Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 000-ზე მეტი სტუდენტი მალე სწავლას შეუდგება


მისაღები გამოცდები რუსთავში
მისაღები გამოცდები რუსთავში
2009 წელს საქართველოს 29 000 აბიტურიენტიდან უკვე 20 000 სტუდენტი ჰყავს. ეს რიცხვი მეორადი ჩარიცხვების შემდეგ კიდევ გაიზრდება, რადგან დარჩენილი 7000 ვაკანტური ადგილი შესავსებია. უკვე ჩარიცხული ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტებისათვის კი საგამოცდო ციებ-ცხელება უკვე წარსულია.

ესეც ასე: მორჩა რეპეტიტორებთან სიარული, ბოლო მოეღო შუაღამემდე მეცადინეობას და იმის ფიქრიც, - ნეტა რომელი საკითხი შემხვდება, უნარების ტესტებს კიდევ ერთხელ ხომ არ ჩავხედო, ეს ამოცანა კარგად უნდა დავიმახსოვრო, - აღარ არსებობს. სკოლა და აბიტურიენტობა უკვე წარსულშია. 2009 წელს საქართველოს 29000 აბიტურიენტიდან 20000-მდე სტუდენტი გახდა. 5000-მა აბიტურიენტმა სავალდებულო საგნებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, 4000 აბიტურიენტს კი შეუძლია დარჩენილ 7000 ვაკანტურ ადგილზე ძალები ხელმეორედ მოსინჯოს. განაცხადის გაკეთების უფლება ყველა იმ აბიტურიენტს აქვს, ვინც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა იმ გამოცდაში გადალახა, რომელიც აუცილებელია კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩასარიცხად. მათთვის კი, ვისი საგამოცდო შედეგებიც 90-95 ქულას ასცდა, ვინც უკვე ნამდვილად სტუდენტია, ახალი, ძალიან მაგარი ცხოვრება იწყება - სტუდენტობა.

გურანდა მირზიაშვილი
გურანდა მირზიაშვილი პირველ ათეულში მოხვდა. აი, მისი შედეგებიც: მათემატიკაში - 96 ქულა, ინგლისურში - 99, ქართულში - 95 და უნარებში - 92. მომავალი სასწავლო წლიდან ის იესემში ბიზნესის მართვა-ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი იქნება. მერვე კლასამდე დუშეთში სწავლობდა, იქ დაიბადა და გაიზარდა, მერე იესემის სკოლა- ლიცეუმში განაგრძო სწავლა. ამბობს, დუშეთში სწავლის ისეთი მაღალი დონე იყო, თბილისში პროგრამის დაძლევა არ გამჭირვებიაო. გურანდა ახლა ქობულეთშია - ეკუთვნის დასვენება. ჩვენ იქ ვიპოვეთ: ”უპირველესი არის საკუთარ თავზე მუშაობა და, რა თქმა უნდა, კარგი პედაგოგი. ამ ორი რაღაცის გარეშე ვერაფერს შეძლებ.”

რეპეტიტორებთან არ უვლია. მეცადინეობდა თავისით და სკოლის პედაგოგების დახმარებით. მძიმე შრომამ მომიწიაო, ამბობს. თუმცა ფიქრობდა, რომ გამოცდებიდან ძალიან ბედნიერი გამოვიდოდა, საბოლოო შედეგების გაგებამდე მაინც ღელავდა. მაინც რა იყო მათემატიკის ეს მეორმოცე ამოცანა?!

”მახსოვს, ხუთი წრფივი განტოლება უნდა გვეპოვა და ძალიან ბევრი ვიფიქრე და, საბოლოოდ, მხოლოდ ორი დავწერე და სწორედ მაგ გამოცდაში დამაკლდა ქულები. უნარებში კი ისეთი შეცდომები მქონდა, რაზეც საკუთარ თავზე მე თვითონ გავბრაზდი. მაგრამ რაც არის, ეგ არის”...

ნანო მამაგეიშვილი
ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი რეგიონებიდან წამოსული სტუდენტების ნაკადით განსაკუთრებით კმაყოფილია. ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი, ამ მხრივ, იმერეთს ჰქონდა. ნანო მამაგეიშვილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალქულიანი სტუდენტია. ქუთაისის მეშვიდესკოლელი ნანო სამ საგანში ემზადებოდა - ქართულში, ინგლისურსა და მათემატიკაში. ახლა ის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტია. სანამ სწავლა დაიწყება, მშობლიურ ქალაქშია. ცოტა დაისვენა. ახლა დროს მეგობრებთან ატარებს. ხო, კიდევ, „დავით აღმაშენებელს“ კითხულობს. ვკითხეთ, იყო თუ არა ძნელი ტესტები, რომელთა სირთულეზე გამოცდების პერიოდშიც ხშირად საუბრობდნენ, და რა ახსოვს ყველაზე მწარედ: ”ისეთივე სირთულის იყო, რაც მანამდეც გვაჩვენეს საცდელ ტესტებში. განსაკუთრებული სირთულე არ აღმომიჩენია, ყველაზე ცუდად კი მათემატიკის ერთი ამოცანა მახსოვს, ორქულიანი, და სწორედ ის ორი ქულა დამაკლდა. მწყდება გული, იმიტომ რომ ადვილი იყო.“

იყო თუ არა წელს, მართლაც, რთული ტესტები? - ეს კითხვა მაია მიმინოშვილსაც დავუსვით: ” სირთულის თვალსაზრისით, ისეთივე მისაღები იყო ჩვენი ტესტები, როგორიც იყო ეს წინა წლებში. თუმცა განსხვავება იყო ის, რომ გაცილებით მეტმა აბიტურიენტმა ვერ მოახერხა მინიმალური კომპეტენციის ზღვრის დაძლევა. ამის მიზეზი მარტივია: გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - წინა წლებში იყო 15 ქულა, წელს იყო 25 ქულა ყველა გამოცდაში და 20 ქულა უცხო ენაში.”

ანა ნუსხელაძე
შევსებული უმაღლესი სასწავლებლებიდან წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს. შემდეგ მოდის ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი, აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტები. კერძო უმაღლესებში კი პირველი იესემია. რაც შეეხება პროფესიებს, პოპულარობის მიხედვით, როგორც მაია მიმინოშვილი გვეუბნება, ასეთი სურათი გვაქვს:”ჩვენი აბიტურიენტები ტრადიციას არ ღალატობენ და, ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც პოპულარულია ეკონომიკა, ბიზნესი, სამართალი - ამ მიმართულებებზე წელსაც ყველაზე დიდი კონკურსი იყო.”

კიდევ ერთი სტუდენტი, რომელიც სწორედ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ისწავლის, ანა ნუსხელაძეა. მან თბილისის ვეკუას სახელობის 42-ე სკოლა დაამთავრა. სკოლაშიც ათოსანი იყო და მისაღებ გამოცდებზეც ისეთივე მაღალ ქულებს ელოდა, როგორიც მიიღო. ის კი არა, ცოტა უკმაყოფილოც დარჩა, მეტი უნდოდა. აი, ასეთი თავდაჯერებული გოგოა ანა: ”მინდოდა გავმხდარიყავი სტუდენტი, დარწმუნებულიც ვიყავი ამაში და რაც მინდოდა, პირველიც ის ჩავწერე. ინგლისურში ვმეცადინეობდი, ოღონდ გამოცდებისთვის არა, ისე, ენის შესასწავლად.არც მათემატიკაში და ქართულში განსაკუთრებულად არ მიმეცადინია და უნარებში კიდევ ვფიქრობდი, რომ მთავარია ლოგიკური აზროვნება და რა აზრი ჰქონდა დაზეპირებას.”

ისე, გამოცდების საერთო დონით მაინცდამაინც კმაყოფილი ვერ დარჩა:”დიდად არ მომეწონა, რადგან საშუალო ქულები იყო ძალიან დაბალი და ეს მიუთითებს ერის უარყოფით მხარეზე, ჩემი აზრით. მე საკონკურსო ქულით, მგონი, პირველი ვარ და წუწუნი რომ დავიწყო, ჩემი მხრიდან არ იქნება ლამაზი, თუმცა უკეთესად შემეძლო.”

ლაშა ქავთარაძე
არა, ისე არ იფიქროთ, რომ ყველა მაღალქულიანი აბიტურიენტი, ვინც სტუდენტი გახდა, გოგო იყო. ლაშა ქავთარაძე მუხიანელია. თავიდან ჟურნალისტობა უნდოდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და მომავალ პროფესიად დიპლომატია არჩია. ლაშას კერძო მასწავლებლებთან არ უვლია. მხოლოდ იმიტომ არა, რომ საკუთარი თავის ასპროცენტიანი იმედი ჰქონდა:

” მომზადებით არ მოვმზადებულვარ, რადგან მაგის პირობები არც მქონდა, რომ რეპეტიტორთან თუნდაც ორი თვე მოვმზადებულიყავი. ვსწავლობდი ლიცეუმ ”პრომეთეში“ და ლიცეუმის ცოდნით ჩავაბარე. ისიც კი არ მეგონა, ასეულში თუ შევიდოდი.”

გარშემო მისი მეგობრების უმრავლესობა ემზადებოდა - თან, რამდენიმე საგანში. ლაშა იხსენებს, რომ ამის გამო ცოტათი კიდეც ეშინოდა: ”თითქმის 95% ემზადებოდა ჩემს გარშემო და ვფიქრობდი, რამე ხომ არ დავაკელი-მეთქი ჩემს მეცადინეობას. ხანდახან თავისუფალი დრო რომ მრჩებოდა, ეგეც მიკვირდა, რადგან გამიგია, რომ აბიტურიენტობისას გამთენიამდე მეცადინეობდნენ.“

ლაშა ქავთარაძისთვისაც ყველაზე რთული მომენტები ჩავლილია. რაც დღეს ახსოვს, უნარების გამოცდის ვერბალური ნაწილია: ”ესეთი სირთულის ტექსტები მომზადების პერიოდში არ შემხვედრია. კი ვმეცადინეობდით, მაგრამ ასეთი ტიპის ანალოგიებს არ ველოდით.”

ეროვნული გამოცდები წელს მეხუთედ ჩატარდა. რა ნაკლოვანებები დარჩა სისტემას და რა დადებითი შედეგი მოიტანა რეფორმამ, ამის შესახებ რადიო თავისუფლება შემდგომ აუცილებლად მოგითხრობთ. ეს სიუჟეტი კი პირველებს დავუთმეთ - იმ ყველაზე მაღალრეიტინგულ აბიტურიენტებს, რომლებიც მალე უნივერსიტეტების აუდიტორიებს აავსებენ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG