კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 22:35

პოლიტიკა / საქართველო

ორი ბანაკი ოპოზიციაში

2009 წლის 9 აპრილი. ოპოზიცია მაშინ ერთიანი იყო2009 წლის 9 აპრილი. ოპოზიცია მაშინ ერთიანი იყო
x
2009 წლის 9 აპრილი. ოპოზიცია მაშინ ერთიანი იყო
2009 წლის 9 აპრილი. ოპოზიცია მაშინ ერთიანი იყო
ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
5 ოქტომბერს ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლებასთან შეურიგებელ ოპოზიციურ ძალებს ერთიანი დემოკრატიული ფრონტის შექმნა შესთავაზა. ამ შეთავაზებით დასრულდა პროცესი, რომელმაც ოპოზიციის ორ ბანაკად გაყოფა გააფორმა. ორი ბანაკისა და მათი დღევანდელი ლიდერების შესახებ რადიო თავისუფლების ეთერში ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში ვისაუბრეთ, როდესაც არც ირაკლი ალასანია იყო მოძრაობის – „ალიანსი საქართველოსთვის“ – ლიდერი და ნინო ბურჯანაძესაც არ ჰქონდა დასრულებული საკუთარი პარტიის შექმნის პროცესი.

საქართველოს ბოლო წლების პოლიტიკურ ცხოვრებაში პირველად, ოპოზიციური სპექტრის ძირითადი ნაწილი ორ ბანაკად ნაწილდება. პროცესს სათავე დაუდო გასული წლის აგვისტოს ომმა, რომლის შედეგებმა ოპოზიციაში ორი დაჯგუფება წარმოქმნა. მათ მიმდინარე წლის თებერვალში პირობითად ვუწოდე „სწრაფი ცვლილებებისა“ და „ნელი ცვლილებების“ ბანაკები. ეს სახელწოდებები დღესაც ზუსტად ასახავს ამ ორი დაჯგუფების არსს – მათ შორის არსებით მსგავსებას და მთავარ განსხვავებასაც.

ბოლო თვეების განმავლობაში ოპოზიციის წიაღში პროცესი სწორედ ამ ბანაკების ჩამოყალიბების და გაფორმების ნიშნით წარიმართა. გაზაფხულ-ზაფხულის საპროტესტო მოძრაობა კი იმიტომ აღმოჩნდა მარცხისთვის განწირული, რომ უფრო ადრე დაიწყო და დასრულდა, ვიდრე გაირკვეოდა, ვინ არის პროცესის ლიდერი და შედეგებზე პასუხისმგებელი.

დღეისათვის საერთო სურათი თითქმის მთლიანად გამოკვეთილია. ნელი ცვლილებების ბანაკს განასახიერებს „ალიანსი საქართველოსთვის“, რომელმაც, ამასობაში, ორი ლიდერი შეიძინა: ირაკლი ალასანია და სოზარ სუბარი. მათ გამოთქვეს მზადყოფა ნებისმიერი არჩევნებისთვის და წინასწარ შესთავაზეს საზოგადოებას კანდიდატურები თბილისის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის პოსტებზე. „ალიანსი“ მზად არის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესისთვის და უცხოელი ექსპერტების თანდასწრებით უკვე განიხილავს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს.

რაც შეეხება სწრაფი ცვლილებების ბანაკს, წლის დასაწყისში მისი კონტურებიც არ ჩანდა. მაგრამ პოლიტიკის ლოგიკა მიუთითებდა, რომ ასეთი ბანაკი ჩამოყალიბდებოდა და მისი ლიდერი უსათუოდ ნინო ბურჯანაძე გახდებოდა. მართალია, აპრილში, აქციების საწყის სტადიაზე, ტრიბუნაზე მისი გამოჩენა გაღიზიანებას იწვევდა, მაგრამ საზოგადოების ყველაზე რადიკალურად განწყობილი ნაწილი ნინო ბურჯანაძეს დღეს უკვე უპირობოდ აღიარებს საკუთარ ლიდერად. ლიდერობა კი ოფიციალურად 5 ოქტომბერს გაფორმდა, როდესაც ბურჯანაძემ „სააკაშვილის რეჟიმთან შეურიგებელ ოპოზიციურ ძალებს“ დემოკრატიული ფრონტის შექმნის ინიციატივით მიმართა. ამ ფრონტის მიზანია არსებული ხელისუფლების შეცვლა არა დიალოგის გზით და ნელი ნაბიჯებით, არამედ მკვეთრი, რადიკალური, მაგრამ კონსტიტუციური ქმედებებით.

ჯერჯერობით, ნინო ბურჯანაძის ინიციატივას ირაკლი ოქრუაშვილი შეუერთდა თავის პარტიასთან ერთად. დემოკრატიულ ფრონტში სხვა პარტიებსაც ელოდებიან, პირველ რიგში, ალბათ, კონსერვატორებს. ყველა პარტია, რომელიც „სწრაფების“ ან „ნელების“ ბანაკს არ შეუერთდება, ფაქტობრივად, „ცვლილებების“ მოსურნეთა მიღმა აღმოჩნდება, რადგან ორ ბანაკში ძირითადი ძალების გადანაწილება „მესამე გზის“ მძებნელებს წარმატების ნაკლებ შანსს უტოვებს. ეს საფრთხე, პირველ რიგში, ლეიბორისტულ პარტიას და ქრისტიან-დემოკრატებს ემუქრება.

ნინო ბურჯანაძის ინიციატივამ სერიოზული არჩევანის წინაშე დააყენა ლევან გაჩეჩილაძე. მან ინდივიდუალურად ან თავის მომხრეებთან ერთად უნდა გადაწყვიტოს, სად არის მათი ადგილი – „ნელების“ თუ „სწრაფების“ ბანაკში. თუ გავითვალისწინებთ საზოგადოებისთვის მეტად პატივსაცემ იმ ადამიანებს, რომლებიც მოძრაობა „დაიცავი საქართვეოლო!“-ს წევრები არიან, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ მათი შემატება ორივე ბანაკს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

ცალკე საუბრის თემაა „სწრაფების“ და „ნელების“ ურთიერთობის საკითხი. ის ფაქტი, რომ საზოგადოება ყოველთვის დაჟინებით ითხოვდა ოპოზიციური ძალების გაერთიანებას, ორივე ბანაკის ლიდერებს ერთმანეთის მიმართ კორექტული განცხადებების გაკეთებისკენ უბიძგებს. მეორე მხრივ, მათი პოლიტიკური გზები გაყრილია და სრულიად მკაფიოდ არის გაცხადებული, რომ „სწრაფებს“ დიალოგი არ მოსწონთ, „ნელებს“ კი – რადიკალური ქმედებები.

ნებისმიერ შემთხვევაში, ოქტომბრის დასაწყისიდან უახლოესი თვეების სამი მთავარი პოლიტიკური თემა გამოკვეთილია:

1. ოპოზიციური ძალების საბოლოო გადანაწილება და მათი განლაგების ზუსტი სურათის დადგენა;
2. „ალიანსისა“ და „დემოკრატიული ფრონტის“ დამოუკიდებელი ნაბიჯები და მათი ურთიერთობა;
3. ხელისუფლების ქმედებები ოპოზიციაში წარმოქმნილ-გაფორმებული ორი ბანაკის მიმართ – ცალ-ცალკე.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: cnobismoyvare
11.10.2009 20:34

საინტერესოა სად იქნება აისბერგის ეს არც თუ მაინც და მაინც ფარული ნაწილი ?

" კავკაზსკიი უზელ",2009 წლის 8 ოქტომბერი.

" უახლოეს დროში თბილისში შედგება ახალი ოპოზი-
ციური პარტია " ნეიტრალური საქართველო"-ს პრეზენტაცია. ამის შსახებ განაცხადა ამ ორგანიზაციის მეთაურმა,პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა და ექს-
-პრეზიდენტი შევარდნაძის პრეს-მდივანმა ვალერი კვარაცხელიამ. პარტია გამოვა საქართველოს ნეიტრალიტეტის მოთხოვნით.

" საქართველომ უნდა უარი თქვას ნებისმიერ სამხედრო ბლოკზე, პირველ რიგში ნატოში შესვლაზე",
-განაცხადა კვარაცხელიამ.

მან აგრეთქვე თქვა რომ საქართველო "უნდა გავიდეს
რუსეთთან კონფრონტაციის რეჟიმიდან და დაამყაროს მასთან მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები..."

რუსეთთან კარგი და მეგობრული ურთიერთობის დამყარება ყველა ნორმალურ ქართველს უნდა სულ მცირე კიევის რუსეთის დაარსების დღიდან.

მაგრამ რას ნიშნავს ნეიტრალიტეტი იმ ძალის მიმართ რომელიც 1985 წლიდან სპობს რუსეთს?

ცივი ჩრდილოეთის სასტიკ პირობებში რუსები სულ სვავდნენ.
მაგრამ მხოლოდ 1985 წლის შემდეგ მოხდა ისე რომ ყოველწლიურად უდროოდ კვდება დაახლოებით მილიონი რუსი. ამ ვითარების შემქნელ ძალის მიმართ ნეიტრალიტეტი და მით უმეტეს მისი მოკავშირეობა მხოლოდ დააჩქარებს რუსეთის სიკვდილს. ყოველ შემთხვევაში ბედნიერი ვიქნები თუ კი ვნახავ დამაჯერებელ საწინააღმდეგო არგუმენტებს.

ბატონი ბალერი კვარაცხელიას გუნდმა კაცობრიობის დიდ ნაწილს შეაძულა სოციალიზმი, შემდეგ საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული გარდაქმნების იდეაც, ეხლა როგორც ჩანს მისი გეგმაა ნეიტრალიტეტის იდეის დისკრედიტაცია. ბედნიერი ვიქნები თუ ვცდები. მაგრამ იქნებ ვინმემ ახსნას ნორმალური ადამიანური ენით თუ რა ხდება. მანამდე კი შეიძლება ვიფიქროთ რომ ბატონი ვალერი კვარაცხელია უფრო ქალბატონი ნინო ბურჯანაძის მხარეს შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა ამქვეყ,ნად ნამდვილად არაფერია გამორიცხული.
უღრმესი პატივისცემით და მოწიწებით.



ავტორი: ია ანთაძე
11.10.2009 20:34
ვალერი კვარაცხელია და ნინო ბურჯანაძე თუ სადმე ერთ მხარეს აღმოჩნდებიან, ეს იქნება ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან ცუდზე მეტად ცუდიც.

ყველაზე პოპულარული