შემდეგი გადაცემები:


ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,7296
GEL / 
EUR
2,3292
GEL / 
RUB
0,0573

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

ეკონომიკა / საქართველო

საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტი მოამზადა

დაუმთავრებელი მშენებლობა თბილისის ცენტრში

02.07.2009
ორიოდე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკის სტიმულირების ახალი ფინანსური პაკეტის პრეზენტაცია მოაწყო. სამთავრობო გეგმის მთავარი მიზანია საბანკო სესხების მასშტაბების გაზრდითა და სამშენებლო ბიზნესის დაკრედიტებით ეკონომიკური აქტივობა გამოიწვიოს. საამისოდ საქართველო აპირებს 200 მილიონი აშშ დოლარის სესხის აღებას კომერციული ბანკებისთვის, რათა მათ კრედიტების გაცემა შეძლონ. ამ მიზნისთვის განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებებიც და გამარტივდება საბანკო რეგულირება. კერძოდ, 21–დან 18 პროცენტამდე შემცირდება კრედიტების გასაცემად საჭირო სადაზღვევო თანხის მოცულობა. მთავრობის გაანგარიშებით, ეს ბანკებს დაახლოებით 700 მილიონ ლარს გამოუნთავისუფლებს და ისინი ამ თანხებით დამატებითი კრედიტების გაცემას შეძლებენ. საქართველოს პრემიერ–მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, მთავრობის ძალისხმევის მიზანია ეკონომიკური აქტივობის გაზრდა.

ნიკა გილაური, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
„ფინანსური პაკეტის რაღაც ნაწილი არის ისეთი, რომელიც მყისიერ ეფექტს მოგვცემს და ასევე რაღაც ნაწილი, რომელიც მომავალ წელზეა გათვლილი“, – განაცხადა ნიკა გილაურმა.

მთავრობის ინიციატივით, ბანკირები კმაყოფილი დარჩნენ, მათ შორის, „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ენუქიძე. მან აღნიშნა, რომ მთავრობის დახმარებით უფრო მეტი ბიზნესმენები შეძლებენ კრედიტების მიღებას:

„სამუშაო ადგილები გაჩნდება და, ასე რომ ვთქვათ, ეკონომიკის ამოქოქვა მოხდება სწრაფ რეჟიმში.“

სულ ერთი კვირით ადრე ნიკოლოზ ენუქიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მის ბანკს საკმარისზე მეტი ფული აქვს და რომ კრედიტებს მაღალი რისკების არსებობის გამო არ გასცემენ. მან ეროვნული ბანკის მონაცემები მოიშველია, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ბანკის ლიკვიდურობის კოეფიციენტი მოთხოვნილზე თითქმის ორჯერ მაღალია.
საქართველოს ბანკებს რომ მაღალი ლიკვიდურობა აქვთ, ანუ ნაღდი ფული რომ საჭიროზე მეტი აქვთ, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც აღიარებს და ამ ნაღდი ფულის ასათვისებლად 260 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს. მაშ, რა საჭიროა ბანკების სტიმულირებისთვის 200 მილიონი აშშ დოლარის სესხად აღება და სხვა სამთავრობო ჩარევები? ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე–პრეზიდენტი გია ჯანდიერი ამბობს, რომ ამგვარი სამთავრობო ჩარევა კარგს არაფერს მოიტანს, რადგან ბანკები იძულებით რისკებს შეამცირებენ, რაც არასტაბილურობის საფრთხეს კიდევ უფრო გაზრდის.

საქართველოს მთავრობა საბანკო სექტორს სთავაზობს უფრო მეტ რისკზე წავიდეს სამშენებლო ბიზნესის დაკრედიტირების პროცესში. მთავრობა კრედიტების აღებისას დეველოპერულ კომპანიებს გარანტად უდგება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სამშენებლო კომპანია ბანკში კრედიტის დაბრუნებას ვერ შეძლებს, მას სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს გადასახადის გადამხდელთა თანხებით. ასეთი გარანტიების სისტემით მთავრობას სურს შეჩერებული მშენებლობების განახლება და თბილისის ავარიული შენობების რეაბილიტაციის დაწყება. მთავრობის ამგვარ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი, დემურ გიორხელიძე, რომელიც საბიუჯეტო თანხების კერძო კომპანიებზე გაცემას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

სახელმწიფო სტიმულირების პროგრამაში კორუფციისა და გადასახადის გადამხდელთა თანხების არამიზნობრივად ხარჯვის საფრთხეს ხედავს ეკონომიკის ექსპერტი გია ჯანდიერიც და ეჭვობს, რომ ის შედეგს მოიტანს:

„ასეთ სქემებს მთელ მსოფლიოში არსად დადებითი შედეგი არ მოუტანია.“

გასულ კვირაში, თბილისში სტუმრობისას, ნობელის პრემიის ლაურეატმა, ცნობილმა ეკონომისტმა რობერტ მანდელმა საქართველოს სავალუტო პოლიტიკა დაუწუნა და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად შემდგომი ლიბერალიზაცია და გადასახადების შემცირება ურჩია.
ეს ფორუმი დაიხურა
Comment Sorting
     
კომენტარები
ავტორი: Lord Vader
04.07.2009 11:03
ზოგადად სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური აქტივობის სტიმულირების პაკეტების წარმატებულობა საეჭვოა. რუზველტის New Deal, რომელზედაც უთითებენ როგორც მოდელზე - რეალურად დიდი დეპრესიის გახანგრძლივების მიზეზი გახდა. ამაზე არაერთი თანამედროვე გამოკვლევა მიუთითებს.
World Growth Institute პრეზიდენტმა ჯეიმს გლასმანმა ახლახანს გამოაქვეყნა საინტერესო მონაცემები იმის თაობაზე, თუ როგორი იყო ეფექტი სხვადასხვა მთავრობის მიერ ჩატარებული ამ ტიპის სტიმულირებისა და შედეგები არსად არ არის დადებითი.
დაბოლოს, სულ ახლახანს გამოქვეყნებული სენატორ კობურნის რაპორტი აჩვენებს თუ რამდენად ფუჭი აღმოჩნდა სტიმულირების ის ნაბიჯები, რაც ობამას ადმინისტრაციამ უკვე გადადგა.
ეკონომიკის რეალური გამოცოცხლებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ფულის ინექციების ნაცვლად, უმჯობესია კანონმდებლობის შემდგომი ლიბერალიზაცია და საგადასახადო წნეხის შერბილება. საშემოსავლო გადასახადის კიდევ მეტად შემცირება მაგალითად. ასევე დღგ დაბეგვრის პრინციპის გადახედვა - აზრს მოკლებული არ არის ვთქვათ ბრუნვის გადასახადის შემოტანა.
თუმცა შექმნილი სიტუაცია არაორდინალურია. აქ რჩევა ძალიან ადვილია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ურთულესი.

ავტორი: გიორგი ჩიქოვანი საიდან გვწერთ: თბილისი
04.07.2009 01:09
სახელმწიფოს გარანტორობა "სხვისი ფულის" ხარჯზე სხვა რომ არაფერი დამცინავად ჟღერს, ამას თუ დავუმატებთ იმას რომ ამ "სხვა ფულის" მნიშვნელოვანი ნაწილი ამავდროულად იმავე კომპანიების გადახდილია ან გადასახდელია. სრულ გაუგებრობას იწვევს.
კიდევ მეორე ფაქტორი: თუ კომპანია რომელსაც თავისი "წარმატებული სამინობისთვის" კრედიტის აღების აუცილებლობა აქვს, ხოლო ამისთვის გარანტორად "სხვა" სჭირდება, თუნდაც სახელმწიფო, ე.ი. მისი მისი საქმიანობის "წარმატებულობა" აბსურდია, შესაბამისად ნებისმიერი ბანკი თანამშრომლობაზე ნებაყოფლობით არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოვიდეს...
მოკლედ ჩვენი სახელმწიფო კიდევ ერთ წინასწარ პროგნოზირებად კრახს ამზადებს!
მადლობა სტატიის ავტორს ამ საკითხის გარშემო კითხვის ნიშნების "გაჩენისთვის".
     
ტექსტის ზომა - +

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS