კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 04:17

საქართველო

ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პერსპექტივა

ირაკლი ალასანიაირაკლი ალასანია
x
ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია
ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
ირაკლი ალასანიამ საკუთარი პარტიის შექმნით მის მიმართ არსებულ მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხა. მაგრამ არის ერთი გარემოება, რაც ალიანსის ლიდერს და მის ახალ გუნდს სერიოზული გამოწვევის პირისპირ ტოვებს.

ცნობილია, რომ პოლიტიკაში „მარტოკაცი“ ვერაფერს მიაღწევს. ამის შესანიშნავი დასტური, თუნდაც, ნინო ბურჯანაძის ან ლევან გაჩეჩილაძის კარიერაა. მათი ჭკუისსაწავლი გამოცდილების ფონზე, განსაკუთრებით მოულოდნელი აღმოჩნდა ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილება, რომ ორი ძველი პარტიისგან შექმნილი ახალი ალიანსის მარტოხელა ლიდერი გამხდარიყო. მისი მაღალი რეიტინგის გამო, საგანგებო ანალიზის საგნად არ ქცეულა ის საკითხი, თუ რა უნდა გაეკეთებინა ახალგაზრდა ლიდერს პოლიტიკაში სხვების მიერ ნაშენები პარტიების ხარჯზე. რაგინდ პატიოსან მოთამაშეებთან ჰქონოდა საქმე ირაკლი ალასანიას ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების სახით, თავად პოლიტიკის ლოგიკა მიიყვანდა მას იმ ჩიხამდე, სადამდეც უფრო ადრე ნინო ბურჯანაძე და ლევან გაჩეჩილაძე მივიდნენ.

ასე რომ, ირაკლი ალასანიამ დროული და სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც საკუთარი პარტიის შექმნა გადაწყვიტა. რადგან საკუთარი პარტია ის შანსია, რომლის გარეშე პოლიტიკაში წარმატება, უბრალოდ, გამორიცხულია.

მაგრამ არის კიდევ ერთი უხერხულობა, რომლის დაუძლევლად პარტიის ლიდერობაც კი ვერ შეაჩერებს ალასანიას რეიტინგის ვარდნას.

საქართველოში დაბრუნებისთანავე, ახალგაზრდა ლიდერმა გამოაცხადა, რომ იგი მზად არის ხელისუფლებასთან დიალოგისთვის და მისი კონსტრუქციული ოპონირებისთვის. იმ ფონზე, რომ წლების განმავლობაში ოპოზიცია სულ უფრო მეტად რადიკალური ხდება, ირაკლი ალასანიას მიერ ოპოზიციის როლის ახლებურმა გააზრებამ მას მაშინვე საკუთარი ნიშა შეუქმნა. ეს იყო პოზიტიური გზავნილი უფრო მეტად საზოგადოებისადმი, ვიდრე ხელისუფლებისადმი, რადგან – როგორც მოგვიანებით გაირკვა – ხელისუფლებას ოპოზიცია არც კონსტრუქციული სჭირდებოდა და არც დესტრუქციული. სამაგიეროდ, საზოგადოებას სჭირდებოდა ისეთი ლიდერის გამოჩენა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც სხვებისგან განსხვავებული – უფრო გაწონასწორებული, მომთმენი და თანმიმდევრული იქნებოდა.

მაგრამ მალე გაირკვა, რომ ირაკლი ალასანიას წარმატება/წარუმატებლობის გასაღები მიხეილ სააკაშვილს ეპყრა ხელთ და, თანაც, ამ გასაღების ფასი ძალიან კარგად იცოდა. როდესაც ალასანიამ დიალოგზე და კონსტრუქციულ ოპონირებაზე დაიწყო საუბარი, მაშინ ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რამდენად საშიში აღმოჩნდებოდა მისი რეიტინგისთვის ასეთი, ერთი შეხედვით, სწორი არჩევანი. მართლია, ალიანსის ლიდერი ამბობდა, დიალოგისთვის მზად ვარ და არანაირ პირობებს არ ვაყენებო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მისი პოლიტიკური შეხედულებები საერთოდ არ აინტერესებდა. ასე რომ, პრეზიდენტს ოპოზიციის კონსტრუქციული ლიდერისკენ შემხვედრი ნაბიჯი არ გადაუდგამს და არც ვინმესთვის აუხსნია, რატომ არ გამოიყენა შანსი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მშვიდობის ხიდი გაედო.

სინამდვილეში, სულ სხვა რამ მოხდა: პრეზიდენტი პირისპირ შეხვდა ოპოზიციის ლიდერს, ოღონდ, არა იმას, რომელიც თვეების განმავლობაში დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამდა, – ესე იგი, ირაკლი ალასანიას, არამედ იმას, რომელიც ხალხს ჰპირდებოდა, ჟურნალისტების გარეშე თვითმარქვია პრეზიდენტს არასოდეს შევხვდებიო, – ესე იგი, ლევან გაჩეჩილაძეს. ამ ერთი ნაბიჯით მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის ორივე ლიდერს სერიოზული დარტყმა მიაყენა – ალასანიას იმით, რომ არ შეხვდა და გაჩეჩილაძეს იმით, რომ შეხვდა.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომავალი თვეების განმავლობაშიც ალასანიას მთავარ გზავნილად ხელისუფლებასთან დიალოგი დარჩება, ხელისუფლება კი ამ გზავნილს კვლავ წაუყრუებს? ცხადია, ირაკლი ალასანიას რეიტინგი სულ უფრო მეტად განილევა. ამიტომ, პარტიის შექმნასთან ერთად, ალიანსის ლიდერს აუცილებლად დასჭირდება ისეთი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომლის შესრულება აღარ იქნება დამოკიდებული ხელისუფლების კეთილ ნებაზე. ირაკლი ალასანიას მოუხდება, ახალი შინაარსით შეავსოს საკუთარი ნიშა და თავის პარტიასთან ერთად ცადოს ისეთი სიახლის შეტანა პოლიტიკაში, რაც მას პერსპექტიული პოლიტიკოსის იმიჯს შეუნარჩუნებს და მის მიმართ საზოგადოების ნდობასაც უზრუნველყოფს.

