Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ლაგოდეხში გზებისა და ხიდების მშენებლობის ხარჯები მცირდება


გზების რეკონსტრუქცია კახეთში
გზების რეკონსტრუქცია კახეთში
ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასულ კვირას საკრებულოს მიმართა. ამავე ცვლილების საფუძველზე ითხოვა გამგეობამ კულტურის სამსახურის დაფინანსების გაზრდა. გამგეობის 2009 წლის 21 სექტემბრის პროექტში ვკითხულობთ:

შემცირდეს გზებისა და ხიდების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვის არაფინანსური აქტივების ზრდა.

შემცირდეს სოფელ მშვიდობიანში ბაისუბნის ხევზე ხიდის სამშენებლო სამუშაოები.

შემცირდეს სოფელ გურგენიანის ხიდის მშენებლობის სამუშაოების ხარჯები.

შემცირდეს სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაციიისა და ექსპლოატაციის არაფინანსური აქტივების ზრდა,

შემცირდეს სოფელ ჰერეთისკარში საწრეტი არხების რეაბილიტაცია.

გაიზარდოს კულტურის სამსახურის დაფინანსება - მათ შორის,

გაიზარდოს შრომის ანაზღაურება შვიდი ათას ექვსასი ლარით.

გაიზარდოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის სუბსიდიები 8 ათასი ლარით.

გაიზარდოს კულტურის სახლების სუბსიდიები 36 900 ლარით.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გოზალიშვილმა განმარტა, რატომ აღმოჩნდა გამგეობისთვის ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი კულტურის სამსახურის დაფინანსების გაზრდა:

`გვსურს, რომ ადგილობრივი დღესასწაულების გამართვაზე პასუხისმგებლობა კულტურის სამსახურმა თავის თავზე აიღოს. ~

აღნიშნული ცვლილება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ისე დაამტკიცა, რომ ბევრი არ უმსჯელია. საკუთარი აზრი ხმამაღლა არც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი წვერავამ გამოთქვა, თუმცა კენჭისყრის დროს ხელი არ აუწევია. პროექტის მიმართ უნდობლობა საკრებულოს თავმჯდომარემ მხოლოდ უხმოდ გამოხატა.

გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციაც. საკრებულოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან კახაბერ კეღოშვილი აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის ხარჯების შემცირება დღეს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დაშვებული დიდი შეცდომაა, რადგან ლაგოდეხის რაიონი, რომელიც ღვარცოფული მდინარეების სიუხვით გამოირჩევა, მუდმივად სტიქიის საფრთხის წინაშეა. ლაგოდეხელ ოპოზიციონერს უკვირს როგორ შეიძლებოდა სწორედ ამ ფონზე აღნიშნული ხიდების მშენებლობის შემცირება და იმ სამსახურის დაფინანსების გაზრდა, რომელიც, ფაქტობრივად, შესაბამის პროდუქტს ვერ ქმნის. ამაზე კი ისიც მეტყველებს, რომ ლაგოდეხში ტრადიციული დღესასწაულის, ჰერეთობის, ღონისძიებაც კი ჩავარდა, რომლის გამართვაზე პასუხისმგებლობა კულტურის სამსახურმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში აიღო. ღონისძიება ლაგოდეხში 26 სექტემბერს უნდა გამართულიყო.

ხიდების და გზების მშენებლობის შემცირებას ლაგოდეხში მოსახლეობაც გამოეხმაურა. ლაგოდეხელები წლების მანძილზე სტიქიისაგან მიყენებულ ზარალზე ჩივიან, ამბობენ, რომ საფრთხე კიდევ არსებობს, რადგან მდინარეების ნაპირები კვლავაც სერიოზულ გამაგრებას საჭიროებს, აღსადგენი და გასამაგრებელია ხიდებიც. მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ხალხის უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს.

ხალხის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სტიქიით გამოწვეული სალიკვიდაციო სამუშაოების შესასრულებლად 2009 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს შვიდი ათას ორმოცდაათი ლარი სარეზერვო ფონდიდან ცენტრალურმა ხელისუფლებამაც გამოუყო, თუმცა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისთვის, საზოგადოების უარყოფითი აზრის მიუხედავადაც, ადგილობრივ ბიუჯეტში პრიორიტეტი დღემდე მაინც კულტურის სამსახური რჩება.
XS
SM
MD
LG