Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აპოსტროფი", ანუ თეატრი, როგორც კომუნიკაციის საერთაშორისო ენა


ფესტივალის ლოგო
ფესტივალის ლოგო
კარლოვი ვარი ჩეხეთის არა მარტო ყველაზე ცნობილი კურორტია, არამედ მის კინოცენტრადაც შეიძლება ჩაითვალოს - ყოველ შემთხვევაში ამ დღეებში, როცა მორიგ, რიგით უკვე 44-ე საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს. წელს ის კომუნისტური რეჟიმის დამხობის მეოცე წლისთავს ეძღვნება, და მაყურებელს რამდენიმე მსოფლიო პრემიერას სთავაზობს, მათ შორის მილოშ ფორმანის ახალ ფილმს “კარგად ანაზღაურებული გასეირნება”. ასევე განსაკუთრებული მოლოდინი უკავშირდება კარლოვი ვარიში კინოვარსკვლავების რობერტ ბანდერასისა და ჯონ მალკოვიჩის სტუმრობას. კინოს ქართველი მოყვარულებისთვის კი, ალბათ, არანაკლებ საყურადღებოა ის, რომ კარლოვი ვარის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს ქართული ფილმიც: გიორგი ოვაშვილის “გაღმა ნაპირი”, რომელმაც უკვე ფართო საერთაშორისო აღიარება და რამდენიმე პრემია მოიპოვა, ამდენად 3-დან 11 ივლისამდე მიმდინარე კინოფორუმს განსაკუთრებული ინტერესით მივადევნებთ თავს და მის შედეგებზეც, ცხადია გიამბობთ. მანამდე კი სხვა ფესტივალის შესახებ: პირველ ივლისამდე პრაღა მასპინძლობდა დამოუკიდებელი და სამოყვარულო თეატრების საერთაშორისო ფესტივალს.

სპექტაკლი, რომლის ნახვის შესაძლებლობაც მომეცა, პოლონეთის ქალაქ ტორუნიდან ჩამოიტანა პრაღაში “ალტერნატიულმა ღია თეატრმა” - ერთ-ერთმა სულ 13 თეატრალური დასიდან, რომლებითაც - ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად - ბრაზილია, სირია, იაპონია და სამხრეთი კორეაც იყვნენ წარმოდგენილი დამოუკიდებელი და სამოყვარულო თეატრების ფესტივალზე სახელწოდებით “აპოსტროფი”:

“გვინდოდა ისეთი ფესტივალის მოწყობა, რომელიც ერთგვარი სახელოსნო იქნებოდა - ღია სივრცე ეთრმანეთისთვის იდეების, ხელოვნებაში დაგროვილი გამოცდილების, თუ სხვადასხვა ქვეყნის კულტურული გამოცდილების გასაზიარებლად. ჩვენი სურვილია, ეს ფესტივალი რაც შეიძლება ჭრელი იყოს - რადგან ამ სიჭრელეში ვხედავთ ახალი გამოცდლებების შეძენის შესაძლებლობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თეატრალური დასები, რომლებიც ფესტივალზე ჩამოდიან, მთელს ფესტივალს დაესწრონ, რათა ერთმანეთს უყურონ, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში წარმოდგენების შემდეგ” გვითხრა - ფესტივალის დირექტორმა და ერთ-ერთმა დამაარსებელმა აკრამ სტანეკმა, რომელიც ტორუნის ალტერნატიული თეატრის სპექტაკლის შემდეგ გამოველაპარაკე. ფესტივალის დევიზის შესაბამისად - “თეატრი, როგორც კომუნიკაციის საერთაშორისო ენა”, სპექტაკლები არ ითარგმნება, წინასწარ წარმოდგენის მოკლე შინაარსს თუ გაეცნობი - ფესტივალის დირექტორს ვკითხე, რამდენადაც თეატრი სასცენო ხელოვნების ენასთან დაკავშირებული ფორმაა, რატომ არ მიიჩნევა მიზანშეწონილად, რომ მაყურებელმა გაიგოს, რას ამბობენ მსახიობები - “ჩვენი ფესტივალის ათწლიანი გამოცდილება გვეუბნება, რომ თეატრალური ენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ენა, რომელზეც მსახიობები თუ პერსონაჟები ლაპარაკობენ. გვქონდა, მაგალითად, საუცხოო ბრაზილიური წარმოდგენა, პორტუგალიურად. და მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი მსახიობი იდგა სცენაზე გრძელი რთული ტექსტით, და ძალიან დახვეწილ სამსახიობო ტექნიკას იყენებდა- ერთგვარ მინიშნებებს, მაინც ძალიან შთამბეჭდავი წარმოდგენა იყო. ასე რომ ვფიქრობ, კარგი თეატრი თეატრალურ ენას იყენებს იმ ეფექტის მისაღწევად, რომელიც უნდა, რომ მაყურებელზე მოახდინოს. ენის გაგება არ არის მთავარი - და ძალიან ხშირად საკმარისია მოკლე შინაარსი, როგორც დავუშვათ, ოპერაში. მაყურებელი, უბრალოდ, ორიენტირებულია და ესმის, რა ხდება”.

პოლონური თეატრის შემთხვევაში, ენას მართლაც არ შეუქმნია პრობლემა - გარდა იმისა, რომ პოლონური ჩეხურს ჰგავს, სპექტაკლის ნაწილი ინგლისურად იყო დადგმული, ასე რომ ორ ენაზე ისმოდა ტექსტი - ფასეულობებზე კამათი ახალგაზრდებში, რომლებიც კაპიტალისტურ ქვეყანაში ცხოვრობენ, მაგრამ იმავდროულად ქვეყანაში, რომელშიც კვლავაც დიდია ეკლესიის როლი.

სპექტაკლში ახალგაზრდა წყვილი კამათობს იმაზე, თუ რა არის მთავარი, - როგორც ახალგაზრდა კაცი ირწმუნება, ფული, წარმატება, გართობა თუ - ახალგაზრდა ქალის აზრით, სხვებზე ზრუნვა, დახმარების გაწევა ადამიანებისთვის, ვისაც უჭირს, როგორც ამას პიერ ჯორჯო ფრასატი ამბობდა...

სწორედ პიერ ჯორჯო ფრასატის - 1925 წელს სულ 24 წლის ასაკში გარდაცვლილი და კათოლიკური ეკლესიის მიერ ნეტარად შერაცხული იტალიელი ქველმოქმედის ნააზრევს ეფუძნება სპექტაკლი, რომელიც ტორუნის ალტერნატიულმა ღია თეატრმა წარმოადგინა. სპექტაკლის რეჟისორის, ემილია ბეტლეიევსკას განმარტებით:

“პიერ ჯორჯო მრავალი წელია, ცნობილი მოღვაწეა პოლონეთში - მას ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე იცნობდნენ. და მითუმეტეს პაპ იოანე პავლე მეორის გამო, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა. ის ფრასატის მიიჩნევდა ახალგაზრდობისთვის მისაბაძ ადამიანად”.

სან-პაულუს (ბრაზილია) თეატრის წარმოდგენა "მიწაგამოცლილი"
სპექტაკლის რელიგიურმა თემამ ზოგ ჩეხ მაყურებელს ისიც კი აფიქრებინა, რომ ტორუნის თეატრი ალტერნატიულთან ერთად კათოლიკურიცაა. ასე არ აღმოჩნდა, მაგრამ მაყურებლის რეაქცია მოულოდნელი არ ყოფილა ფესტივალის ორგანიზატორის აკრამ სტანეკისთვის: “მე სპექტაკლი მომეწონა. და ისიც გამიხარდა, (ამიტომ მოვიწვიეთ კიდეც თეატრი პოლონეთიდან), რომ ასახავენ იმას, რაც ევროპული კონტექსტში გამონაკლისია. ეს არის ძალიან რელიგიური ხალხი. ჩვენთვის, ჩეხებისთვის ეს ძალიან საინტერესოა იმ მიზეზით, რომ ჩეხეთია ევროპის ყველაზე ნაკლებ რელიგიური რეგიონი, პრაღა ხომ საერთოდ, ურწმუნო ქალაქად ითვლება. ამიტომ, პოლონურ კულტურასთან კონტაქტი ჩვენთვის ყოველთვის ძალიან საინტერესოა და ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა ფესტივალის სხვა, უცხოელი მონაწილეებისთვისაც: ეს დაძაბულობა ორ სლავურ ხალხს შორის.” .

დაძაბულობა მშვიდობიანად განიმუხტა პრაღაში, დამოუკიდებელი და სამოყვარულო თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე - ფესტივალზე დევიზით “თეატრი კომუნისკაციის საერთაშორისო ენაა”.
XS
SM
MD
LG