Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვისა და საგარეო უწყებები საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებენ


აშშ-ის სენატის სხდომა
აშშ-ის სენატის სხდომა
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის საქმეთა ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა თემაზე ”საქართველო - ერთი წელი აგვისტოს ომიდან”. კომიტეტის წევრების წინაშე გამოსვლისას, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდერ ვერშბოუმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ გამორიცხავს საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის სისტემების მიწოდებას. ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი.

“ჩვენ არ ვაღიარებთ გავლენის სფეროების კონცეფციას. მხარს ვუჭერთ საქართველოსა და სხვა ქვეყნების უფლებას, თავად აირჩიონ სასურველი ალიანსი. ამავდროულად, მოვუწოდებთ საქართველოს, გამოიჩინოს სტრატეგიული მოთმინება და იღონოს ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია მორიგი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და გულმოდგინედ განაგრძოს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარება. აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ერთი მილიარდი დოლარის დახმარებიდან დაახლოებით 44 პროცენტი უკვე დახარჯულია” - განაცხადა გორდონმა. მისი განმარტებით, აშშ მუშაობს, რომ დარჩენილი თანხა მიმართული იყოს საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობისკენ, იძულებით ადგილნაცვალი პირების საჭიროებათა დაკმაყოფილებისკენ და რომ საქართველოს შესთავაზოს კაპიტალდაბანდებები ქვეყნის აღსადგენად.

ფილიპ გორდონი ბევრ საკითხს შეეხო, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო მხარდაჭერას: ”ჩვენ ვინარჩუნებთ საერთაშორისო ერთობას, როცა მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, უკან დახიოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე და ხელი შეუწყოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელ შესვლას. ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა მოვუწოდეთ რუსეთის ძალებს, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ საქართველოს ეს რეგიონები, ხელი შეუწყონ კანონის უზენაესობას და პატივი სცენ ადამიანის უფლებებს”.

ფილიპ გორდონის განცხადებით, აშშ კვლავაც მოუწოდებს რუსეთს, მხარი დაუჭიროს საქართველოში საერთაშორისო მისიების ყოფნას, რაც შეამცირებდა კონფლიქტის საფრთხეს და იქნებოდა გარე სამყაროსთან კონტაქტის საშუალება სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის, მათ შორის გალში მცხოვრები, სულ ცოტა, 40 ათასი ეთნიკური ქართველისთვის.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, გორდონმა ისაუბრა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის საქმიანობაზეც, მოუწოდა რუსეთსა და სეპარატისტებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე დაკვირვების საშუალება მისცენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მიმოიხილა საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარებაც.

ბოლო თვეებში საქართველოში მომხდარ მოვლენებზე
ფილიპ გორდონი
ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ მთავრობაცა და პროტესტის მონაწილეებიც უმეტესწილად მშვიდობიანად და წესრიგის დაცვით მოქმედებდნენ, მიუხედავად გარკვეული ძალადობისა ორივე მხარეს. გორდონის თქმით, "საპროტესტო გამოსვლები ასახავს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების საჭიროებას რიგ სფეროებში, როგორიც არის მედიის დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობის განმტკიცება (სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის გზით), პოლიტიკური პლურალიზმი, გაძლიერება და გააქტიურება სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელსაც მთავრობასთან თანამშრომლობის მეტი საშუალება ექნებოდა."

ფილიპ გორდონმა მოუწოდა მთავრობას, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას, "ითანამშრომლონ დემოკრატიული რეფორმისა და ძლიერი, სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისათვის, მათ შორის ხელისუფლების შტოთა შორის ინსტიტუციონალური ბალანსის გაზრდის, საარჩევნო პროცესის გაძლიერების, პოლიტიკური პლურალიზმის, სამოქალაქო მონაწილეობისა და მედიის სფეროებში. ამგვარად მოამზადონ საქართველო ძალაუფლების პირველი, ვადის დასრულების შემდგომი გადაცემისთვის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას."

გორდონმა ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობასაც, რომელიც, მისი თქმით, ბოლო წლის მანძილზე კონცენტრირებული იყო თავდაცვის სფეროს რეფორმირებასა და მოდერნიზაციაზე. “ეს მიდგომა ხაზს უსვამს დოქტრინას, ნატოსთან ურთიერთმოქმედებას, ინგლისურენოვან წვრთნას და საქართველოს ძალების აღჭურვას ნატოს ოპერაციებში მონაწილეობისთვის, მათ შორის - მომავალში - ავღანეთში განლაგების პერსპექტივის გათვალისწინებით. მიმდინარე წელს საქართველო საფრანგეთის ძალებთან ერთად ავღანეთში განათავსებს ქვეით ასეულს და დაპირებული აქვს, რომ 2010 წლის დასაწყისში ბატალიონს გაგზავნის ავღანეთში ნატოს ძალისხმევის მხარდასაჭერად. ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოსი ამ მნიშვნელოვან მისიაში მისი წვლილისთვის, ისევე, როგორც უფრო ადრე ერაყში 2000 ჯარისკაცის გაგზავნისთვის, და გვჯერა, რომ საქართველოს ამგვარი მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში ხელს შეუწყობს ჩვენი საერთო უსაფრთხოების მიზნების მიღწევას და გაზრდის ნატოში გაწევრიანებისთვის საქართველოს მზადყოფნას."

ამასთან, გორდონმა განაცხადა, რომ რუსეთის მუქარა არ შეუშლის ხელს შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენას თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესების სფეროში:
”საქართველოს შეიარაღებაზე ემბარგო არ არსებობს. საქართველოს შეიარაღებაზე ემბარგო არ უნდა არსებობდეს. საქართველოს აქვს თავდაცვის უფლება და ჩვენ ამას მტკიცედ ვემხრობით. ჩვენი პოზიციაა, მათ დავეხმაროთ საკუთარი თავის უკეთ დაცვის უნარის მოპოვებაში. და მაშინ, როცა ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით მის სხვადასხვა ასპექტს განვიხილავთ, რუსების მუქარა სანქციებით არ არის ის, რასაც ჩვენ ანგარიშს ვუწევთ და რაც გავლენას მოახდენს ჩვენს თანამშრომლობაზე საქართველოსთან მისი თავდაცვის სფეროში.”

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის საქმეთა ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე სახელწოდებით "საქართველო - ერთი წელი აგვისტოს ომიდან", პირველ რიგში, სწორედ სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდერ ვერშბოუმ:

”პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ [საქართველოს მხრიდან] არც ერთ თხოვნაზე არ გვითქვამს უარი. ომის შემდეგ სულ რამდენიმე კვირაში დავიწყეთ ქართველებთან მუშაობა გონივრულ, ეტაპობრივ სტრატეგიაზე მათი თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესების, და ევრო-ატლანტიკური სტანდარტების შესაბამისი მოდერნიზაციის მიზნით.” - განაცხადა ვერშბოუმ, და დასძინა:

"როგორც ორივემ აღვნიშნეთ ჩვენს გამოსვლებში, ვთვლით, რომ ეს სეპარატისტული კონფლიქტები სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება. საქართველო ამას გრძელვადიანი პერსპექტივით უნდა მიუდგეს, და სტრატეგიული თავდაჭერა და მოთმინება უნდა გამოამჭღავნოს. ჩვენი აზრით, ეს არის ის ზომები, რომელიც უნდა გატარდეს - და ამას ქართველებიც იზიარებენ, როგორც ამას ევროპაში შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობის შეფასება ადასტურებს. ჩვენ ისეთი ნაბიჯებით უნდა დავიწყოთ, როგორიცაა კონტინგენტის რეფორმა, სამხედროების განათლების და პროფესიული სტანდარტების ამაღლება. მათ დოქტრინის გადაწერაში უნდა დავეხმაროთ, რათა თავდაცვის ზოგადი გეგმა შეიმუშავონ და გაუმჯობესებული ეროვნულ-სამხედრო სტრატეგია შეადგინონ. ეს კი დროთა განმვალობაში მათი შესაძლებლობების მოდერნიზაციის საფუძველს შექმნის. ამდენად, მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენი პრიორიტეტებია პროფესიონალიზაციისა და წვრთნის პროგრამები, მაგრამ როდესაც ამ მომზადების შედეგად აღჭურვილობის ათვისების შესაძლებლობა მოიმატებს, შესაძლოა დახმარება სხვა ფორმით განხორციელდეს. გამორიცხული არაფერია - მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ საკითხს ეტაპობრივად უნდა მივუდგეთ, და მიგვაჩნია, რომეს საკითხი საქართველოს მთავრობასაც ესმის."

აღსანიშნავია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის გუშინდელი განცხადება, რომ აშშ ასრულებს "საკვანძო როლს საქართველოს სამხედრო მანქანის ხელახლა შეიარაღებაში". კარასინმა აღნიშნა აგრეთვე, რომ აშშ-ის დახმარება არ უპასუხებს საქართველოს დემოკრატიის ინტერესებს.

ალექსანდერ ვერშბოუ
სენატის საგარეო ურთიერობათა კომიტეტში გამოსვლისას, 4 აგვისტოს, ალექსანდერ ვერშბოუმ განაცხადა: ”ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს გვერდში დგომას და გავაღრმავებთ მხარდაჭერას ამ ქვეყნისა და მისი ხალხისადმი. ეს მხარდაჭერა ბრმად არ ხორციელდება და ჩვენ მას მოვარგებთ საქართველოს ხალხის საჭიროებას, რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებას და საქართველოში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას”.

ვერშბოუს თქმით, რუსეთის საზღვრებთან სტაბილური დემოკრატიების არსებობა არა მხოლოდ ევროპის, არამედ რუსეთის უსაფრთხოებასაც წაადგება. "ამ სულისკვეთებით, ჩვენ ერთგული ვრჩებით ჩვენი მისწრაფებებისა", დასძინა ვერშბოუმ, "და განვაგრძობთ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან პარტნიორული შესაძლებლობების შენებისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის ძლიერი პროგრამების მხარდაჭერას. ეს პროცესი არ დაზარალდება რუსეთთან ურთიერთობის ”გადატვირთვის” გამო. რუსეთთან კარგი ურთიერთობები და მის მეზობლებთან თანამშრომლობა ერთმანეთს არ გამორიცხავს."

სენატის კომიტეტის წინაშე გამოსვლა ალექსანდერ ვერშბოუმ გამოიყენა აშშ-საქართველოს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის განმარტებისთვის, რაც იყო ერთგვარი პასუხი რუსეთის ბოლოდროინდელ განცხადებებზე: ”აშშ-ს არ ”გადაუიარაღებია” საქართველო, როგორც ზოგიერთი აცხადებს. აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ არ მიუწოდებია ლეტალური იარაღი საქართველოსთვის. აშშ-ის ერთმილიარდიანი დახმარების პაკეტის არც ერთი ნაწილი არ ყოფილა მიმართული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსკენ” - აცხადებს ვერშბოუ. მისი განმარტებით, აგვისტოს ომის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო მეთოდურად, ამავე დროს, მოთმინებით და სტრატეგიულად უდგება საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შარშანდელი აგვისტოს “კონფლიქტის შემდეგ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობა მრავალი თვის მანძილზე სწავლობდა საქართველოს არმიის მდგომარეობას, რამაც შექმნა საფუძველი საქართველოს საჭიროებების დასადგენად. დავადგინეთ, რომ რუსეთის შეჭრამ დააზარალა საქართველოს შესაძლებლობები, ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა. კონფლიქტმა წარმოაჩინა ბევრი, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს მანამდე გაუცნობიერებელი ან უგულებელყოფილი ნაკლოვანება. პრაქტიკულად, ყველა სფეროში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებებში, სტრატეგიებში, დოქტრინასა და პროფესიული სამხედრო სწავლების სფეროებში სერიოზული ნაკლოვანებები გამოვლინდა. ამაზე დაყრდნობით, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ თავდაცვითი ინსტიტუტების მშენებლობაზე, თავდაცვის სექტორის რეფორმაზე და სტრატეგიული და საგანმანათლებლო საფუძვლების შექმნაზე, რაც ხელს შეუწყობს აუცილებელ სწავლებას, განათლებას და სამხედრო ძალების სტრუქტურის რაციონალურ დაგეგმვასა და აღჭურვას. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს თანამედროვე, დასავლეთზე ორიენტირებული, ნატოსთან ერთად მოქმედების, ტერიტორიის დაცვისა და კოალიციის მოქმედებაში წვლილის შეტანის უნარის მქონე შეიარაღებული ძალების შექმნისკენ სვლაში."

სენატში გამართულ მოსმენაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივაზეც დაისვა შეკითხვა - რა კეთდება იმისათვის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ. ალექსანდერ ვერშბოუს პასუხი ასეთი იყო:

”პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს გრძელვადიანი პრობლემაა - ეს საკითხი რამდენიმე წელიწადში არ გადაიჭრება. ომამდეც არსებობდა ღრმა უთანხმოებები, რომელთა გადალახვა რთული იყო. ახლა კი ვთვლი, რომ რაიმე გზის დასახვა კიდევ უფრო გართულებულია. ვფიქრობ, საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიზაცია, ისევე როგორც წარმატებული ეკონომიკური რეფორმები - რომლებიც უკვე დაწყებულია, და საკმაო ეკონომიკური ზრდაც მოიტანა. ამის შედეგად საქართველო ერთგვარი მიმზიდველი მაგნიტი იქნება, რომელთან კვლავ გაერთიანებაც მოუნდებათ სეპარატისტულ რეჟიმებს წლების შემდეგ. მანამდე კი ჩვენ გვინდა რომ ადამიანურ კონტაქტებს შევუწყოთ ხელი, რათა მათ კვლავ გაიცნონ ერთმანეთი. ისინი ხომ განცალკევებით ცხოვრობენ ადრეულ 90-იან წლებში მომხდარი სისხლიანი კონფლიქტების შემდეგ. ასეთი კონტაქტები უნდობლობის და ეჭვების გაქარწყლებას შეუწყობს ხელს.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG