შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 09:59

რუბრიკები / მეათე სტუდია

ქართველი მიგრანტები გერმანიაში - მიუნხენი

მიგრანტები მიუნხენის ქართულ ეკლესიაში მიმავალ ავტობუსშიმიგრანტები მიუნხენის ქართულ ეკლესიაში მიმავალ ავტობუსში
x
მიგრანტები მიუნხენის ქართულ ეკლესიაში მიმავალ ავტობუსში
მიგრანტები მიუნხენის ქართულ ეკლესიაში მიმავალ ავტობუსში
ტექსტის ზომა - +
გერმანია ის ქვეყანაა, სადაც საქართველოდან გადახვეწილი ქართველების დიდი ნაწილი ცხოვრობს. გზა, რომელსაც იქ დასამკვიდრებლად ქართველები გადიან, არც ისე იოლია, მით უფრო, ბოლო წლებში, როცა გერმანიის მთავრობა ყოველწლიურად ამკაცრებს მიგრაციასთან დაკავშირებულ კანონებს. გთავაზობთ პირველ წერილს ციკლისა, რომელიც ჟურნალისტურ მოკვლევას ეფუძნება. ეს მოკვლევა სამ ქვეყანაში ჩატარდა - საქართველოში, ჩეხეთსა და გერმანიაში და ეხება ლეგალური და არალეგალური მიგრაციის პრობლემებს.

მიუნხენში მცხოვრებ ქუთაისელებს არ უკითხავთ, აშენდა თუ არა ხიდი მათ ქალაქში. "მიმინოს" პერიოდისგან განსხვავებით, ახლა მათ სამშობლოსთან, ოჯახებთან ყოველდღიური აქტიური კონტაქტი აქვთ და ისიც იციან, როგორ გამოიყურება მათი ქალაქი. გერმანიაში ოფიციალურად, როგორც იქაური ქართული დიასპორის ხელმძღვანელი ლერი დათაშვილი გვეუბნება, 15 000 ქართველი ცხოვრობს. ეს, ვინც რეგისტრირებულია, არალეგალი ქართველების საერთო რაოდენობა კი 50 000-ს აღწევს. ძირითადი ნაწილი სტუდენტები და ოჯახებში მომუშვე ხალხია - ე.წ. ოპერებად წასული ახალგაზრდობა.
არალეგალებს ქართულ დიასპორასთან ნაკლები შეხება აქვთ:

ლერი დათაშვილი
”არალეგალებთან ნაკლები შეხება გვაქვს, რადგან ეკლესიაში იშვიათად მოდიან. თუმცა ხანდახან არის შემთხვევები, ტელეფონით გვიკავშირდებიან ხოლმე.”

სატელეფონო ზარების მიზეზი, როგორც წესი, დახმარების თხოვნაა. დათაშვილი ვარაუდობს, რომ რუსეთის, ამერიკის, საბერძნეთის, თურქეთის შემდეგ გერმანიაა ის ქვეყანა, სადაც ამდენი ქართველი ცხოვრობს.

ქართველების პოვნა ადვილია - მიუნხენში არის ერთი ადგილი, საიდანაც ავტობუსი მიუნხენის ქართულ ეკლესიამდე მიდის და ამ ავტობუსში ყველა ქართველია.

ლევან ებრალიძეც ამ ავტობუსში ვიპოვეთ. ის წელიწადი და რვა თეა უკვე გერმანიაშია. დღეს კვირაა და ეკლესიაში მიდის. მანაც ის გზა გაიარა, რაც ბევრმა ქართველმა: თავიდან ოჯახში მუშაობდა, შემდეგ ენის კურსებზე იარა და ახლა სტუდენტობისთვის ემზადება. ვკითხეთ, რამდენად ძნელია მამაკაცებისთვის სამსახურის პოვნა და სად მუშაობს თავად, რადგან, სტატისტიკით, ემიგრანტების უმრავლესობა ქალია:

”მე გაზეთების გამანაწილებელ ფირმაში ვმუშაობდი და ახლაც იქ ვარ.”

ვახტანგი 2005 წელს ჩავიდა მიუნხენში - პირდაპირ წინანდლიდან. უცნაური სამსახური აქვს:

”საქართველოში არ არის ასეთი სამსახური, მე მგონი. ხეებს რომ ალამაზებენ, მე დაბლა ვდგავარ და ვაკონტროლებ, ჩამოვარდნილი ტოტი ვინმეს არ დაეცეს. თან ვალაგებ იქაურობას. ყოველდღიური სამუშაო მაქვს, თუ წვიმა არ არის.”

