Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სკვერი ბიუჯეტის ნამატი შემოსავლებით აშენდება


გორი
გორი
წლის ბოლოს გორის ბიუჯეტში ჭარბი შემოსავალი გაჩნდა, ამიტომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანააუცილებელი გახდა. 300 ათას ლარზე მეტი ქალაქის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯება. ყველაზე დიდი თანხა, 128 ათას ლარზე მეტი, პოლიციის სამხარეო სამმართველოსთან სკვერის მოწყობისთვის არის გამოყოფილი. საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას მხარი არ დაუჭირა. რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, საკრებულოს წევრის, დავით რაზმაძის აზრით, ქალაქში არსებული სოციალური და კომუნალური პრობლემების ფონზე, ბიუჯეტს იმის ფუფუნება არა აქვს, რომ სკვერების მოწყობა დააფინანსოს, მაგრამ საკრებულოში მმართველ პარტიას, ხმათა უმრავლესობით, გადაწყვეტილებები უპრობლემოდ გააქვს. რაზმაძის აზრით, პოლიციის სამმართველოს ახალი შენობის მშენებლობა ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და სკვერიც მერაბიშვილის უწყებამ უნდა მოაწყოს.

ოპოზიციის განცხადებას არ ეთანხმება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე. მისი თქმით, პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორია ქალაქის საკუთრებაა და მისი კეთილმოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს.

ადგილობრივ ბიუჯეტში ბოლო ცვლილებების შედეგად, სანიაღვრე არხების გაწმენდა 18 ათასი ლარით დაფინანსდა, 20 ათასი ლარით დაფინანსდება მშვიდობის გამზირზე ომში დაღუპულთა მემორიალის მოწყობა. ოპოზიციის განცხადებით, დაღუპულთა ერთი მემორიალი გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე არსებობს, ამიტომ მათთვის გაუგებარია, რა საჭიროა კიდევ ერთი მემორიალის აგება. ოპოზიციის ყველაზე დიდ პროტესტს მაინც პოლიციის სკვერის დაფინასება იწვევს.
XS
SM
MD
LG