ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 02:02

პოლიტიკა / საქართველო

სახალხო ანგარიშის არასახალხო ალგორითმი

(მარცხნიდან) მერაბ ადეიშვილი, გიგა ბოკერია და ვანო მერაბიშვილი(მარცხნიდან) მერაბ ადეიშვილი, გიგა ბოკერია და ვანო მერაბიშვილი
x
(მარცხნიდან) მერაბ ადეიშვილი, გიგა ბოკერია და ვანო მერაბიშვილი
(მარცხნიდან) მერაბ ადეიშვილი, გიგა ბოკერია და ვანო მერაბიშვილი
ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
შაბათს, 5 სექტემბერს, დედაქალაქის მთავარ გამზირზე საქართველოს მთავრობის მიერ მოწყობილი გამოფენა-ანგარიში, ერთი შეხედვით, უკვე ტრადიციად ქცეული „პი-არის“ ნაწილია. ერთმა მოქალაქემ მას „პი-არ განგაშიც“ კი უწოდა. სამინიტროებმა სტენდებზე გამოფინეს თვალისთვის მიმზიდველი მასალა, მინისტრები მოქალაქეებს გაესაუბრნენ, მსურველებმა ყუთებში ჩაყარეს წერილები, შემდეგ ეს ყუთები ვიდეოკამერების თანდასწრებით გახსნეს. ტელევიზიები მთელი დღის განმავლობაში აჩვენებდნენ გამზირზე მოსეირნე თბილისელებს და უცხოელებს. ყველა კმაყოფილი იყო და არავინ – უკმაყოფილო.

ემთხვეოდა თუ არა ერთმანეთს ამ უჩვეულო აქციის რეალური და გაცხადებული მიზნები? ან როგორი შეიძლება იყოს ამ ღონისძიების შედეგი?

არაფერი პოლიტიკური კუთხით საინტერესო ამ აქციაში არ იქნებოდა, რომ არა ერთი ინფორმაცია და ერთიც – შეკითხვა განსჯისთვის, რომელიც ბუნებრივად დაბადა მთავრობის წარმატებულმა ანგარიშმა. თანაც, ეს შეკითხვა და ინფორმაცია შინაარსობრივად ერთმანეთს ავსებს.

დავიწყოთ ინფორმაციით. დღის ბოლოს გამოცხადდა, რომ ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარება ქუჩის აქციის სახით საქართველოს სხვა ქალაქებში გაგრძელდება. დასახელდა ხუთი ქალაქი: რუსთავი, თელავი, გორი, ქუთაისი და ბათუმი. თარიღები არ დაკონკრეტებულა, მაგრამ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ხუთ ქალაქში სხვადასხვა სამინისტროს სტენდის მოწყობა, იქ ჩინოსნების ჩასვლა და ხალხთან გასაუბრება ცოტა დროს არ მოითხოვს.

ლოგიკურად გამოდის, რომ ვიდრე მთავრობა ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარების პროცესშია, მისი შეცვლა არ იგეგმება. აქვე ჩნდება შეკითხვა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ – რატომ უნდა შეიცვალოს მთავრობა, რომელიც ხალხს მოსწონს და რომლის მუშაობითაც ყველა კმაყოფილია? სწორედ იმიტომ იყო საინტერესო აქციის გაშუქება „რუსთავი 2“-ის, „იმედისა“ და „პირველი არხის“ ეთერით, რომ დაგვეზუსტებინა, გვიჩვენებდნენ თუ არა უკმაყოფილო ადამიანებს, რაც მიგვანიშნებდა, რომ სამთავრობო ცვლილებები აუცილებელია. აღმოჩნდა, რომ ყველა კმაყოფილია და, შესაბამისად, კაბინეტის გამოცვლაც შინაარსს არის მოკლებული.

ყველაფერი იქით მიდის, რომ შემოდგომაზე დაპირებული სამთავრობო ცვლილებები ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. ამ ვარაუდის გამოთქმა მაშინაც შეიძლებოდა, როდესაც ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. რადგან თუკი ორიოდე კვირაში მთელი კაბინეტი უნდა შეცვლილიყო, უფრო ლოგიკური იქნებოდა, ახალაიას დანიშვნა სხვა სამთავრობო სიახლეებში გაეზავებინათ.

ვის აძლევს ხელს მთავრობის დღევანელი შემადგენლობის შენარჩუნება? ყველაზე მაღალი ალბათობით, ასეთ ფიგურად შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა დასახელდეს. მთავრობის ამ შემადგენლობაზე ვანო მერაბიშვილის გავლენა თითქმის შეუზღუდავია და გაუგებარი იქნებოდა, მას რომ კაბინეტის შეცვლა მოეწადინებინა. თუმცა, მასმედია პერიოდულად უბრუნდება სამთავრობო ცვლილებების თემას და, ცხადია, არა საკუთარი ინიციატივით. სადღაც, დახურულ კარს მიღმა ასეთი ცვლილებების შესაძლებლობა მუდმივად განიხილება, სახელდება გვარები, თანამდებობები და ამ განხილვების შესახებ ინფორმაცია შემდეგ მედიიდან ჟონავს.

რაკი კაბინეტის შეცვლის საკითხი არც დღის წესრიგიდან იხსნება და არც წინ მიიწევს, გამოდის, გავლენიან პირთა ერთი ნაწილი დაინტერესებულია სამთავრობო ცვლილებებით, მეორე ნაწილი კი – ამ ცვლილებების დაბლოკვით. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დღეს მთავრობაში ძალუმად მოქმედებს ნიუტონის მესამე კანონი – „ქმედება იწვევს უკუქმედებას“.

სადავო არ არის, რომ ქმედების ცენტრი ვანო მერაბიშვილის კაბინეტია. სად არის უკუქმედების ცენტრი და ვინ არის უკუქმედების ცენტრალური ფიგურა? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი უცნობია. თუმცა, ის ფაქტი, რომ მასმედია მომავალ პრემიერ-მინისტრად დაჟინებით ასახელებს ზურაბ ადეიშვილის კანდიდატურას, მიგვანიშნებს, რომ უკუქმედების ცენტრი, შესაძლოა, სწორედ მისი სამუშაო ოთახი იყოს. პოლიტიკური გავლენისა და რეალური ბერკეტების მიხედვით, სამკუთხედი – სააკაშვილი-მერაბიშვილი-ადეიშვილი – ძალიან ძლიერ, მაგრამ, ამავდროულად, ყველაზე დაცულ და დახურულ სივრცეს ქმნის. ამიტომ, ამ სივრცეში მიმდინარე პროცესების შესახებ პირდაპირი ინფორმაცია არ არსებობს. სამაგიეროდ, ის ირიბი ინფორმაცია, რაც თან ახლავს აქციას – „ანგარიში – ხალხს“ – მის განგრძობად ფორმას და საინფორმაციო გაშუქებას, გარკვეული ალგორითმის მატარებლად უნდა მივიჩნიოთ. ამ ალგორითმის შინაარსი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში განუყოფელი ძალაუფლების შენარჩუნებაა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: lacho საიდან გვწერთ: Madrid
14.09.2009 00:04
ია ერთი შეკითხვა მაქვს? ნუთუ არ გყავთ ვინმე ვინც ეკონომიკურ ბლოგს წაიყვანს. არადა ეს სფერო, პოლიტიკის სფეროსთან ერთად, ყველაზე მეტად განიცდის დილეტანტიზმს და აზრობრივ პროვინციონალიზმს. იქნებ იფიქროთ ამაზე და უახლოეს მომავალში ეკონომიკური ბლოგით გამდიდრდეთ.

ავტორი: ია ანთაძე
14.09.2009 00:04
შესანიშნავი იდეაა, ხვალვე გადავცემ ჩვენებს თქვენს წინადადებას.

ავტორი: lacho საიდან გვწერთ: Madrid
13.09.2009 23:22
რაც უფრო ბევრი კვანძი ფორმირდება ჟურნალისტების სააზროვნო სისტემაში, უკეთესი იქნება. ია, შენი მოსაზრებები არ არის "ჭორაობა". ანალიტიკური ჟურნალისტიკა არ არის მხოლოდ დისკრიპტული, და თუ მასმედიის წარმომადგენელს პრესქრიპტული (ნორმატიული) აზროვნება არა აქვს, მაშინ მისი ადგილი მოამბეში ან კურიერშია. საინტერესო ვარაუდებია გამოთქმული და იმაშიც გეთანხმები, რომ არა მარტო ზოგადად ჟურნალისტიკაში, მეცნიერებაშიც იდეების ავ-კარგიანობა, მასში გამოთქმული ვარაუდების მომავალ რეალობასთან რელევანტობით იზომება.

ავტორი: ია ანთაძე
13.09.2009 23:22
დიდი მადლობა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
09.09.2009 09:38
კომპეტენტური კადრების დეფიციტის გამო, საქართველოს ყველა მთავრობაში არიან ხოლმე მინისტრები, რომელთა თანამდებობაზე ყოფნას, ქვეყნისათვის გაცილებით სჯობს მუდმივი ვაკანსიების ქონა :) მაგრამ ხომ გახსოვთ ფაზილ ისკანდერის სიტყვები: "ძალაუფლება ისეთი მაგიდაა, საიდანაც ნებაყოფლობით თითქმის არავინ დგება..." ამ ეტაპზე პირადად მე ნაკლებად ველოდები ცვლილებებს და თუ ისინი მაინც მოხდება, ვისურვებდი, რომ მათი შედეგი მხოლოდ მთავრობის ახალი წევრების ფინანსური მდგომარეობის შეცვლით არ შემოიფარგლოს.

ავტორი: mate
08.09.2009 16:05
მოვლენას ერთს ვხედავ, წარმატებული PR(public relation-"ხალხთან ურთიერთობა") აქცია, დანარჩენი მთავრობის" ცვლილებები-ბრძოლები"არის ვარაუდები და ზოგჯერ მტკიცებებიც კი ,არასოდეს სანდო წყაროს მითითებით ანუ გლეხურად რომ ვთქვათ ჭორი

ავტორი: ია ანთაძე
08.09.2009 16:05
ეს არ არის რეპორტაჟი, არის მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ანალიზი, რომელიც დაფასდება იმ პროგნოზით, რომელიც მასშია გამოთქმული. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ოღონდ, მერე – რამე რომ მოხდება, არ დამეკარგოთ.

ავტორი: mate
08.09.2009 14:02
ჩვენი მედიის საყვარელი ჭორები სწორედ საკადრო საკითხებია, ჯერ თითონ იგონებენ ,მერე განიხილავენ მერე უარყოფენ და ისევ თავიდან....ამის მიზეზი არაკომპეტენტურობაა თუ სურვილი საკუთარ თავს მნიშვნელობა შემატონ(აი მე გავიგე იქ"ზემოთ'რა ხდება ,რას ფიქრობენ..)?

ავტორი: ია ანთაძე
08.09.2009 14:02
პირადად მე არასოდეს მაინტერესებს, რას ამბობენ, მე მაინტერესებს, რას ვფიქრობ მე და ესა თუ ის მოვლენა ჩემს სააზროვნო სისტემაში სად ქმნის ახალ კვანძს.

ავტორი: კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: კავკასია
08.09.2009 13:32
მე მაინც ერთი და იგივე მაინტერესებს,- ვუყურებთ ცვლილებებს, რომლებსაც ხშირხშირად გვთავაზობენ,
ჩვენ განვიხილავთ ამას (რბილად რომ ვთქვათ) გამუდმებით, ველოდებით, თუ როდის შეიცვლებიან, რომ ბოლოს და ბოლოს დავიწყოთ "უკეთესი მომავლის შენება". ამასობაში კი პატარა ეზოში პატარა ამხანაგობაც კი ვერ ჩამოყალიბებულა, რომ საკუთარ სახლს მიხედონ. (მაგალითისათვის) ვინ პირებმა რა უნდა მოიმოქმედეონ იმისათვის, რომ გამოვიდეს ეს ხალხი ამ დესტრუქციული მდგომარეობიდან და ყოველი პატარა ნაბიჯის გადადგმა სურდეს თვითონ? მე მგონი ეს უნდა იყოს ერთადერთი პათოსი მოწოდებების (არასახელისუფლებო), საუბრების და ა. შ. და არა გაუთავებელი დაკვირვებები, აბა, ეხლა ვინ როგორ შეიცვლება. სანამ ეს პათოსი არაა თვითმოქმედებისათვის საზოგადოებაში, არაფერიც არ შეიცვლება. ამის გამოღვიძებას კი სხვადასხვა პოზიტიური მუხტის გაცემა სჭირდება, თითოეულ მიმიკაში, არათუ სიტყვაში.

ავტორი: ია ანთაძე
08.09.2009 13:32
დიახ, გეთანხმებით და ეს ორი ნაკადი ერთმაენთს ხელს არ უშლის, მგონი.

ავტორი: O.K. საიდან გვწერთ: Batumidan
08.09.2009 01:34
ია,
მაინც რა მიზანი ჰქონდა აქციას "ანგარიში ხალხს?" ის რომ ვანო მერაბიშვილმა შეინარჩუნოს დღევანდელი მთავრობა? ან ვინ დაგვპირდა ის რომ შემოდგომაზე სამთავრობო ცვლილებები იქნება?პრეზიდენტმა თუ მასმედიამ?
" რაკი კაბინეტის შეცვლის საკითხი არც დღის წესრიგიდან იხსნება და არც წინ მიიწევს, გამოდის, გავლენიან პირთა ერთი ნაწილი დაინტერესებულია სამთავრობო ცვლილებებით, მეორე ნაწილი კი – ამ ცვლილებების დაბლოკვით. "რომელია ერთი ჯგუფი ან კიდევ მეორე რომელია?მერაბიშვილი და ადეიშვილი? კიდევ?

პატივისცემით, ბათუმიდან.

ავტორი: ია ანთაძე
08.09.2009 01:34
კიდევ – არ ვიცი, ჩემო ოჩი, დანარჩენები უყურებენ, ძალა საითაც აღმოჩნდება, ისინიც იქით გადაქანდებიან. დანარჩენ კითხვებზე თქვენ თვითონვე გაქვთ პასუხი გაცემული.

ყველაზე პოპულარული