Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შედეგები გამოიღო პოლიტპატიმრების თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნამ


პოლიტპატიმრების გათავისუფლება ერთ-ერთი მთავარი იყო იმ თემებს შორის, რომლთა განსახილველადაც ოპოზიციის წარმომადგენლები 12 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ, გამჭვირვალე შენობაში მივიდნენ და დაკავებულთა სიაც წარადგინეს. წინასწარვე ცხადი იყო, რომ ხელისუფლება მათ ”პოლიტპატიმრებად” არ აღიარებდა, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრმა ოპოზიციის წარმომადგენლებს საკითხის შესწავლის პირობა მისცა, სავარაუდო ვადად კი, დაახლოებით, ერთი კვირა დასახელდა. აქვე გავიხსენოთ, რომ შეხვედრაში მონაწილეობდნენ არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის, დაახლოებით, 10 პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. რა შედეგები მოჰყვა 12 აგვისტოს შეხვედრას და რატომ არ იზიარებს ოპოზიცია ბრალდებას პოლიტპატიმრების სიის შერჩევითი წესით დაკომპლექტებასთან დაკავშირებით?

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრიდან ერთი კვირის თავზე პოლიტპატიმრების გათავისუფლების პერსპექტივაზე ”ზომიერი ოპტიმიზმით” ლაპარაკობს ირაკლი ალასანიას პარტიის, ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების”, გენერალური მდივანი ზურაბ აბაშიძე. გვარებს არ ასახელებს, მაგრამ, მისი ინფორმაციით, აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის პროცესი უკვე შეეხო, დაახლოებით, ათ დაკავებულს, რომლებიც, სავარაუდოდ, ძალიან მალე გათავისუფლდებიან. ჯერჯერობით გაურკვეველია იმ პირების ბედი, რომლებიც ასევე მოიხსენიებოდნენ 12 აგვისტოს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის გადაცემულ 50-კაციან სიაში:

”ზოგ მათგანთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება; ზოგს კი უკვე მისჯილი აქვს; ზოგის მიმართ ნაწილობრივ იცვლება აღმკვეთი ღონისძიება; ნაწილს გაუვიდა უკვე პატიმრობის ვადა და გამოდიან... ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა გათავისუფლდეს, მაგრამ ნამდვილად ვერ გეტყვით, ვის როდის გაათავისუფლებენ. ეს არ არის მარტივი პროცესი... დანარჩენი ვნახოთ, დაველოდოთ.”

ზურაბ აბაშიძის მიერ ნახსენებ პროცესს ეჭვის თვალით უყურებს პარტია ”მომავალი საქართველოს” ლიდერი. გიორგი ლაღიძემ 20 აგვისტოს პრესკონფერენცია საგანგებოდ გამართა, რომ ეთქვა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა მინისტრს შერჩევითი წესით დაკომპლექტებული პირების სია გადასცესო. მიკერძოების ბრალდება ”მომავალი საქართველოს” ლიდერმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისასაც გაიმეორა:

”ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციონერებმა რატომღაც პირადი სიმპათიებით იხელმძღვანელეს და თავიანთი პარტიების წევრები გამოაცხადეს პოლიტპატიმრებად, მაშინ როცა ქვეყანაში გაცილებით მეტია პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანი და ისინი არ აღმოჩნდნენ პოლიტპატიმართა სიაში.”

გიორგი ლაღიძე აღშფოთებულია იმ ფაქტის გამო, რომ ამ სიაში ვერ იპოვა, მაგალითად, ნორა კვიციანი და კიდევ სხვა არაერთი პირი, რომელთა გათავისუფლებასაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები წლების მანძილზე მოითხოვდნენ.

ლაღიძის ბრალდებებს არ იზიარებს ”თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი ზურაბ აბაშიძე, რომელიც პირადად მონაწილეობდა 12 აგვისტოს გამართულ შეხვედრაში და კარგად ახსოვს, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების უფრო ფართო სიაზე და მათი გათავისუფლების აუცილებლობაზე შინაგან საქმეთა მინისტრს იმ დღეს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ელაპარაკებოდა. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა კი ვანო მერაბიშვილს აქციებზე ან აქციებთან მიმართებით სხვადასხვა მიზეზით დაკავებული თავიანთი აქტივისტების გათავისუფლება მოსთხოვეს. ”ჩვენ არ ვქმნით ილუზიას და იმ ფონს, რომ ჩვენ ყველას გავათავისუფლებთ ციხეებიდან, ვინც დღეს პატიმრობაშია პოლიტიკური ნიშნით. ამას ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებთ, ვიდრე ქვეყანაში ეს ავტორიტარული რეჟიმი იქნება. ჩვენ სწორედ ეს სისტემა გვინდა შევცვალოთ და ამ პროცესებში ვართ ჩაბმული.”

ერთ-ერთი მთავარი სათქმელი, რაც 12 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისულ ოპოზიციონერებს ჰქონდათ, იმ სისტემის დემონტაჟის აუცილებლობას შეეხებოდა, რაც პოლიტპატიმრებს წარმოშობს. ”ჩვენ მზად ვართ ვიმონაწილეოთ ამ პროცესში”, - თქვა იმ დღეს რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა. კონკრეტულად დემონტაჟზე ყურადღება არ გამახვილებულა, მაგრამ სამართალდამცველი სტრუქტურების მაღალჩინოსნებმა 12 აგვისტოს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ყველა პრობლემა დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს. აქვე მათი მხრიდან დაიდო პირობა, რომ მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება. ოპოზიცია საქმის კიდევ უფრო წინ წაწევის შემდეგ შანსს ელოდება, თუმცა მომდევნო შეხვედრის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG