შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 03:15

პოლიტიკა / საქართველო

„ნდობის“ ფორმულა

x
ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შეცვლა არ იგეგმება. ეს ფაქტი ზოგიერთ კითხვას ხსნის, მაგრამ სხვა კითხვებს აჩენს. ამ თემაზე ია ანთაძე გესაუბრებათ.

საქართველოს ხელისუფლებაში ცვლილებები გამორიცხული არ არის მაშინაც კი, როცა ყველა ფაქტორი საპირისპიროს მიანიშნებს. მაგრამ ახლა დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ პრემიერმინისტრმა ნიკა გილაურმა, თავის გუნდთან ერთად, კაბინეტი გარკვეული პერიოდით შეინარჩუნა. ეს ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ხელში თავმოყრილი ძალაუფლება აღარ გადაუნაწილდება სავარაუდო პრემიერმინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, და საქართველოს მთავრობაში ყველაზე ძლიერ ფიგურად ვანო მერაბიშვილი დარჩება.

ბუნებრივად ჩნდება ეჭვები შინაგან საქმეთა მინისტრის გაზრდილი ამბიციების შესახებ და იბადება კითხვაც: რატომ ენდობა ძალაუფლების მიმართ მეტად მგრძნობიარე მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს იმდენად, რომ მას მართვის მეტისმეტად ბევრ ბერკეტს გადასცემს? ხომ არ არის ქვეყნის პირველი მმართველი ვანო მერაბიშვილი და ხომ არ გადაიქცა მიხეილ სააკაშილი მის მძევლად?

კიდევ ერთხელ ჩამოვთვლით, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი პირადაპირ და ლეგიტიმურად აკონტროლებს პოლიციას და უშიშროების სამსახურს, ხოლო ირიბად, მისთვის სანდო პირების მეშვეობით, აკონტროლებს ჯარს, განათლების სისტემას, ქვეყნის ეკონომიკას და საერთო–ეროვნულ ტელევიზიებს. ამას ემატება მისი ინტელექტუალური მხარდაჭერა: „ფანკლუბი“ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში, პერმანენტული მოხსენიება „ძლიერ მინისტრად“ საზოგადოებისთვის პატივსაცემი პირების მხრიდან, პუბლიკაციებში მისი გვარის დადებით კონტექსტში გამოჩენა.

წლების წინ, როდესაც „იმედის“ ეთერში პირველი რეპორტაჟები გავიდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ, ირაკლი ოქრუაშვილის გავლენა პირდაპირ ვრცელდებოდა „რუსთავი 2“–ზე და ირიბად – „იმედზე“. ოქრუაშვილი უზარმაზარ ბიუჯეტს განკარგავდა, მას ჰქონდა პრეზიდენტის დიდი მხარდაჭრა, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ნდობა. ვანო მერაბიშვილი კი, ოქრუაშვილთან შედარებით, საკმაოდ სუსტ ფიგურად გამოიყურებოდა. თუმცა, ძლიერ მოწყლვადი პოზიციიდან, მერაბიშვილმა შეძლო ოქრუაშვილთან უმძიმესი პაექრობის მოგება და სულ უფრო მეტი ძალაუფლების თავმოყრა საკუთარ ხელში; ფაქტობრივად, შეძლო პრეზიდენტის უპირობო ნდობის მოპოვება.

არის თუ არა დღეს ესოდენ გაძლიერებული შინაგან საქმეთა მინისტრი საშიში პრეზიდენტისთვის? ამ კითხვის პასუხად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ თავად მიხეილ სააკაშვილს ვანო მერაბიშვილის ფაქტორი არ აშინებს. მან ყველაზე უკეთ იცის, რაშია მერაბიშვილის ძალა: თანამდებობაში და პრეზიდენტის მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხში, თუ შინაგან საქმეთა მინისტრის პიროვნულ თვისებებში. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ იგი მტკიცედ აკონტროლებს პროცესს და რომ მერაბიშვილის დღევანდელი ძალა და მხარდაჭერა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან, ძირითადად (ან, სულაც, მთლიანად) თანამდებობრივ ფაქტორს ეფუძნება და არა პიროვნულს.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციიდან გამომდინარე, დიდი სახელმწიფოები არ არიან გულგრილნი იმ საკითხის მიმართ, თუ ვინ იქნება ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. ჩანს, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მის პრეზიდენტობას მხარს საკმარისად გავლენიანი ძალები უჭერენ საქართველოს გარეთ. ეს ფაქტორი კი მთლიანად ხსნის შიშს ვანო მერაბიშვილის გაძლიერების საფრთხის მიმართ.

სავარაუდოდ, თავად მიხეილ სააკაშვილია დაინტერესებული, რომ მართვის ბერკეტებს ერთი – მისთვის სანდო – ადამიანის ხელში მოუყაროს თავი და ის ერთი იყოს პასუხისმგებელი პროცესების საჭირო მიმართულებით განვითარებაზე. მერაბიშვილმა ექვსწლიანი გამოცდილებით დაადასტურა, რომ კარგი მმართველია და იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი რუტინულ მუშაობას არ ცნობს, ვანო მერაბიშვილის მიერ აწყობილი ვერტიკალი – ეგრეთ წოდებული „ხერხემალი“ –სწორედ რომ მეტად მოსახერხებელია ქვეყნის სამართავად.

ასე რომ, ვიდრე ბალანსი არსებობს პრეზიდენტის მხრიდან ნდობასა და შინაგან საქმეთა მინისტრის ხელში თავმოყრილ ძალაუფლებას შორის, რადიკალური ცვლილებები არც საჭიროა და არც მოსალოდნელი. მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოყვანილი „ნდობის“ ფორმულის შინაარსი კი, სინამდვილეში, ეფუძნება არა ნდობას, არამედ, რაციონალურ არგუმენტებს, რომლებიც ვანო მერაბიშვილს პრეზიდენტის თვალში უფრო სუსტ პიროვნებად წარმოაჩენს, ვიდრე ძლიერ და საშიშ პოლიტიკურ ფიგურად.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: mate
23.09.2009 12:48
ბატონ სოლომონს,ისევ სარკაზმი ჯობია ცინიზმს,ცოტა ობიექტურობასაც თუ დაამატებთ,თქვენი კომენტარები კიდევ უფრო საინტერესო გახდება ჩემთვის

ავტორი: კავკასია საიდან გვწერთ: კავკასია
23.09.2009 02:15
"სულ ამაზე ვფიქრობ და რაღაც სპეციალური ალღოც მაქვს, ამას ბევრჯერ სწორ გზაზე დავუყენებივარ ანალიზისას."
ია, წლის დასაწყისიდან განვითარებული მოვლენების გამო ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი თქვენი პოლიტიკური ალღოს მიმართ. იმედია, ეს "პერიოდული" მოვლენა იყო.

ავტორი: ია ანთაძე
23.09.2009 02:15
დიდი ხანია, კეტი აღარ დაგინახვებიათ ჩემთვის. ეგ არაფერი, საინტერესოც კია.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
22.09.2009 22:51


mate-ს (Huten)-დან
---------------------
გეთანხმებით, ბატონო მათე,

თქვენ, (რბილად რომ თქვათ) მაგ თქვენი კომენტარით გინდათ გვითხრათ ის, რასაც ბატონი ბრეხტი მაგრად გვეუბნებოდა:

"ამ ქვეყნად ყველა სიკეთე უნდა ეკუთვნოდეს მას, ვინც

სიკეთეს,

სიკეთეს,

სიკეთეს ---

თ ე ს ა ვ ს!

(ანუ - ხერხემალ-ვანოს)!

და განა ეს უკვე ასე არ არის?

როგორც განუმეორებელ ქართულ ფილმშია:

"ეს უკვე მოხდა!"
ყველაფერი მაგისია, - მალებიც, ნეკნებიც და სუკიც, და კუდიც...

ჩემი "ცინიზმი" თქვენს "რბილად თქმებთან" და სტრატეგიულ დასკვნებთან შედარებით (მერაბიშვილის ჩადენილი გმირობა, მერაბიშვილის მიერ დამარცხებული ბოროტება, მერაბიშვილი სიკეთის სადარაჯოზე, მერაბიშვილი როგორც დათა თუთაშხია) უბრალოდ - ძალიან რბილია...

Безумству храбрых поем мы славу! Безумство храбрых - вот мудрость жизни!
О смелый Сокол!
В бою с врагами истек ты кровью ...


ავტორი: mate
22.09.2009 22:03
ბატონ სოლომონს, ქალბატონ იას ე.ი. თუ კაცი არ მოგწონთ,მაშინ მისი ჩადენილი გმირობაც შემთხვევითობა ყოფილა ან უარესი "სიმთვრალეში მოუვიდა",რატო სხვას არ გამოსდით კარგი საქმეები "შემთხვევით"ან სხვები არ სვამენ?სხვისი სიკეთის გაბიაბრუების მცდელობა,ყოველგვარი საბუთის გარეშე(წყარო-გამიგია ვიღაცისგან?!)უბრალო მოკვდავთათვის რბილად რომ ვთქვათ ცინიზმია,ხოლო პროფესიონალი ჟურნალისტისთვის არასერიოზულობა(ასევე რბილად რომ ვთქვათ).

ავტორი: O.K. საიდან გვწერთ: Batumidan
22.09.2009 12:53
სამთავრობო ცვლილებეზე რომ იწყება საუბარი, ბოლომდე მაინც ვერ ვხდები, ვინ ვისთანაა, ვის რა მიზანი აქვს, ვის ვისი ჩაძირვა სურს, ვის კარგი უნდა ვის ცუდი...
ია, თქვენ კი ცდილობთ რომ გამაგებინოთ, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერი მაინც ბუნდოვანია, ალბათ ჩემი არაინფორმირებულობის ბრალია.
არადა საინტერესოა...

პ.ს. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს იმაზე უფრო მეტი ინფორმაცია გაქვთ ვიდრე წერთ. შეიძლება მეჩვენება, არ ვიცი.

პატივისცემით,
ბათუმიდან

ავტორი: ია ანთაძე
22.09.2009 12:53
ოჩი, ინფორმაცია, როგორც წესი, მხოლოდ ის მაქვს, რასაც საჯაროდ აქვეყნებენ (ორივე მხარეს ვგულისხმობ). ძალიან იშვიათად ხდება, რომ რამე ისეთი ვიცი, რაც სხვებმა – მაგალითად, ჩემმა მეზობლებმა – არ იციან. მაგრამ მიხვედრით კი უფრო მეტს ვხვდები, რადგან სულ ამაზე ვფიქრობ და რაღაც სპეციალური ალღოც მაქვს, ამას ბევრჯერ სწორ გზაზე დავუყენებივარ ანალიზისას.

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
22.09.2009 12:15
ქ-ნ იას,
ისე, გმირობა ხშირად სწორედ სპონტანური აქტია :))

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
22.09.2009 09:12
ახლა დავფიქრდი იმაზე, რა შეიძლება იყოს ორი ძალაუფალი ადამიანის ერთმანეთისადმი უსაზღვრო ნდობის მიზეზი, როცა სახელისუფლებო ვერტიკალში აბმულებს და ერთის - ხელისუფლებით, ხოლო მეორის - დიდი ძალაუფლებით აღჭურვა ფეთქებადსაშიში არაა.

მე 3 ვარიანტი მომივიდა თავში:

1) - ორივე ადამიანი იმდენად მორალური პიროვნებაა და იმდენად მორალურ საზოგადოებაში ცხოვრობენ, რომ მათ არც საკუთარი სინდისი და არც საზოგადოებრივი აზრი არ მისცემს იმის საშუალებას, რომ თავიანთ უფლებამოსილებებს უსინდისოდ დააბიჯონ ფეხი.

2) ერთი პიროვნება (უფრო მაღლა მდგომი) იმდენად სუსტია, რომ რეალურად არსებობს მხოლოდ მანამდე, სანამ ვითომდა მის "ხელქვეითს" ეს აწყობს (მედვედევ-პუტინის ტანდემი, რომლის მოდფიცირებული ვერსია - მაგ., სააკაშვილ-გეგენავას ტანდემი - მიშასთვის 2013 წლის საოცნებო გაგრძელებას წარმოადგენს).

3) ორივე იმდენად ამორალურია, რომ ჩადენილი საერთო დანაშაულებები აძლევთ იმის გარანტიას, რომ მეორე ვერ გაბედავს მის დაძირვას და ვერც - გაძლებს უმისოდ, რადგან დიდი ამორალურობაც იშვიათი ხილია. (თუმცა საუბედუროდ - მერე ეპიდემიასავით ვრცელდება - დიდი მორალურობისგან განსხვავებით.)

თუ ვინმე რაიმეს დამიმატებთ ამ ჩამონათვალში, მადლობელი ვიქნები.

მერე კი ერთად ვიმსჯელოთ - განხილული წყვილი რომელი ვარიანტითაა უსაზღვროდ დიდი ურთიერთნდობის მატარებელი?

განსაკუთრებით კავკასიოლოგის აზრი მაინტერესებს. რატომღაც მგონია, რომ ამ ორ პიროვნებაზე მან ბევრი ისეთი იცის, რაც ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ. თუნდაც - მათ დადებით მხარეებზე.

ავტორი: ია ანთაძე
22.09.2009 09:12
სოლომონ, დილა მშვიდობის. დიდი მადლობა ახალი დისკუსიის წამოწყებისთვის. სულ ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, რომ ასეთი დაუბალანსებელი ძალაუფლების თავმოყრა ერთი ადამიანის ხელში აუცილებლად გამოიწვევდა პრობლემებს მთლიან სისტემაში. ახლაც ასე ვფიქრობ, მაგრამ პრობლემების ეპიცენტრი გადავანაცვლე. ძალიან დიდი არგუმენტი ისაა, რომ ვანო მერაბიშვილის დონეზე არ წყდება, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი და ინფორმირებული წყაროსგან გავიგე, რომ ამერიკიდან ჩამოსული შსს მინისტრი მაინცდამაინც კარგი განწყობით არ გამოირჩეოდა. არ ვიცი, რაზე ისაუბრა ამერიკაში, მაგრამ მან ჩვენზე ასჯერ უკეთესად იცის, ვისი გული უნდა მოინადიროს საქართველოში პრეზიდენტობის მსურველმა ადამიანმა. ისე, ყველაფერს ვერ დაწერ ადამიანი ბლოგზეც კი. არის კიდევ ერთი ფაქორი – წმინდა ეთნიკურ–ფსიქოლოგიური, რის გამოც მიშა სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს ენდობა (ცუდი საქმეების მიღმაც). მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ შიგნით, სახელისუფლო გუნდში, ყველა კმაყოფილია ვანოს ასეთი გაძლიერებით. ამიტომ, ვფიქრობ, მალე გამოჩნდება უკმაყოფილოთა უკმაყოფილების ნიშნები და პიიიირველ პატარა ნაპერწკლად მიმაჩნია თეა თუთბერიძის (რომელიც აგრეთვე უშუალოა კუმეოსავით) ანეკდოტი პრეზიდენტზე, რომელიც მან საჯაროდ გამოფინა პირწიგნაკზე. დანარჩენს დაველოდოთ.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
22.09.2009 02:53
ბატონო მათე,

მერაბიშვილის და ამერიკელი ჟურნალისტების იმ ცნობილ შეხვედრაზე მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ მაშინ ბ-ნო ვანო ზედმეტად შეთვრა და ისეთი რაღაცეები ილაპარაკა, რომ შეშინებულმა თანაპარტიელებმა (ია, არ მახსოვს, ბარამიძე იყო თუ ვინ მასთან ერთად?) უგანეს. შევარდნაძეს კი უთხრეს, მაგი არ სვამს, პირველად დალია და ვაპატიოთ, თავად არ იცის, რა თქვაო.

ასე რომ შორსწასული სტრატეგიული აზროვნება თუ იყო ჩადებული იმ ინფორმაციის გაჟონვაში, მე რატომღაც მგონია, რომ ეს სწორედაც ჟვანიას (ან სააკაშვილის) მხრიდან იქნებოდა, რომელმაც მერაბიშვილის ხელით დაკრიფა ნარი.

ია, ვცდები? რაც მართალი, მართალია, ნიუ-იორკ ტაიმსის ჟურნალისტს არ მოუყოლია ჩემთვის ეს ამბავი და ვანოს ფან-კლუბიც არ ადასტურებს...

ავტორი: ია ანთაძე
22.09.2009 02:53
შემთხვევითობის ამბავი იყო თავიდან ბოლომდე. ისიც, რომ თქვა, ისიც, რომ უარყოფა აღარ მოუხდა. თორემ უარზე არ ყოფილა ნამდვილად. და გამოუვიდა დაუგეგმავი გმირობა.

ავტორი: კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: კავკასია
22.09.2009 02:23
"ავტორი: ია ანთაძე
არა, ორი სიტყვა დავწერე და მორჩა! პირობას გაძლევთ."
Sadaa piroba?

აქ უბრალოდ სათაურს უხდება.
ბალანსია მთავარი.

ავტორი: ია ანთაძე
22.09.2009 02:23
თქვენი ხსენება არ შეიძლება საერთოდ? ამის პირობა ხომ არ მომიცია. პირობა გუშინდელ განხილვას ეხებოდა.

ავტორი: მან
22.09.2009 02:12
"არაფერი სთხოვო კეისარს და არაფერზე უთხრა უარი". რატომ თხოვს რა, ისედაც ფავორიტია და მას სთხოვს ყველა. ან, რაზე ეტყვის უარს?
ის ისეთი მორჩილი, უთქმელი და სახეც ისეთი წყნარი, გამოხედვაც ისეთი ერთგული ძაღლის აქვს, სულ გინდა თავზე ხელი გადაუსვა,.. მაგრამ ხერხემალზე შეიძლება ხელები დაიკაწრო.

ავტორი: mate
22.09.2009 01:40
ია-ს , შეიძლება, არ გეკამათებით ,მე მხოლოდ გარედან და შორიდან ვუყურებ, ჩემი ერთადერთი წყარო გაზეთები და TV იყო და რჩება

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
22.09.2009 01:22
mate-ს
და თუ ვანო მერაბიშვილს შეუძლია იყოს პოლიტიკური ლიდერი, მივიღებთ ავსტრო-უნგრეთის მონარქიის წარმატებულ ფორმულას "K. und K." ("Kaiserlich und Koeniglich")
:))