სხვა შემთხვევაში, ირაკლი ალასანიას კარიერა მთლიანად ჩამოეკიდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ საჭიროებებს და ალიანსის ლიდერის წარმატებებიც ისეთივე გულდასაწყვეტი აღმოჩნდება მისი მოიმედე საზოგადოებისთვის, როგორც მისი წარუმატებლობა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანა საიდან გვწერთ: თბილისი
04.08.2009 05:28
ჩემი აზრით, ალასანიას უმჯობესი იყო თავიდანვე თავისი ნიშა ისე მოენახა ოპოზიციაში, რომ რესპუბლიკელებთან და მემარჯვენეებთან ალიანსში არ შესულიყო. რესპუბლიკური პარტია, რომელიც გამოირჩევა ლიდერთა რაოდენობით, საოცარია, მაგრამ ფაქტი - ხშირად გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს. ვფიქრობ, ლიდერები ზედმეტად თვითდაჯერებულები არიან, ამიტომ ერთსა და იმავე ორმოში ხშირად ხტებიან. მათი ბოლოდროინდელი განცხადება ალასანიას უალტერნატივობისა და პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის შესახებ, ხალხში გაღიზიანება გამოიწვია. ხალხს აღარ სურს იხილოს ერთპარტიული პარლამენტი! რაც შეეხება მემარჯვენეებს, ჩემი აზრით, რუსთაველზე მიმდინარე აქციების ერთ-ერთი შედეგი მათი რეიტინგის ზრდაა, მაგრამ ამ რეიტინგის შენარჩუნების ნაკლები შანსი აქვთ მომავალში. გეთანხმებით, ალასანიას პარტიას რეიტინგი საერთოდ არ ექნება, თუ დიალოგი არ გაიმართა. დიალოგი კი არ გაიმართება! ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. რამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ დიალოგზე წავიდეს?! დიალოგი თავის თავში შეიცავს გარკვეულ კომპრომისს ორივე მხრიდან. რას დათმობს ხელისუფლება? არაფერს! ან რატომ დათმობს: მათ ხელშია ხალხზე ზემოქმედების ყველა ეფექტური საშუალება: ფინანსები, ტელევიზიები, ძალოვანი სტრუქტურები. ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ერთი უმნიშვნელო რგოლის დათმობაც კი მათ სახელისუფლო ვერტიკალს ჩამოშლის. გამოსავალი რა არის? კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული სამოქმედო გეგმა, კონკრეტული დაპირებები და მათი განხორციელების გზების სახალხოდ გამოტანა. ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილი ათ თუ შვიდმუხლიანი მანიფესტი საკმაოდ ზოგადია და იმ ქვეყნის მოქალაქისათვის, რომლის მოსახლეობის 80%-ს არა აქვს მუდმივი სამუშაო ან არ მუშაობს, ან ხელფასი სამომხმარებლო კალათზე დაბლა აქვს, ეს მანიფესტები არ არის საკმარისი მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ლიდერებისაგან ხშირად გვსმენია, ჩვენ გეგმებზე მაშინ ვისაუბრებთ, როცა არჩევნების რეჟიმში ვიქნებით, ახლა მთავარია სააკაშვილის მოცილება.მე კი ვფიქრობ, რომ ოპოზიციური პარტიები ყოველდღიურად უნდა მუშაობდნენ არჩევნების რეჟიმში, მაშინ, მერწმუნეთ, ათჯერ მეტი კაცი გამოვიდოდა, ვიდრე 26 მაისს. მხოლოდ ნაციონალების ლანძღვა ხალხს გარეთ არ გამოიყვანს. ხალხმა მშვენივრად იცის, რა მთავრობაც ჰყავს. ალასანიას მიერ შეთავაზებულ დიალოგსაც მრავალი ეჭვის თვალით უყურებს. ეჭვი კი უნდობლობამ გააჩინა, უნდობლობა კი დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ოცწლიანმა ისტორიამ, რომლის განმავლობაში აბსოლიტურად მიზანმიმართულად ნადგურდებოდა მოსახლეობის საშუალო ფენა და მდიდრდებოდა მხოლოდ მისი 5%. ხალხი ფიქრობს, რა უნდა დათმოს ალასანიამ ამ დიალოგში! და საერთოდ, ხალხში ნიჰილიზმს იწვევს, როცა ამჩნევს, რომ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ერთობა, სულაც არ არის თურმე ერთობა. მაგალითად, ფორუმელების მიერ 24 მაისს გადადგმულმა ნაბიჯმა არა ოპოზიციას, არამედ ქვეყანას მიაყენა დარტყმა.როცა ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია, ლიდერებმა ამბიციები გვერდზე უნდა გადადოს და ქვეყნისათვის სასარგებლოდ უნდა იმოქმედოს.

ავტორი: ლელი საიდან გვწერთ: თბილისი
30.07.2009 17:52
ბევრი საინტერესო აზრი წავიკითხე, მაგრამ ვერ მივხვდი რატომ მიიჩნევთ, რომ ალასანიას რეიტინგი დაეცა?
სულ პირიქით, ივნისის მონაცემებით პირველ ადგილზეა ოპოზიციის ლიდერებს შორის.
მე პირადად ალიანსის სამივე ძალის სწორედ პრაგმატიზმი და გონიერება მომწონს.
მგონი ისეთი დრო მოდის ამ თვისებებს მთელ საქართველოშიც დაედება ფასი.
ნაკლები ემოციითა და მეტი გონებით გავაკეთებთ არჩევანს.

ავტორი: uiaragho საიდან გვწერთ: tbili-si
27.07.2009 18:23
რა ვქნა და მაინც არ მჯერა და არ ვენდობი ალასანიას, ის მაინც ამ ხელისუფლების პროექტი მგონია... ამის ბევრი მიზეზი არსებობს... ყველაზე ცუდი არის ის რომ ხელისუფლების, ოპოზიციის და ჟურნალისტების უფრო სწორედ ტელევიზიების გამოისობით სრული უნდობლობა ჩამომიყალიბდა ყველას მიმართ. ბევრი კარგს ამბობს ალასანიაზე მაგრამ მაინც ბურუსია მის გარშემო. არამგონია სრულიად სუფთა წარსული ქონდეს, ვინაიდან ამ მთავრობასთან ერთად იყო მრავალი წლის განმავლობაში. ალბათ ხელისუფლებას აქვს კომპრომატები მის მიმართ რითაც აიძულებენ იყოს ოპოზიცია და თანაც კონსტრუქციული, რათა ამით დასუსტდნენ ის ძალები რომლებსაც მთავრობა ვერ აკონტროლებს...ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს კარგი მამების შვილების დროო, ის რომ ვინმეს მამა დიდი პოლიტიკოსი ან ნიჭიერი ჟურნალისტი ან სულაც გმირი იყო, არ ნიშნავს რომ შვილიც ისეთივე იქნება. მამების წარმატებები (ისევე როგორც ცოდვები) შვილებზე არ გადადის....

ავტორი: mea საიდან გვწერთ: Coxatauri
23.07.2009 23:21
ქალბატონ იას.
სიამოვნებით გავეცნობოდი თქვენს შეხედულებებს, თუმცა, ალბათ რეალისტები უნდა ვიყოთ და დავკმაყოფილდეთ არსებული მოცემულობით. იდეალური არავინ არის.

ავტორი: ია ანთაძე
23.07.2009 02:42
ძვირფასო მეა, ბატონმა გიორგიმაც (ტობანიერიდან) და თქვენც რესპუბლიკელები დადებით კონტექსტში ახსენეთ. ეს პარტია ყველას მისი პიროვნული შემადგენლობის გამო მოგვწონს (მეც მათ რიცხვში ვარ). ოღონდ, ოდესმე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმის შესახებ, რომ სწორედ ამ პარტიამ არაერთი ირაციონალური ნაბიჯი გადადგა და არაერთი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, მათ შორის, 2008 წლის 21 მაისის არჩევნების წინ – მძიმე შეცდომა. სანამ ყველაფერს არ გავაანალიზებთ და სახელს არ დავარქმევთ, წინ ვერ წავალთ.

ავტორი: მეა საიდან გვწერთ: ჩოხატაური
23.07.2009 02:21
ძალიან მომწონს ირაკლი ალასანია. მე ვისურვებდი, საქართველოს სათავეში ასეთი პრეზიდენტის ყოფნას, მაგრამ რამდენად რეალურია, ვერ გეტყვით. ამასთან, მართალი გითხრათ, მეცოდება კიდეც. ის უფრო ევროპული, ცივილიზებული ქვეყნის ხელმძღვანელის ტიპია, ჩვენთან სხვა ტიპის ადამიანები უფრო პოპულარულები არიან. ლევან გაჩეჩილაძის საწინააღმდეგო პიროვნულად არაფერი მაქვს, მაგრამ პოლიტიკურ მოღვაწედ არ მიმაჩნია. ვაფასებ მის გულწრფელობას, მაგრამ მე ისიც მახსოვს, დეპუტატად ყოფნის დროს არაფრით გამოუჩენია თავი, დიდად არც სხდომებზე დადიოდა. სხვა ტემპერამენტის ადამიანია, არა სახელმწიფო მოღვაწე. რაც შეეხება ქალბატონ ნინოს, მას რამდენჯერმე ჰქონდა შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა. ვფიქრობ, მისმა მატარებელმა უკვე ჩაიარა, თუმცა, თუ იმას შეეგუება, რომ მაინცადამაინც მთავარი პერსონა არ იქნება, საკმაოდ დიდი რესურსები აქვს და ქვეყნისთვის თავისი კავშირებით(რუსეთს არ ვგულისხმობ მხოლოდ), ვფიქრობ, სარგებლობის მოტანა შეუძლია. ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით, მე ისიც მაიმედებს, რომ მას მოკავშირეებად რესპუბლიკელები ჰყავს, ჩემი აზრით, დღევანდელ საქართველოში საკმაოდ რაციონალური პოლიტიკური ძალა. მთავარია, ქართულმა ხასიათმა ცუდი მხრიდან არ იჩინოს თავი. ეს არის ჩემი კომენტარი.

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: ტობანიერი
22.07.2009 22:35
ძალიან მართებული ანალიზია.
რაც შეეხება ალასანიას რეიტინგის დაღმასვლას, იგი პროგნოზირებადი იყო და არა მგონია, რომ მას შეუქცევადი ხასიათი ჰქონდეს. მთავარი ისაა, რას მოსთხოვენ ამერიკელები სააკაშვილს.
ამ წუთში ვუყურე სააკაშვილის გამოსვლას რუსთავი2-ზე. ეს იყო მისი ერთერთი ყველაზე კატასტროფული გამოსვლა.
იგი შეეცადა მისი და ბაიდენის მეგობრულ-”პანიბრატული” ურთიერთობების ხასიათი დაეფიქსირებინა და ახლოს იყო იმასთან, რომ ლამის სკაბრეზული სიუჟეტები მოეყოლა. ახსენებდა, როგორ იწინასწარმეტყველა მისი პოლიტიკური ზეაღსვლა, როცა ამაზე ბევრის აზრით ადრე იყო ფიქრი. თუმცა ყველას გვახსოვს, რომ სინამდვილეში ბოლო წუთამდე მაკკეინის ფანატი იყო და მისმა მინისტრმა სუბელიანმა როგორ დაამზადა კუსტარული ფირნიში ავტომობილისათვის; როგორ იჯდნენ რესტორანში, და ბაიდენმა როგორ მამაცურად არ ჩააქრობინა ოფიციანტს სინათლეები, როცა თბილისის ცას რუსული გამანადგურებელბი სერავდნენ; როგორ უძახოდა ”ჯოს” და ის კიდევ - ”მიშას”; როგორ აღუთქვა ჯომ - ”მიშა, სხვები კი მიგატოვებენ, მაგრამ მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები”. გაიხუმრა იმაზე, რომ ბაიდენს რუსის დამიზნებული ქვემეხები ვერ შეაშინებენ, პატარა ბავშვივით თავს იწონებდა თავისი ახალი 800-მილიონიანი სათამაშოთი და ორჯერ ახსენა - ”ამ ლამაზ სასახლეში”, ”ამ ლამაზ დარბაზში”, ისევე როგორც დედით და ბებიით. მაინტერესებს, სხვა ქვეყანაში თუა მიღებული სტანდარტი, რომ პრეზიდენტის დედაც და ბებიაც ოფიციალურ მიღებებს ესწრებიან? ბარბარა ბუში არ ითვლება, რადგან იგი თავად იყო პრეზიდენტის ცოლი.
ბოლოს სააკაშვილი იქამდე მივიდა,რომ განაცხადა, საქართველო არ იქნება დამარცხებული, სანამ ამ ლამაზი დარბაზის თავზე იფრიალებს ქართული დროშაო! ანუ ფაქტიურად გვითხრა კიდეც ერთხელ ის (უკვე სიტყვიერად), ის რაც ადრეც უთქვამს საქციელით - რომ სახელმწიფო ეს მიშაა! ხოლო სახელმწიფოს ”ჩამოშლა” ის კი არაა, ”რაღაც ორი რაიონი” თუ დაიკარგა, არამედ ის, მიშა და მისი სასახლე იქნება თუ არა ხელუხლებელი.
ყველაზე საინტერესოს ადგილი რომ დაიწყო - ბაიდენი ჰყვებოდა ჯეფერსონის და ადამსის ურთიერთობებზე და დააპირა ეთქვა, რა იქნებოდა სააკაშვილის როლი მომავალი მთავრობებისათვის ხელისუფლების გადაბარების შესახებ. ამ დროს ჯერ ბაიდენის ხმა ”დაიკარგა” ხოლო შემდეგ საერთოდ რეპორტაჟი დაამთავრეს.
ძალიან მაინტერესებს, სინამდვილეში რა თქვა ბაიდენმა, რუსთავი 2 რომ ყველაფერს ცვლის ეს ცნობილი უბედურებაა. აქ კი სადაც ვარ - კავკასიას და მაესტროს არ აჩვენებს.
ალასანიაზე კი ერთ რამეს დავამატებ. მის გუნდში ნიჭიერი დიპლომატები კი არიან, მაგრამ ზოგი ფუქსავატი მედროვეც დავაფიქსირე - მაგალითად როინ მეტრეველის ვაჟი ვიქტორ მეტრეველი, რომელიც შევარდნაძის დროს მსხვილ-მსხვილ საგრანტო პროექტებიდან ათლილი ლუკმებით და ფონდების დირექტორობით იყო ცნობილი. აჯობებს, საერთოდ არ შექმნას პარტია, თუ ამ ტიპის ხალხის გვერდით ამოყენებას აპირებს. მე მაგალითად, ვერ ვხედავ რითი სჯობია მისი პარტიის ბირთვი ან რეპუბლიკელების, ან თუნდაც ახალი მემარჯვენეების სერიოზულ გამოცდილ კადრებს.

ავტორი: ია ანთაძე
22.07.2009 22:35
ჰოდა, ძვირფასო ბატონო გიორგი, მანამდე უნდა ვუთხრათ სათქმელი მეტ–ნაკლები პერსპექტივის მქონე პოლიტიკურ ლიდერებს, სანამ გვიან არ არის. ეს ირაკლი ალასანიასაც ეხება, ცხადია.

ავტორი: Ninutsa საიდან გვწერთ: Tbilisi
22.07.2009 13:48
ვერ დავეთანხმები ლევანიკოს რომ ალასანიას პოპულარობის პიკმა ჩაიარა და მას ვეღარაფერი უშველის. ალასანიაზე გაცილებით (და მართლაც რომ) დისკრედიტებულმა პოლიტიკოსებმა შესძლეს თავიანთი იმიჯის რეაბილიტაცია და "მკვდრეთით აღდგომა", ძნელია მისახვედრი არ არის ალბათ თუ ვინაა ამის ყველაზე ნათელი მაგალითი თუნდაც ქართულ პოლიტიკაში. პოლიტიკოსი თუ დროებითი წარუმატებლობების და რეიტინგის დავარდნების ტყვედ იქცა ის ძალიან სუსტი და პოლიტიკიდან მართლაც გასარიყი ყოფილა.
კოტესაც არ ვეთანხმები ჭადრაკთან მიმართებაში, რადგანაც პოლიტიკა სწორადაც რომ ჰგავს ჭადრაკს, სადაც ხშირად უწევს მოთამაშეს (ვიტყოდი უფრო მოაზროვნეს) მნიშვნელოვანი მსხვერპლის გაღება ტაქტიკურ სვლებში, სადაც არამომგებიანი პოზიციიდანც კი შესაძლებელია თამაშის მოგებამდე მიყვანა.

ავტორი: kote საიდან გვწერთ: bolnisi
22.07.2009 13:00
ვეთანხმები თქვენი ანალიზის ლოგიკურობას, თუმცა მიმაჩნია რომ ირაკლი ალასანიამ ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდდამხოლოდ საძირკველი ჩაუყარა (თანაც საკმაოდ მყარი) თავის პოლიტიკურ კარიერას და რეზერვში სერიოზული და ძლიერი რესურსები გააჩნია, რომლებსაც შესაბამის მომენტში გამოიყენებს. პოლიტიკა ჭადრაკისაგან იმით განსხვავდება რომ მოჭადრაკე იმაზე ფიქრობს თუ როგორ მოიგოს, ხოლო პოლიტიკოსი იმაზე მოგება უფრო აწყობს თუ წაგება. ირაკლი ალასანია თავის პოლიტიკურ აღმასვლას ეხლა იწყებს, აქამდე მოთელვას აკეთებდა.

ავტორი: levaniko
22.07.2009 12:35
საკმაოდ ლოგიკური ანალიზია. გეთანხმებით, რომ პრეზიდენტს შეეძლო და ეხლაც შეუძლია ალასანიას რეიტინგის როგორც აწევა, ასევე მისი ძირს დაცემაც, თუმცა დამეთანხმეთ არანაირი მოტივი მისი რეიტინგის გაზრდისა პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს, იგი ხომ მისი შესაძლო კონკურენტია, ამიტომაც სააკაშვილი საკმაოდ ჭკვიანურად მოიქცა მიაყენა რა დარტყმა ორივეს. ისე ჩემი აზრით, ალასანიას პოპულარობის პიკმა უკვე ჩაიარა და მის რეიტინგს აწი ვერაფერი უშველის.

ავტორი: nika
22.07.2009 11:52
შესანიშნავი ანალიზია! ძალიან მომეწონა!

ყველაზე პოპულარული