Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის ქართული წიგნის განვითარების პროგრამა?


თბილისის წიგნის ფესტივალი
თბილისის წიგნის ფესტივალი
სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრო იწყებს განხორციელებას „ქართული წიგნის განვითარების პროგრამისა“, რომელიც, სავარაუდოდ, ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ლაპარაკია წიგნის გამოფენების დახმარებაზე, მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაზე, ლიტერატურული პრემიებისა და სტიპენდიების თანადაფინანსების პროგრამაზე, ბიბლიოთეკების განვითარებისა და კითხვის პოპულარიზაციის პროექტებზე. წინასწარი ინფორმაციით, „ქართული წიგნის განვითარების პროგრამა“, რომელსაც ქართველი გამომცემლები წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნების ტოლფარდ მოვლენად მიიჩნევენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში დაახლოებით 2 მილიონი ლარით დაფინანსდება. ასევე იგეგმება, კინოცენტრის ანალოგიით, ქართული წიგნის ერთგვარი ცენტრისა თუ ფონდის შექმნა.

პროფესორი ზურაბ კიკნაძე ნახევარ საუკუნეზე მეტია მეცნიერულ მოღვაწეობას ეწევა, არის ავტორი რამდენიმე ათეული მონოგრაფიის და წიგნისა. ცნობილ პროფესორსა და ბიბლიოფილს, ბუნებრივია, ხელი მიუწვდება ინტერნეტსა და ონლაინ ბიბლიოთეკებზეც, თუმცა, ამის მიუხედავად, იგი ამბობს, რომ 21-ე საუკუნეც წიგნის საუკუნეა:

ზურაბ კიკნაძე
“ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ წიგნების საუკუნეში, წიგნების ცივილიზაციაში. წიგნს აქვს თავისი კულტურა... წიგნი არ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც ტექსტი წაიკითხოთ. ბევრი ჩემი მეგობარი კითხულობს ინტერნეტში, უამრავი რომანი აქვთ წაკითხული. მე თუ წიგნი არ დავიჭირე ხელში, არ შემიძლია. თავისთავად წიგნი, როგორც წიგნი, ესაა ძვირფასი ჩვენთვის!“

ზურაბ კიკნაძის თქმით, არაერთი მიზეზის გამო, დღეს გამომცემლობებსა და ავტორებზე მეტად მკითხველს უჭირს. ადამიანთა დიდი ნაწილი ვერ ახერხებს წიგნის შეძენასა და წაკითხვას. გამომცემელი და წიგნის მაღაზიის მფლობელი ბაკურ სულაკაური ამბობს, რომ საქართველოში 3 ათასზე მაღალი ტირაჟით ყველაზე პოპულარული თანამედროვე მწერლის აკა მორჩილაძის ბესტსელერად ქცეული წიგნებიც კი არ იყიდება.

„ნორმალურ სიტუაციაში ქვეყანაში ბესტსელერის რაოდენობა უნდა აღწევდეს ქვეყნის მოსახლეობის 10 პროცენტს. ასეთი სტატისტიკაა ევროპაში, ანუ სინამდვილეში ბესტსელერის რაოდენობა საქართველოში უნდა იყოს 400 ათასი ცალი“, უთხრა რადიო თავისუფლებას ბაკურ სულაკაურმა. იგი დარწმუნებულია, რომ „ქართული წიგნის განვითარების პროგრამა“, რომლის განხორციელებასაც კულტურის სამინისტრო ქართველ გამომცემლობებსა და ლიტერატორებთან ერთად აპირებს, არსებულ ვითარებას მკვეთრად შეცვლის:

„ეს არის პროგრამა, რომლის განხორციელების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გარღვევა, ვიდრე თუნდაც ეს იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნის შემთხვევაში მე-19 საუკუნეში. რაც შეეხება თვითონ პროგრამას, იგი შეიძლება განვითარდეს ხუთი ძირითადი მიმართულებით.“

ხუთიდან პირველი მიმართულება წიგნის გამოფენების დახმარებას ითვალისწინებს. კულტურის სამინისტრო დააფინანსებს როგორც თბილისის წიგნის ფესტივალს, ასევე საქართველოს კოლექტიურ სტენდს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. მეორე მიმართულება ითვალისწინებს როგორც უცხოური ლიტერატურის ქართულად, ასევე ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნას. მწერალი ლაშა ბუღაძე ამბობს, რომ, მრავალფეროვნების მიუხედავად, თანამედროვე ქართულ ლიტერატურას საზღვარგარეთ თითქმის არავინ იცნობს:

ლაშა ბუღაძე
„ფრანკფურტის ბაზრობაზე გახლდით შარშან. ყველა მოდიოდა და გვთხოვდა, მომეცით წიგნი, რომ წავიკითხო და თქვენ ქვეყანაზე გავიგო რაღაცო. მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ლიტერატურული ტენდენციები მსოფლიოში სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტისაა. თურქი მწერალი ორჰან ფამუქი არ არის მხოლოდ ესთეტიკური კატეგორია. რეალურად რა ხდება თურქეთში, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ სწორედ ფამუქის ტექსტებიდან. „მომეცით წიგნი, რომ წავიკითხო!“ პასუხად, ჩვენ ვერაფერს ვაძლევთ“.

პროგრამის მიხედვით, ქართველი ავტორების უცხო ენებზე გამოცემა გაიოლდება, თუკი თარგმნისათვის საჭირო ხარჯს, გამომცემლობის ნაცვლად, კულტურის სამინისტრო დაფარავს. გამომცემლობა „ლოგოს პრესის“ დამფუძნებელი ლაშა ბერაია განმარტავს:

„თარგმანის ხარჯი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარჯი გამოცემის პროცესში. ამიტომ, ამ ხარჯს თუ აიღებს კულტურის სამინისტრო თავის თავზე, ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს ქართველ გამომცემლებს, ვინაიდან ისინი უფრო იოლად იპოვნიან უცხოეთის გამომცემლობებს, რომლებიც დათანხმდებიან გარისკვას და ქართველი ავტორის გამოცემას.“

„ქართული წიგნის განვითარების პროგრამის“ მესამე მიმართულება ლიტერატურული პრემიებისა და სტიპენდიების დაწესება-თანადაფინანსებას ითვალისწინებს. ამჟამად საქართველოში ორიოდე ყოველწლიური პრემია გაიცემა, რაც ლიტერატურული პროცესის სტიმულირებისთვის საკმარისი არაა. ასევე არ გაიცემა სტიპენდიები დამწყები და მხცოვანი მწერლებისთვის, ისევე როგორც სამოგზაურო და სამივლინებო გრანტები. პროგრამა ამგვარი ვითარების რადიკალურ შეცვლასაც ითვალისწინებს.

„გამოიყოფა დაახლოებით 2 მლნ ლარამდე და ეს არ არის დიდი თანხა იმ ნაყოფიდან და უკუგებიდან, რასაც ამ საქმიდან მივიღებთ.“ - საქართველოს კულტურის მინისტრის ნიკა რურუას ამ ოპტიმიზმს იზიარებენ ქართველი მწერლებიც. პროგრამით აღფრთოვანება ვერ დამალა ზაზა ბურჭულაძემაც კი, შემოქმედმა, რომელიც ყოველთვის სკეპტიკურად უყურებდა მწერალთა ფორმალურ გაერთიანებებს, ლიტერატურულ პრემიებსა და მწერლების კულტურის ჩინოვნიკებთან სიახლოვეს.

ზაზა ბურჭულაძე
„რასაც დღეს საფუძველი ჩაეყარა, ესაა ძალიან მაგარი, მაგარი საქმე!“, თქვა ზაზა ბურჭულაძემ.

საფუძველი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩაეყარა „ქართული წიგნის განვითარების პროგრამას“, რომლის მეოთხე მიმართულება საბიბლიოთეკო სისტემის განვითარების კონცეფციის შემუშავებას ითვალისწინებს. წინასწარი ინფორმაციით, ოპტიმიზაციის შემდეგ მოხდება ბიბლიოთეკების გადაიარაღება და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ვაუჩერებით სამკითხველოები შეძლებენ წიგნსაცავების შევსებასა და გამრავალფეროვნებას. პროგრამის მეხუთე მიმართულებად კი კითხვის პოპულარიზაციის პროგრამაა გამოყოფილი, თუმცა კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ პრიორიტეტების გამოსაკვეთად საჭიროა სოციოლოგიური კვლევის დასრულება. პროფესორი ზურაბ კიკნაძეც, ვისი ცხოვრებაც მჭიდროდაა წიგნთან დაკავშირებული, მიიჩნევს, რომ ზრუნვა მკითხველზე, როგორც წიგნის საქმის მამოძრავებელ ძალაზე, საშური საქმეა.

„ადრე, საბჭოთა წყობილების დროს, წიგნების დამტარებლები იყვნენ, მკითხველთან სახლში მიჰქონდათ წიგნი... ახლაც არის ინტერნეტში, მაგრამ მთელი საზოგადოება არ არის ამაში ჩაბმული და ვერ აუღო ალღო ამას, რომ წიგნი მოიპოვოს... კიდევ კარგა ხანს წიგნის ცივილიზაციაში ვიქნებით ჩვენ“, უთხრა ზურაბ კიკნაძემ რადიო თავისუფლებას.

სწორედ იმისათვის, რომ წიგნის ცივილიზაციაში ღირსეულად ვიყოთ წარმოდგენილი, „ქართული წიგნის განვითარების პროგრამის“ ავტორები მიიჩნევენ, რომ უნდა შეიქმნას ქართული წიგნის ერთგვარი ცენტრი თუ ფონდი, რომელსაც ეყოლება მწერლებისა და გამომცემლებისგან შემდგარი მეურვეთა შვიდკაციანი საბჭო და რომელიც განსაზღვრავს ქართული წიგნის განვითარების სახელმწიფო პროგრამის პრიორიტეტებს. ცენტრს ასევე ეყოლება დირექტორი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საბჭოს წინაშე. საბჭო კი პერიოდულად ანგარიშს კულტურის სამინისტროს ჩააბარებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG