლის დროს, ლიკვიდირებული ორგანიზაცია ცნობას ხომ ვერ გასცემს, რომ მოქალაქე ნამდვილად მუშაობდა მის ორგანიზაციაში და შრომის სტაჟი აქვს. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, არქივიდანაც ვერ იქნას მოპოვებული აღიშნული ცნობა. შრომის წიგნაკს არ გააჩნდა არანაირი ალტერნატივა, ეს იყო ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც მოქალაქეს უდასტურებდა, რომ ნამდვილად მუშაობდა ამა თუ იმ ორგანიზაციაში კონკრეტულ წლებში და, ვფიქრობ, ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ პრობლემები განსაკუთრებით მძლავრად რეგიონებში დადგება. ~

მოსახლეობა შიშობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება დამტკიცდა, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით პენსიების გაცემა საქართველოში უკვე შეუძლებელი გახდება.
XS
SM
MD
LG