Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შეიქმნა „ჩაკრულოსთვის“ ტექსტის ახალი ვარიანტი?


ცნობილი ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“ მსოფლიო პოლიფონიის ერთ-ერთ შედევრადაა აღიარებული. მისი დღემდე ყველაზე გავრცელებული ვარიანტი პირველად გასული საუკუნის 50-იან წლებში იმჟამინდელმა სახელმწიფო ანსამბლმა ჩაწერა. მას შემდეგ ქართული ხალხური სიმღერის ყველა შემსრულებელი „ჩაკრულოს“ ამ ვარიანტს მღეროდა.

ვინ და როდის შექმნა ეს ტექსტი, ზუსტად არავინ იცის. ანსამბლ “რუსთავის ხელმძღვანელის ანზორ ერქომაიშვილისთვის ამავე სიმღერის მინიმუმ 5 ტექსტია ცნობილი, თუმცა მათი სტილი „ჩაკრულოს“ დამკვიდრებული ვარიანტისგან დიდად არ განსხვავდება. რადიო თავისუფლებას ანზორ ერქომაიშვილმა ამ დამკვიდრებული ვარიანტის პირველი ნაწილი შეახსენა:

„ხიდისთავს შევკრათ პირობა, ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია,
ჩავუხტეთ მუხრან- ბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანია.
მუხრან- ბატონის ყმობითა, ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა,
დეკეული ვერ გავზარდე, კალო ვერ ვლეწე მოზვრითა.“

პირველ სტროფს ამ შინაარსის მეორე მოსდევს:

„ხმალო, ხევსურეთს ნაჭედო, თელავში თუშმა დაგფერა,
მეფე ერეკლემ გაკურთხა, საომრად ჯვარი დაგწერა.“

ანზორ ერქომაიშვილი
ანზორ ერქომაიშვილი ფიქრობს, რომ „ჩაკრულოს“ ამ დამკვიდრებული ვარიანტის პირველ და მეორე ნაწილებს შორის არანაირი ლოგიკური კავშირი არ არსებობს. ფოლკლორის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ „ჩაკრულოს“ პირველი ნაწილის მსგავსი საყოფაცხოვრებო შინაარსის ლექსები ხალხურ პოეზიაში რუსეთთან საქართველოს შეერთების შემდეგ გაჩნდა და ხალხურ სიმღერებშიც გადაინაცვლა. ეს ტენდენცია კი განსაკუთრებით კომუნისტური მმართველობისას აიტაცეს. ანზორ ერქომაიშვილი იხსენებს, რომ საბჭოთა პერიოდში „ჩაკრულოს“ სახელად „რევოლუციური“ დაარქვეს, და დასძენს: „თუ რევოლუციური იყო, მაშინ უნდა დაგემხო მუხრან- ბატონი, თავზე დაგენგრია ბანი და ყველაფერი უბედურება მომხდარიყო. მაგრამ დაიშალა ეს საბჭოთა კავშირი, აღარ არის!“

ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ გამონაკლისი მხოლოდ „ჩაკრულო“ არ ყოფილა - საბჭოთა იდეოლოგიას არაერთი სხვა ქართული ხალხური სიმღერის შინაარსი მოარგეს.

რაც შეეხება მსოფლიო პოლიფონიის შედევრად აღიარებულ „ჩაკრულოს,“ ის ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას მსმენელის სრულიად განსაკუთრებულ ემოციას იწვევდა და ასეა დღესაც. ანზორ ერქომაიშვილმა გაიხსენა ცნობილი ფაქტი, როდესაც სახელმწიფო ანსამბლს, ანზორ კავსაძის ხელმძღვანელობით, აშშ-ის უდიდეს საკონცერტო დარბაზებში მსმენელი „ჩაკრულოს“ გამეორებას რამდენჯერმე სთხოვდა.

უცხოეთში ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტებისას ასევე არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც „ჩაკრულოს“ შესრულებისას დარბაზში მაყურებელი ფეხზე დგებოდა. ამ კონცერტების შემდეგ უცხოელები ანზორ ერქომაიშვილს საკმაოდ ხშირად ეკითხებოდნენ, თუ რის შესახებაა ეს სიმღერა. „რუსთავის“ ხელმძღვანელი მხოლოდ იმას პასუხობდა, რომ სუფრულია და, ამასთან, პატრიოტული სიმღერა და რომ ამერიკელებმა, მსოფლიო ცივილიზაციის იშვიათ ნიმუშებთან ერთად, 1977 წელს კოსმოსში გაგზავნეს. მათში კი, ვისაც მხოლოდ ეს პასუხი არ აკმაყოფილებდა და უშუალოდ ტექსტის გადათარგმნას ითხოვდა, „ჩაკრულოს“ პირველი ნაწილის შინაარსი გაკვირვებას იწვევდა.

სუფრული და, ამავე დროს, უაღრესად ამაღლებული და პატრიოტული „ჩაკრულოს“ პირველი და მეორე ნაწილების ლოგიკურად გადაბმაზე ფიქრი ანზორ ერქომაიშვილმა დიდი ხნის წინ დაიწყო. შესაბამისი ტექსტის მოძიებას თავის დროზე ვახუშტი კოტეტიშვილიც ცდილობდა. ფოლკლორის სპეციალისტებს შემდეგ მწერალი და მთარგმნელი დავით წერედიანიც შეუერთდა და „ჩაკრულოს“ პირველი ნაწილისთვის შესაბამისი ტექსტის ძიებამ კონკრეტული შედეგი გამოიღო. მათ შორის აღმოჩნდა ფრაგმენტი ტიციან ტაბიძის ერთ-ერთი ლექსიდან, რომელიც, შესაძლოა, ხალხურიც იყოს:

„სამჯერ ვარ დაბადებული, მონათლულიც ვარ სამჯერა,

ერთხელ სიკვდილი რას მიზამს, ერთხელ სიკვდილის არ მჯერა.“

ანზორ ერქომაიშვილი ამბობს, რომ ეს სტრიქონები „ჩაკრულოს“ ძალიან მოუხდა და ძველი მეორე ნაწილის წინ იმღერება. მთლიანად პატრიოტული და ამაღლებული განწყობისთვის კი დასაწყისი ასე გარდაიქმნა:

„მცხეთას დარისხდნენ ზარები, მოსვლასა ხმობენ მტრისასა,

ამაჰყვა არაგვს ძახილი, მუხლს ვინ შაიბამთ მგლისასა.“
უკვე რამდენიმე ხანია, სწორედ ასე იწყება „ჩაკრულო“, ანსამბლ „რუსთავის“ შესრულებით. როგორც ანზორ ერქომაიშვილი ამბობს, საკუთარ არჩევანს თავს არავის ახვევენ. პირველი ნაწილის შეცვლილი ტექსტით შესრულება იმიტომაც გაბედეს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებში სიტყვების შეცვლა ტრადიციული მოვლენაა და, საკმაოდ ხშირად, ერთსა და იმავე სიმღერას სხვადასხვა ტექსტი აქვს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG