Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ზოგ ქალაქთან ქუთაისის მეგობრობა ქაღალდზე შედგა


ქუთაისი თექვსმეტ ქალაქთან არის დამეგობრებული. ქუთაისის თვითმმართველობას ზოგ მათგანთან ახლო და საქმიანი ურთიერთობა აქვს, ზოგთან მეგობრობა კი მხოლოდ ქაღალდზე შედგა. მერიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების წარმომადგენლის ვალერი შაშიაშვილის თქმით, ქუთაისს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს უკრაინასთან, სადაც მეგობრობის მემორანდუმი ოთხ ქალაქთან არის გაფორმებული. მისი თქმით, ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ყოველ წელს მონაწილეობს ტურნირში, რომელიც ხარკოვში იმართება.

ვალერი შაშიაშვილის თქმით, ქუთაისს კარგი ურთიერთობა აქვს ნიუპორტთან. ცოტა ხნის წინ ქუთაისელმა მეხანძრეებმა კვალიფიკაცია ნიუპორტში აიმაღლეს, მეგობარი ქალაქის მერიამ საგანგებო სიტუაციების სამსახური სახანძრო მანქანებითაც დაასაჩუქრა.

ჯერჯერობით მეგობრობის მემორანდუმი არ გაფორმებულა ქუთაისსა და გელზენკირხენს შორის, თუმცა ამ ორ ქალაქს თანამშრომლობის საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ქართულ-გერმანულ ურთიერთობათა ცენტრის დირექტორის ნანა მეგრელიშვილის თქმით, გერმანელი პარტნიორები ქველმოქმედებით არიან ცნობილი. ქუთაისში პირველი ინვესტიციაც მათ დააბანდეს და ერთობლივი საწარმო გახსნეს.

გერმანელთა ქველმოქმედება იმდენად ხშირია, რომ ქუთაისელთა უმრავლესობამ დამეგობრებულ ქალაქებს შორის ყველაზე მეტი გელზენკირხენის შესახებ იცის. რადიო თავისუფლების ერთ-ერთ რესპონდენტს გაუკვირდა კიდეც, რომ ქუთაისი და გელზენკირხენი დაძმობილებულნი არ არიან. რესპონდენტები ამბობენ, რომ მეგობარ ქალაქებს შორის თანამშრომლობა, უმეტეს შემთხვევაში, ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტებით შემოიფარგლება.

ქუთაისი სხვადასხვა ქალაქებთან დაძმობილებას განაგრძობს. როგორც მერიაში ამბობენ, ქუთაისის მეგობარ ქალაქებს მალე პოზნანი შეემატება.
XS
SM
MD
LG