Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ახერხებენ ჩეხეთისა და გერმანიის მთავრობის ნაჩუქარი ფულით ნებაყოფლობით დაბრუნებული მიგრანტები


ქართველი მიგრანტები გერმანიაში
ქართველი მიგრანტები გერმანიაში
”მეათე სტუდია” დღეს წარმოგიდგენთ მესამე ნაწილს ჩვენი ჟურნალისტური გამოკვლევისა, რომელიც არალეგალურ და ლეგალურ მიგრაციას ეხება. ვნახავთ, შეიცვალა თუ არა მარშრუტი, რომლითაც ქართველი მიგრანტები დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მიდიოდნენ; არის თუ არა ჩეხეთი კვლავ სატრანზიტო ქვეყანა ქართველებისათვის; გავიგებთ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ რა გადაწყვეტილება მიიღეს დასავლეთის ქვეყნებმა მიგრანტების სამშობლოში დასაბრუნებლად.

2001-2002 წლებში ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი, რომლითაც ქართველი მიგრანტები გერმანიასა და ავსტრიაში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში ხვდებოდნენ, ჩეხეთზე გადიოდა. ქართველების ნაწილი იქ არალეგალად რჩებოდა. ბოლო რამდენიმე წელია, ჩეხეთის ევროკავშირში შესვლის შემდეგ, ეს ტენდენცია შეიცვალა. ჩეხეთმა მეტ-ნაკლებად დაკარგა ტრანზიტული ქვეყნის როლი და თავად გახდა მიმღები ქვეყანა - განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპის - ყოფილი საბჭოთა კავშირის - ქვეყნებისათვის. ჩეხეთის შსს-ს მიგრაციული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი პავლა ნოვოტნა გვეუბნება, რომ ჩეხეთი ემიგრანტებისთვის მიმზიდველ ქვეყნად 90-იანი წლების დასაწყისში იქცა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანას დაახლოებით ნახევარი მილიონი მიგრანტი ჰყავს. მათ შორის, მცირე წილი ქართველებზე მოდის.

”ჩეხეთში ჩამოსული 450 000 მიგრანტიდან 80% ეკონომიკურად აქტიურია. შესაბამისად, მათი ჩეხეთში მიგრაციის მიზანი სწორედ მუშაობა იყო.

საქართველო, - გვეუბნება პავლა ნოვოტნა, - იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ჩეხეთის მიმართულებით მიგრაცია მაღალია, მეჩვიდმეტე ადგილზეა.პირველ სამ ადგილს იყოფენ სლოვაკეთი, უკრაინა და ვიეტნამი.

ემიგრაციას საქართველოდან ჩეხეთში არა აქვს ისეთი მასშტაბები, რომ ქვეყნების პირველ ათეულში შედიოდეს. თუმცა მიგრაციის ბუმი საქართველოდან 6-7 წლის წინ ნამდვილად იყო. ძირითადად, თავშესაფრის მაძიებლები იყვნენ. თუმცა დღეს ეს აღარ არის აქტუალური. ბოლო სტატისტიკით, ჩეხეთის ტერიტორიაზე სულ 734 ლეგალი ქართველი ცხოვრობს.”

ზუსტი მონაცემები, რამდენი ქართველი ცხოვრობს ჩეხეთში, არ არსებობს. ცნობილია ის, რომ ეკონომიკური კრიზისის შემდეგ უამრავმა მიგრანტმა დაკარგა სამსახური. მათი ნაწილი ე.წ. „ნებაყოფლობით დაბრუნების“ პროგრამაში მოხვდა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო მათ სამშობლოში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს და 500 ევროს უხდის. ეს პროგრამა, რომელსაც ჩეხეთის შს სამინისტრო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებდა, 2000 მიგრანტის სამშობლოში დაბრუნებას ითვალისწინებდა. მიგრანტების ნაწილი, ვისაც დარჩენის და სამსახურის პოვნის არანაირი შანსი არ ჰქონდა, ამ წინადადებას დასთანხმდა. ხუთასი ევროთი რაიმე ბიზნესის წამოწყება თითქმის შეუძლებელია,

მაგრამ ჩეხეთის რესპუბლიკას ამ ეტაპზე მიგრანტებისათვის მხოლოდ ამ თანხის შეთავაზება შეეძლო:

”ჩვენ ვიცით, რომ ეს თანხა არ არის ძალიან დიდი და რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნები ახერხებენ 3000 ევროდან 11 000 ევრომდე გადაუხადონ მიგრანტებს, რომლებიც ნებაყოფლობით ბრუნდებინ უკან, სამშობლოში, მაგრამ ეს ჩეხეთში შეუძლებელია.”
ამ ერთჯერადი ფულადი დახმარების გარდა, კიდევ ერთი პროგრამა, რომელსაც ჩეხეთი საქართველოში უკვე რვა წელია ახორციელებს, ე.წ. რეინტეგრაციის პროგრამაა, რომელიც საქართველოში დაბრუნებულ ადამიანებს ადგილზე დამკვიდრებასა და დასაქმებაში ეხმარება. ასეთი ცენტრები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებს.