ავტორი: mate
22.09.2009 01:08
მრავალი წლის წინ "new york times"-ში სტატია იყო რომლის მთავარი აზრი იყო რომ შევარდნაძე მოჭამა თავისი დრო და საქართველოში დემოკრატიის განვითარების გზაზე უკვე "ტორმუზად" იქცა,ეს იყო პირველი ამდაგვარი აზრი მაშინ დასავლეთისთვის დემოკრატიის ბურჯად მიცნეული შევარდნაძის წინააღმდეგ, ძალიან გამიკვირდა რომ ამ აზრს შევარდნაძისვე პარტიის წევრი(მოქკავშირელი) პარლამენტარი ვინმე მერაბიშვილი გამოთქვამდა,უფრო საკვირველი ამბები მერე მოხდა,საქართველოში ამ სტატიამ აჟიოტაჟი გამოიწვია, მოქკავშირის ლიდერებმა, მახსოვს ჟვანიამ, გააკრიტიკეს ეს აზრი შორს დაიჭირეს თავი, თვით მერაბიშვილმა კი მიუხედავად იმისა რომ პარტიაში და პრაქჩიაშიც ღიად არავინ დაუჭირა მხარი, თავისი სიტყვები უკან არ წაიღო, და არ დაიწყო თავის მართლება , მე ესე არ მითქვია ,ჟურნალისტმა ისე გაიგო და ა.შ. გამიკვირდა რომ ის არც ფრაქცია -პარტიიდან გარიცხეს, არც რამე კომპრომატები გამოჩნდა მის შესახებ და არც მაშინდელ ოპოზიციაში გადაბარგდა,როგორც ხდებოდა ყოველთვის.ამ უჩვეულო ისტორიიდან მაშინ ერთი დასკვნა გავაკეთე, ეს უცნობი პარლამენტარი იყო ავტორიტეტული ადამიანი ვიწრო წრეში,არ იყო შანტაჟირებადი,არ ქონდა ეკონომიკური ინტერესები, მაგრამ ქონდა იდეები და ""Vision".დრომ კიდევ უფრო დამარწმუნა ამ დასკვნის სისწორეში,ერთადერთი რაც არ ვიცი(ჯერ ვერ ვხედავ) აქვს მას ლიდერის თვისებები? შეუძლია იყოს პოლიტიკური ლიდერი და არა მხოლოდ ეფექტური მენეჯერი?

ავტორი: ია ანთაძე
22.09.2009 01:08
მათე, მათე, როგორ არასწორად იცით ეგ ისტორია?! გარეგნულად ყველაფერი ეგრე იყო, როგორც თქვენ ყვებით, მაგრამ, სინამდვილეში, როგორ გითხრათ, – არსებითად ყველაფერი ყირამალა იყო. ეს მაშინვე ვიცოდი, როცა ეგ ამბავი მოხდა. და მაშინ ვანოზე ერთი კარგი აზრიც არ დამბადებია თავში. თუმცა, ახლა გაცილებით მაღალი აზრის ვარ (რაღაც მნიშვნელობით), ვიდრე მაგ შემთხვევის შემდეგ ვიყავი.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
22.09.2009 00:41
ვაცხადებ კონკურსს მეორე იმერეთის პოვნაზე - აგერ, როგორც ქ-ნ მანანას კომენტარიდან სჩანს. ამერიკაში მასზე არაფერი იციან და კიკილოს ფენომენით ისევე დაინტერესდნენ, როგორც თქვენი მონა-მორჩილი

იძებნება - იმერეთი!

დაბადებული - 2003 წ.
ფერი - ვარდის
განათლება - საეჭვო, მაგრამ უცხოური
აღნაგობა - ჯუნიორის
განსაკუთრებული ნიშნები - "ეკონომიკური თავისუფლების ზრდის ინიციატივა და სხვა რეალური ამბები"; ასევე სიღარიბის დედბუდიანად ამოძირკვა, საქმე ტონობით ერთ გრამ ლაპარაკზე (ოღონდ - მიშას ლაპარაკზე!), გამთლიანებული (ისე ჩვენს მტერს გოუმთლიანდა ცხვირ-პირი), ხეები, რომლებსაც ოქროები ასხია, პარლამენტი,რომელიც "ესენი ვინ არიან", პრეზიდენტი - კაცი რომელიც იცინის, და ყველაზე სანდო ორგანო - ხერხემალი...

ფორმულარი გადაგზავნილია ინტერპოლში, გაეროში და სტრასბურგში.

თუ რაიმეს ყურს მოკრავთ - გააგებინეთ kikilo-ს რომელსაც ერთი სული აქვს ეს იმერეთი გააცნოს უინიციატივო იმერეთის რეალურ მოსახლეობას...

ავტორი: kikilo საიდან გვწერთ: imereti
22.09.2009 00:28
მე კი არ უნდა მეკითხებოდეთ ეკონომიკური თავისუფლების პრეზიდენტისეულ ინიციატივაზე, არამედ ანალიტიკოს ჟურნალისტებს, რომელიც მხოლოდ მარჩიელობით ავსებენ გაზეთის ფურცლებს თუ ინტერნეტსივრცეს. ქვევით დაწერილი კომენტარების აგრესიული ტონი კიდევ ნორმალურ ადამიანს დისკუსიისთვის სულაც არ განაწყობს...

ავტორი: ია ანთაძე
22.09.2009 00:28
კიკილო, ძვირფასო, მე პოლიტიკაზე ვწერ, ეკონომიკაზე კი სხვებმა წერონ – ეგ საქმე არ ვიცი და არც მაინტერესებს. ადრეც დავწერე: ანალიზი პროგნოზით ფასობს. თუ ჩვენს რეალობაში რამე ისეთი მოხდება, რომ დღევანდელ სტატიას სისულელედ გამოაჩენს, მაშინ მომწერეთ, რაც გნებავთ. მაგრამ თუ მე აღმოვჩნდი მართალი?

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
21.09.2009 23:48
სტატიაში მოყვანილ არგუმენტებთან ერთად, სავარაუდოდ ვანო მერაბიშვილს აქვს ძალაუფლების ვერტიკალში ქვემდგომისათვის ფრიად სასარგებლო თვისება (მომიტევეთ, რომ სხვა ენაზე გადავდივარ, მაგრამ ამ თვისების არსი სწორედ რუსულად გამოითქმის მაქსიმალურად ზუსტად და ლაკონურად): ни от чего не отказываться и ни о чем не просить.
ისე, ძალაუფლების ხისტი ვერტიკალი ყველაფრით მომხიბვლელია, გარდა იმისა, რომ მთლიანადაა დამოკიდებული საკუთარ მწვერვალზე...

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
21.09.2009 23:36
kikilo-ს იმერეთიდან
------------------
"ეკონომიკური თავისუფლების ზრდის ინიციატივა და სხვა რეალური ამბები." ????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????

დიდი ბოდიში, თქვენ რომელ იმერეთში ცხოვრობთ? დასავლეთ ნახევარსფეროშიც არის იმერეთი? თქვენი იმერეთის დედაქალაქი რომელია - მონრეალი თუ ჰიუსტონი?

თუ იუმორეთიდან ხართ?

იუმორს გიქებ, კიკილო.

თუ სერიოზულად - ჩვენ აქ რეალობას არ ავსახავთ. მაგას აკეთებენ მიშავიზიები და ისე კარგად აკეთებენ, რომ თქვენ ეტყობა მათი ოხუნჯობები და დაბოლებები უკვე რეალობად გეჩვენებათ.

მსოფლიოში ბიზნესის დაწყების ამბავში მე-11 ადგილზე მყოფი ერთიანი და სიღარიბის გარეშე საქართველოს ბედნიერი ერის ჯერარდასიაფანდებული წარმომადგენელი

სოლომონ თერნალელი (ჩვენი იმერეთიდან)

ავტორი: manana საიდან გვწერთ: USA
21.09.2009 23:31
კიკილო, რას ნიშნავს "ეკონომიკური თავისუფლების ზრდის ინიციატივა და სხვა რეალური ამბები"? თქვენ გეცოდინებათ და იქნებ ჩვენც გაგვაგებინოთ.

ავტორი: kikilo საიდან გვწერთ: imereti
21.09.2009 21:25
პრეზიდენტის მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრაზე ია ანთაძემ მხოლოდ სამარჩიელო თემა დაინახა? მხოლოდ ის არის საინტერესო ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს? თუ ის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რას ნიშნავს ეკონომიკური თავისუფლების ზრდის ინიციატივა და სხვა რეალური ამბები. კარგი იქნება რეალობას ასახავდეს ანალიტიკოსად ცნობილი ჟურნალისტი

ყველაზე პოპულარული