დღეში რვა საათს და მეტ ხანს მუშაობს. თვეში 1200 ევრო გამოსდის. ამბობს, რომ აქ ფული უფრო იოლად იშოვება. დღეში 50 ევროს ისე დახარჯავ, ვერც მიხვდები, იქ კი ათი ლარის დახარჯვა დღეში ძალიან ძნელიაო. დაბრუნებას 4 წელიწადში გეგმავს. დაახლოებით ნახევარ საათში ქართული ეკლესიაც გამოჩნდა. ეს ქართველი მიგრანტების შეხვედრის ადგილია. ამ ადგილას სამი წლის წინ გადმოინაცვლეს. ისე კი, ქართული ეკლესია მიუნხენში 2001 წლიდან არსებობს.

ეკლესიის ეზო ქართველებითაა სავსე. ლერი დათაშვილი გვეუბნება, რომ დღეს გაცილებით გართულებულია გერმანიაში ჩასვლა ლეგალურად და თავის დამკვიდრება. ნდობა მიგრანტების და, მათ შორის, ქართველების მიმართაც საგრძნობლად შემცირდა. ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო:

”მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, მართვის მოწმობა: საქართველოში ის ყველას ჰქონდა, ვისაც კი მოუნდებოდა. აქ რომ ჩამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ მძღოლის მოწმობა აქვთ, მათ მიმართ ნდობა დიდი იყო, მაგრამ შემდეგ ავტოსატრანსპორტო შემთხვევებმა აჩვენა, რომ არც ისე სუფთად იყო ყველაფერი და ძალიან მალე ეჭვქვეშ დადგა მძღოლის მოწმობის რეალურობა. ნდობაც შემცირდა.”

ნათია ქველიძე
გერმანიაში რომ დარჩე და მუშაობის უფლებაც გქონდეს, სტუდენტობის გარდა, არის კიდევ ერთი გზა - განსაკუთრებით გოგონებისთვის - ადგილობრივზე გათხოვება. სიყვარული უცხო ქვეყანაში ბევრს ეწვევა ხოლმე. ქუთაისელი ნათია ქველიძე, რომელიც 26 წლისაა და უკვე სამი წელია იქ ცხოვრობს, ერთ-ერთი მათგანია. მერე რა, რომ ის და მისი გერმანელი მეუღლე ყველაზე დიდხანს ერთმანეთს შაბათ-კვირას ხედავენ.

ნათიას მიუნხენში, ინგლისურ ბაღში, შევხვდით. თვითონ გვიხსნიდა ეს რა ადგილია, ოღონდ გერმანულ-ქართულად. საქართველოდან წასვლა ყოველთვის უნდოდა:

”საზღვარგარეთ წასვლა სულ მინდოდა - უფრო ინგლისში, სასწავლებლად. მაგრამ შემდეგ ისე გამოვიდა, რომ გერმანიიდან მივიღე მოწვევა, ოჯახიდან, სადაც ოპერად ვმუშაობდი. გერმანული კი ვიცოდი იმ დონეზე, რომ არ დავკარგულიყავი.”

მერე მოვიდა სიყვარული. დღეს ორივე მუშაობს, ნათიაც და მისი მეუღლეც. ნათია - საბავშვო ბაღსა და კაზინოში. ყველა წუთი გაწერილია:

”ყოველი დღე, ყველა წუთი დაგეგმილი მაქვს, როდის უნდა ავდგე და გავიდე სახლიდან. ჩემი დილა დილის ხუთი საათიდან იწყება. სახლში ათზე, ხან თერთმეტზე ვბრუნდები. მივდივარ ბაღში, სადაც ჩემს ჯგუფში 16 ბავშვი მყავს და მათთან ერთად ვატარებ დროს. შემდეგ მაქვს პაუზა. მოვდივარ სახლში, ვიძინებ და მერე ვმუშაობ კაზინოში.”

იქ ყოფნის მოტივაცია ისე ძლიერია, რომ დღემდე არ უტირია. არადა, ბევრს იქ გაძლება უჭირს. სამ წელიწადში ნათია ქველიძე ბაღის მასწავლებელი გახდება და პერსპექტივაც მეტი ექნება. საქართველოში დაბრუნება არ სურს. ამბობს, რომ იქ ახალგაზრდობა დროს ძილში ატარებს, ის კი ფხიზელ ცხოვრებას ძალიან შეეჩვია. თან ხუთ წელიწადში მოქალაქეობასაც მიიღებს. ჩვენი საუბრის მანძილზე მხოლოდ ერთხელ იტირა:

”ყველაზე მეტად საქართველოში მენატრება ჩემი სოფელი, ჩემი მამიკოს საფლავი მენატრება. ქუთაისიც მენატრება...”

ქართულ ეკლესიაში
აქ კი, საქართველოში, კიდევ ბევრია ისეთი, ვისაც წასვლა სურს. ქუთაისში არსებობს ქართულ-გერმანული ცენტრი, რომელიც საუკეთესო სტუდენტებს გერმანიის საზაფხულო სკოლებში უშვებს,სადაც მათ მუშაობაც შეუძლიათ. სალომე გიორგაძე ამ ზაფხულს გერმანიაში გაატარებს. ის იქ უკვე მეორედ მიდის. ყველაზე მეტად რაც ხიბლავს, ისაა, რომ თავისი შრომით ფულის შოვნა შეუძლია და რომ მუშაობა სტუდენტისთვის იქ სირცხვილი არ არის:

"აქ შეიძლება ასე მუშაობა გამჭირვებოდა, მაგრამ იქ რომ შევხედე, რომ არა მხოლოდ სტუდენტები, არამედ თავად მაკდონალდსის მეპატრონე ჩემზე უარეს საქმეს აკეთებდა, ჩემთვისაც აღარ იყო პრობლემა და ძალიან მინდა, რომ საქართველოშიც ნელ-ნელა დამკვიდრდეს აზრი, რომ მუშაობა სტუდენტისთვის არ არის სამარცხვინო და არ ითვლებოდეს კომპლექსად."

სალომეს იქ დარჩენა არ უნდა. დღეს ასეთია მისი სურვილი. თუმცა კონკრეტულად ამ ერთი გერმანულ-ქართული ცენტრის მიერ გაგზავნილი ახალგარზდების დიდი ნაწილი, საბოლოოდ, მაინც გერმანიაში დარჩა. იქ ქართველებს უკვე იცნობენ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მერაბი საიდან გვწერთ: თბილისი
08.08.2009 14:42
საინტერესო თემაა. ევროპაში მცხოვრები ქართველების ხმის გაგონებაც საინტერესო იყო. დავითს ვეთანხმები, "შეჯანჯღარება" აუცილებელია. მაგრამ ეს მალე არ მოხდება. ჯერ უცხოეთში ხალხის "კრიტიკული მასა" უნდა დაგროვდეს, რომლის ნაწილი ისევ საქართველოში დაბრუნდება დროებით მაინც და აქაური მოსახლეობის ელემენტარულ ყოფით ჩვევებზე მოახდენს გავლენას. მანამდე უცხოეთში მცხოვრები ქართველების მიმართ გარკვეული ეჭვი იარსებებს. შეიძლება შურიც.
სტატიაში და კომენტარებში ვერ შევნიშნე (შეიძლება გამომრჩა) მთავარი, რითაც განსხვავდება ევროპის ქვეყნები საქართველოსგან. ესაა თავისუფლების უფრო მაღალი ხარისხი. ადამიანი საკუთარი ბედის პატრონია, რაც არ უნდა მძიმე დღეში იყოს. არ განიცდის საზოგადოების, ზნე-ჩვეულებების, ტრადიციის, ნათესავ-მეგობრების წნეხს. იქ არის საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრული თამაშის წესები და ამ წესებს იცავენ. არღვევენ კიდეც, მაგრამ ამ წესების დარღვევაც გარკვეული წესების ფარგლებში ხდება. სხვა სიტყვებით - ეს არის რაციონალური სამყარო, განსხვავებით ქართული ირაციონალიზმისგან. ვცდილობ ხოლმე წარმოვიდგინო, როგორი იქნება ჩვენი საზოგადოება 20-30 წლის მერე როცა უცხოეთში ნაცხოვრები და მინიმალურ წესრიგს მიჩვეული ქართველები საქართველოშიც დაიწყებენ ცხოვრებას და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას.
ოღონდ მიუნხენელო ქართველებო, არ დაიზაროთ და გერმანიის სხვა მხარეებსაც კარგად გაეცანით. არ მოექცეთ ბავარიელების კუთხური კარჩაკეტილობის ტყვეობაში :)
საუკეთესო სურვილებით და პატივისცემით.

ავტორი: mari საიდან გვწერთ: münchen
01.08.2009 13:31
ბატონო ლერი, ეს წერილი ძირითადად "გაჭირვებულ" ემიგრანტების თემაზეა ამღერებული.
მე მაინტერესებს, რატომ არაფერია თუნდაც თქვენს, როგორც გერმანიაში ერთი ძალიან წარმატებული მეცნიერის და წარმატებული ქართველის შესახებ მოთხრობილი.
იცით, გერმანულ ტელესივრცეში გასული დოკუმენტური ფილმები მახსენდება, რომლებიც უმეტესწილად საქართველოში არსებულ სავალალო მდგომარეობას ასახავს, რომ უკეთ გაიყოდოს და ამ ფილმებს ხშირად არც თუ უმართებულოდ ჩვენი თანამემამულეების წყენა და რისხვა მოჰყვებათ.
ასეა ამ წერილის შემთხვევაშიც, მხოლოდ ემიგრანტული ცხოვრების სიმძიმეებზეა საუბარი, როგორ უნდა იწვალო და როგორ უნდა დარჩე თუნდაც გათხოვების ფასად გერმანიაში, პოეტესა ავტორისგან (როგორც სახელიდან ვხვდები) აღწერილი.

ავტორი: ლერი დათაშვილი საიდან გვწერთ: მიუნხენი
01.08.2009 00:44
პრინციპში, ქვემოთ მოცემული აზრები სწორია, შეჯანჯღარებაც სჭირდება ჩვენს ხალხს, გამოფხიზლებაც და ა. შ. მხოლოდ ერთი რამეა გასათვალისწინებელი, სრული თავისუფლების მოპოვებას დრო უნდა. თუმცა, 80-იან წლებთან შედარებით დიდი წინსვლაა აზროვნების თავისუფლების მომატების თვალსაზრისით.
გერმანიაში ქართველების რაოდენობასთან დაკავშირებით ცოტა არასწორად არის ინტერპრეტირებული ჩემი ნათქვამი: 50 ათასი სულ არის მეთქი: არარეგისტრირებულიც და რეგისტრირებულიც. არალეგალები გერმანიაში არ მგონია რომ თუნდაც 1000 კაცი იყოს.

ავტორი: Tamuna საიდან გვწერთ: Tbilisi
30.07.2009 10:54
:). დათო, გეთანხმები, რომ საქართველოში ბევრ რამესთან დაკავშირებით მცდარი აზრია, მათ შორის უცხოელების მიმართაც. ბევრს ქსენოფობიური აზრები აწუხებს და ყველანაირ სიახლეს შიშით უყურებს; ბევრს ჰგონია, თვითონ მხართეძოზე უნდა იყოს წამოწოლილი და საქმე ვიღაც სხვამ გააკეთოს, ბევრს ურჩევნია, მონა იყოს, ოღონდ მაძღარი იყოს და არაფერი მოეკითხებოდეს. მე იმედი მაქვს, რომ ეს თანდათან გამოსწორდება, ხანდახან ეჭვი მეპარება-ხოლმე, მაგრამ ძირითადად, არ მეპარება:).

ავტორი: dato საიდან გვწერთ: BERLIN
29.07.2009 00:06
დაიხ, დათო, მართალი ხარ, უნდა ჩავიდეთ და შევაჯანჯღაროთ ყველაფერი.....

ავტორი: Davit საიდან გვწერთ: Germania/Frankfurt
28.07.2009 20:02
თამუნა ნამდვილად არ გიბრაზდებით,
იმედია პირადად შენს თავზე არ მიიღებ ჩემ წინა შეტყობინებაში დაწერილს აზრს:)
რაც შეეხება იმას თუ რა არის ბედნიერების განმსაზღვრელი, არა მგონია რომ მე და შენ აქ მოვახერხოთ მაგის დადგენა.
უბრალოდ მე, და ალბათ უმრავლესობა ევროპაში მცხოვრები ადამიანი ხედავს ბედნიერებას წინსვლაში და განვითარებაში. აქედან გამომდინარე დინამიურ და მრავალფეროვან ცხოვრებაში. საქართველოში ძალიან მცდარი აზრია ევროპაზე ჩამოყალიბებული, რომ ევროპელები ძალიან მატერიალისტები არიან და მუშაობენ 24 საათი იმიტომ რომ ბევრი ფული იშოვონ და ასე შემდეგ. არადა სინამდვილეში იმიტომ მუშაობენ ამდენს რომ განვითარდნენ და წარმატებას მიაღწიონ და აქედან გამომდინარე საინტერესო და დინამიური ცხოვრება ქონდეთ. წარმატება, ეს არის ის სიტყვა რაც ალბათ ყველაზე კარგათ ასახავს დღევანდელ ევროპელის ცხოვრებას და რაც სამწუხაროდ ესე ძალიან უცხოა თანამედროვე ქართველისთვის :(

ავტორი: Tamuna საიდან გვწერთ: Tbilisi
28.07.2009 18:54
Davit, ნუ მიბრაზდებით, თუ შეიძლება. არასწორად გგონიათ, რომ სადმე ინტეგრაცია ვერ მოვახერხე და იმიტომ დავწერე, ადამიანებს არ ექმნებათ საქართველოში ცხოვრების ნორმალური პირობები-მეთქი. აკი თქვენ თვითონ ამბობთ, ჩვენს განათლებას საქართველოში არ აფასებენო. აბსოლუტურად გეთანხმებით. აქ, მე ვიტყოდი, ეშინიათ კიდევაც მათზე განათლებული ადამიანის. ჩემს პროფესიულ წრეში უმეტესად ასეა და თვითდამკვიდრებისთვის დრო გჭირდება. რაღაცნაირად უნდა მოგეჩვიონ. ჰგონიათ, რომ ზემოდან გადმოხედავ და რაღაცნაირად, თავდაცვის პოზიციაში დგებიან. თუმცა, არასწორად ფიქრობთ, რომ ვინც საქართველოშია, ყველას სძინავს და უინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს. ადამიანები განსხვავებულები არიან. ზოგს ნოსტალგია უფრო მეტად აწუხებს, ზოგს ნაკლებად. ჩემს წინა პოსტში უცხოეთში სამუდამოდ ცხოვრებას ვგულისხმობდი. როცა საბოლოოდ შენს ქვეყანაში ბრუნდები და რაიმე ახალს ქმნი, ეს ძალიან დიდი მოტივაციაა. ერთმა ამერიკელმა კოლეგამ მითხრა ამას წინათ: ძალიან რთულ, მაგრამ საინტერესო დროში გიწევთ ცხოვრებაო - ჩემს ქვეყანაში მე ერთი პატარა აგური ვარ, თქვენთან კი იმდენი რამეა დასანერგი და გასაკეთებელი, თქვენ ძალიან ადვილად შეგიძლიათ, მთელი შენობა იყოთო. მცოდნე და ამბიციური ადამიანისთვის იმაზე მეტი თვითკმაყოფილება რა არის, როცა შენს ქვეყანაში რაღაცას შექმნი და გააუმჯობესებ.
და კიდევ, ბედნიერებას მხოლოდ ცხოვრების "კუალიტეტი" და "ჯობი" არ განსაზღვრავს, დამეთანხმებით ალბათ. ყოველ შემთხვევაში, არა ყველასთვის.

ავტორი: Davit საიდან გვწერთ: Germania /Frankfurt
28.07.2009 13:11
ხო მე კიდე ასე მგონია, რომ ზუსტად ისინი, ვინც ვერ მოახერხა გერმანიაში ინტეგრაცია ჩადიან მერე საქართველოში და ლაპარაკობენ აი ესეთ რაღაცეებს. "საქართველოში არ ექმნებათ ამ ადამიანებს ნორმალური ცხოვრების პირობები".
გერმანია ეს არის ქვეყანა სადაც შენი წარმომავლობა, მშობლების ფული, და უდარდელი ცხოვრება ჩასვლის დღიდან წარსულს ბარდება და ის თუ რა სოციალური სტატუსს დაიმკვიდრებ ამ ქვეყანაში მხოლოდ შენზე, შენს შრომაზე, ნიჭზე და პირად განვითარებაზეა დამოკიდებული. ეს ყველაფერი ძალიან ძნელია. განსაკუთრებით მაშინ როდესაც ისეთი ქვეყნიდან ჩადიხარ სადაც ტოტალური ძილია გამეფებული.
ეხლა რაც შეეხება იმას თუ რა აზრი აქვს გაუჩერებელ მუშაობას ცხოვრებაში. აქ გერმანიაში სწავლობ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას: იმისთვის რომ გქონდეს საინტერესო ცხოვრება უნდა იყო განვითარების პროცეში, ყოველ დღე უნდა გრძნობდე რომ დღეს უფრო მეტი ხარ ვიდრე გუშინ იყავი. ეს ხდის ცხოვრებას ძალიან საინტერესოს და მრავალფეროვანს. ევროპის ქვეყნები გაძლევენ ამის საშუალებას და შენი ცხოვრების კუალიტეტი ამის გამო გაცილებით მაღალია ვიდრე საქართველოში. ძალიან იშვიათად რომ საქართველოში ადამიანები თავისი ჯობით კმაყოფილები და ბედნიერები იყვნენ. ეს გერმანიაში ესე არ არის, იმიტომ რომ სამსახური აქ ფულის შოვნის გარდა კიდე სხვა რაღაცას ნიშნავს. კერძოთ პიროვნული განვითარების დიდ შანსს. და საერთოდ აქ გაქვს მიზანი, ამ მიზნის გზაზე წარუმატებლობები და წარმატებები, გამარჯვებები და დამარცხებები და ეს არის ცხოვრება!!!! და აი იმიტომ არის ცხოვრება ლამაზი და საინტერესო. ძილი ცხოვრებაში მოსაწყენია. ეს არის და ეს.
და კიდე რაც შეეხება იმას რომ ჩვენ საქართველოში გამოსავალი არ გვაქვს. ეგ ნაწილობრივ მართალია. აი მაგალითად ჩვენ აქ ვსწავლობთ, ზოგჯერ გერმანელებზე უკეთესებიც ვართ, მერე ვმუშაობთ და სპეციალისტები ვდგებით, და მერე იმიტომ რომ არავიზე ნაკლებად არ გვიყვარს საქართველო ჩამოვდივართ საქართველოში და ვცდილობთ რომ ჩვენი გამოცდილება და განათლება საქართველოს მოვახმაროთ. და რა ხდება მერე საქართველოში? იქ ხალხს რომელსაც ძინავს არაფრით არ უნდათ რომ ჩვენ ისინი გამოვაფხიზლოთ, იმიტომ რომ გამოფხიზლება ეზარებათ. ამიტომ გვხდება ტოტალური ძილი, ტოტალური ცინიზმი და ტოტალური ნიჰილიზმი და ტოტალური დაუფასებლობა ჩვენი აქ წვალებით მიღებული განათლებისა და გამოცდილებისა. ამიტომ არის რომ ბევრი ისევ მერე უკან მოდის ქვეყანაში სადაც უფრო მეტად გაფასებენ. მაგრამ ჩვენ მაინც ჩამოვალთ, იმიტომ რომ საქართველო ჩვენიც არის, და ჩვენც ძალიან გვიყვარს ეს ქვეყანა. არა დღევანდელობა არამედ საქართველო. ასე რომ ჩვენ ჩამოვალთ და ერთი კარგათ შეგაჯანჯღარებთ და გამოგაღვიძებთ :) :)

ავტორი: Tamuna საიდან გვწერთ: Tbilisi
28.07.2009 09:54
მე მაინც არ მესმის, რა ხიბლია ამ გაუჩერებელ მუშაობაში. რა გამოდის, რომ ცხოვრების აზრი დაქოქილი მანქანასავით მუშაობაა? არა მგონია, ეს ვინმეს უნდოდეს. უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ არის. საქართველოში არ ექმნებათ ამ ადამიანებს ნორმალური ცხოვრების პირობები. ჩემთვის უძნელესი იყო უცხოეთში ცხოვრება. თითქოს მიწა არ მქონდა ფეხქვეშ.

ავტორი: Merab Pirtskhalava საიდან გვწერთ: Trier/Luxembourg
27.07.2009 14:50
ქალბატონო ეკა,
ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს "გადახვეწილი" რას ნიშნავს, ვერ გავიგე... რა, სხვა სიტყვა არ გაგახსენდათ?... ხომ არსებობს რაღაც ტაქტი, თუუუ?!... მ.ფ.

ყველაზე პოპულარული