ჩეხეთის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ლუსი სლადკოვა ფიქრობს, რომ, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ფულის მიცემა და სამშობლოში გაშვება საკმარისი არ არის:

”ჩვენ დავიწყეთ ქართველების ნებაყოფლობით სამშობლოში დაბრუნების პროცესი. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მხოლოდ ნებაყოფლობით დაბრუნებას კურირებს. ჩვენ გვჯერა, რომ მიგრაციის კანონის დარღვევა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და არალეგალ მიგრანტებსაც უნდა ჰქონდეთ სამშობლოში ღირსეულად დაბრუნების უფლება, როგორც ჩვეულებრივ მგზავრებს. ჩვენ დავაბრუნეთ დაახლოებით ასი ქართველი ამ პროგრამით და მივხვდით, რომ დაბრუნებას მათი რეინტეგრაციის გარეშე სუსტი შედეგი აქვს.”

ზემოთ ნახსენები რეინტეგრაციის პროგრამა ამ ადამიანების პროფესიულად გადამზადებასაც ითვალისწინებდა. შედეგი ყოველთვის ასპროცენტიანი არ იყო, მაგრამ ლუსი სლადკოვას ახსოვს რამდენიმე მაგალითი:

”ჩვენ მოვინახულეთ საქართველოში ამ პროგრამით დაბრუნებული დაახლოებით ათი ადამიანი, რომლებიც ისევ თბილისში დაგვხვდნენ და იყვნენ საკმაოდ ბედნიერები, რომ ჰქონდათ ახალი სამსახური. მახსოვს, ერთი მამაკაცი, რომელიც ადრე ფეხსაცმელების კომპანიაში დავასაქმეთ უმნიშვნელო ადგილზე, მოგვიანებით ფეხსაცმელების მწარმოებელი ერთ-ერთი დიდი კომპანიის დიზაინერი გახდა და ახლა თბილისის ერთ-ერთ ფეხსაცმელების საფირმო მაღაზიაში მუშაობს.”

სლადკოვას ინფორმაციით, ჩეხეთში მცხოვრები ქართველების დიდ ნაწილს საკუთარი მცირე ბიზნესი აქვს. მაგალითად, აქვთ ოქროულობის მაღაზიები. კრიზისის დაწყების შემდეგ ბევრმა ქართველმა ჩეხეთში საქმიანობა შეწყვიტა.

მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან ჩეხეთის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას სულ სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების 1800-მა მსურველმა მიმართა, თუმცა მიგრანტების დაბრუნების პროგრამას ჩეხეთის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაში მაინცდამაინც დადებითი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მოქალაქეობის, სამოქალაქო და ადამიანის უფლებათა საკონსულტაციო ცენტრის იურისტის პაველ ინსკშის შეფასებით, სახელმწიფოსთვის ასეთი მიგრაციული პოლიტიკა მომგებიანი არ არის:

”თუ ვინმეს სახლში დაბრუნება სურს და ამისთვის სახელმწიფოსგან ფულს იღებს, ეს, შესაძლოა, ცუდი არ იყოს, მაგრამ არის თუ არა ეს კარგი სისტემისთვის? ანუ რამდენად მომგებიანია სახელმწიფოსთვის ეს იდეოლოგია? რაც მიგრანტებმა, კრიზისის შემდეგ, სამსახური დაკარგეს, მათ უთხრეს, უცხოელებო, წადით სახლში, ჩვენ სამუშაო აღარ გვაქვს - კარგი დრო დასრულდა, წადით სახლშიო...”

პაველ ინსკშის არგუმენტაცია შემდეგნაირია: მოხალისეთა პროგრამა 2000 ადამიანისთვის გაკეთდა. რამდენად სასარგებლოა ეს პროგრამა, კითხულობს ის, მაშინ როცა კრიზისის დაწყების შემდეგ უმუშევრების რაოდენობა გაცილებით გაიზარდა, ხოლო ხუთას ევროს მხოლოდ უცხოელები იღებენ? ჩეხებს კი, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, არაფერი მიუღიათ. თუ ხალხს ეს არ მოსწონს, ხოლო სახელმწიფო ამ ტიპის პროგრამებს მაინც ხელს უწყობს, ეს არ არის კარგი ტენდენცია, - ამბობს იურისტი და საკუთარ ვარიანტს გვთავაზობს:

”მე ვარჩევდი, რომ უცხოელებს ჰქონდეთ ისეთივე უფლებები, როგორიც ადგილობრივ ჩეხებს აქვთ, სოციალური დაცვის ისეთივე სისტემა, უმუშევრობის დახმარების იგივე თანხა და ა.შ. ანუ იმავე ხასიათის დახმარება, რაც ჩეხეთის მოქალაქეებს აქვთ.”

თბილისში მოქმედებს ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება, რომელიც საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნებული ადამიანებისათვის გამოყოფილი თანხის სწორად განკარგვას უზრუნველყოფს. საზოგადოების თავმჯდომარე ნანა ნაზაროვა გერმანიიდან ნებაყოფლობით დაბრუნებულ მანანა მაკაროვას კუთვნილ 3000 ევროს რამდენიმე თვის განმავლობაში მის საკუთარ ანგარიშზე ურიცხავდა. ნანა ნაზაროვა ამბობს, რომ ერთჯერადი თანხა ჩამოსულ ადამიანებს მხოლოდ თავის გასატანად ჰყოფნით:

”ჩემი დაკვირვებით, მხოლოდ ფულადი დახმარება ამ ადამიანების რეინტეგრაციისათვის საერთოდ არ არის საკმარისი.”
ნაზაროვას მოჰყავს აფხაზეთიდან დევნილი ერთი ოჯახის მაგალითი. ეს ადამიანები ასევე გერმანიიდან დაბრუნდნენ ნებაყოფლობით:

”ქმარი, ცოლი და ორი შვილი, რომლებიც დაბრუნდნენ საქართველოში. მათ აჩუქეს ფული მიკროავტობუსის საყიდლად, რომ რაღაც ბიზნესი წამოეწყოთ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. შემდეგ მოუწიათ ამ ავტობუსის გაყიდვა.”

როგორც ზემოთ ითქვა, ევროპის სხვადასხვა ქვეყანა ნებაყოფლობით დაბრუნების მოსურნე მიგრანტებს სხვადასხვა თანხას უხდის. თუ ჩეხეთის შემთხვევაში ეს ხუთასი ევროა, გერმანია ორწლიან პროგრამას ახორციელებს და მიგრანტებს 3000 ევროს უხდის. ეს თანხა მიიღო მანანამაც, რომელიც გერმანიაში თავიდან ოპერად მუშაობდა, შემდეგ ლტოლვილად ჩაბარდა, ბოლოს კი ვიზა აღარ გაუგრძელეს და იძულებული გახდა სამშობლოში წამოსულიყო. ახლა ის სოფელ ქისტაურში ცხოვრობს, არ მუშაობს. მისი ამბავიც სხვა ათასობით წასული ქართველის ამბავს ჰგავს:

” სულ ორი წელი ვიყავი. აქედან ერთწლიანი ვიზა მქონდა, შემდეგ ლტოლვილად ჩავბარდი, მაგრამ მერე წერილი მოვიდა, შენი აქ დარჩენა მეტი აღარ შეიძლებაო და შენი ნებით წადიო...”

გერმანიის მთავრობის მიერ მიცემული 3000 ევრო რა ხანია დაიხარჯა. მანანას ორწლინახევრის ბავშვი ჰყავს. მისი ქმარი, რომელიც გერმანიაში გაიცნო და ეროვნებით ინდოელია, მასთან ერთად ქისტაურში ცხოვრობს. ორივენი ისევ წასვლაზე ფიქრობენ, რადგან საქართველოში ცხოვრება ვერა და ვერ ააწყვეს:

”გვინდა წასვლა. აქ ვერაფერი ავაწყვეთ, სამსახური ვერ ვიშოვეთ, მაგრამ არ ვიცი - ალბათ, ჯერ ვერ მოვახერხებთ ამ უფულობის გამო.”

ევროპის ქვეყნები ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამებს კვლავ აგრძელებენ, თუმცა ქართველები საქართველოში მხოლოდ უკიდურესი გაჭირვების შემთხვევაში ბრუნდებიან, შემდეგ კი ისევ ეძებენ ლეგალურ თუ არალეგალურ გზებს უკან დასაბრუნებლად.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG