უსმინეთ

ახლა ეთერშია

საღამოს თავისუფლება

შემდეგი გადაცემები:

ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,7296
GEL / 
EUR
2,3292
GEL / 
RUB
0,0573

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

კულტურა / საქართველო

პიკასო სიღნაღში

21.06.2009
რამდენიმე დღეში სიღნაღში დაიხურება პაბლო პიკასოს ნამუშევრების გამოფენა, რომელიც თითქმის ერთი თვის წინ გაიხსნა. ექსპოზიცია ჯერ თბილისში, შემდეგ კი ბათუმში გადაინაცვლებს. თბილისში, შესაძლოა, პიკასოს გამოფენას ასეთი აჟიოტაჟი არ მოჰყვეს - ჯერ ერთი, იმიტომ რომ ივლისში ქალაქი ცარიელდება და, მეორეც, რაც მთავარია, ხელოვნების თბილსელმა მოყვარულებმა უკვე ნახეს პიკასოს ნამუშევრები სიღნაღში... ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა სიღნაღში ჩასვლისას: დაახლოებით ერთი საათი ვიდექი რიგში მუზეუმში მოსახვედრად... რიგი გამოფენაზე... ასეთი რამ 80-იან წლებში მოხდა მხოლოდ, როცა თბილისის ხელოვნების მუზეუმში ჰამერის კოლექციის ექსპოზიცია გაიხსნა, თუმცა ამდენი ხალხი მუზეუმში არც მაშინ მახსოვს. რას წარმოვიდგენდი, რომ ხალხი ავტობუსებით გამოემართებოდა სიღნაღში პიკასოს სანახავად.

მუზეუმის სალაროსთან ბავშვები ჭარბობდნენ. მათთან გასაუბრება მოვინდომეთ, მაგრამ უარი გვითხრეს. აშკარა იყო, რომ უმცროსკლასელებს გაუჭირდათ პიკასოს იმ ლინოგრავიურების აღქმა, რომლებიც კრისტიან ზერვოსის საკუთრებას წარმოადგენს (გაგახსენებთ, რომ ეს ნამუშევრები სიღნაღის ძმადნაფიცი ქალაქის, ვეზელეს, მუზეუმში ინახება, საფრანგეთში. თავად ზერვოსის მუზეუმი რომენ როლანის სახლშია განთავსებული. პიკასოს გარდა, აქ ერნსტის, მიროს, კანდინსკის ნამუშევრებია დაცული). ბავშვები კი არა, მოზრდილებმაც უარი გვითხრეს ინტერვიუზე - ჯერ უნდა კარგად ჩავწვდეთო.

არსებითად სიღნაღის მუზეუმში გამოფენილი პორტრეტები და ნატურმორტები, ასე ვთქვათ, ”ტიპიური პიკასოა”, თუმცა იმ ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ვისაც ეს ნამუშევრები არ უნახავს, შეიძლება უცნაურადაც გამოიყურებოდეს ეს პორტრეტები - ეს ”პროფილი და ანფასი” ერთად..სხვათა შორის, ბავშვების რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტად ამან გააკვირვა დამთვალიერებელი...და კიდევ მკაცრმა დაცვამ. სურათებთან მიახლოებისთანავე სიგნალიზაციის სისტემა ირთვებოდა - ბავშვებს ეს ძალიან მოეწონათ და, მიუხედავად დაცვის შენიშვნებისა, ”სიგნალიზაციასთან თამაშით” მშვენივრად გაერთნენ.

თუმცა უფროსები კმაყოფილებიც ჩანდნენ. ხანგრძლივად იდგნენ თითოეული სურათის წინ და მსჯელობდნენ - ვინ არიან პიკასოს პორტრეტებში გამოხატული ადამიანები, როგორი მზერა აქვთ. ვიღაცებს უკვირდათ, რომ 2009 წელი ასეთი მხატვრის, ე.ი. პიკასოს, წლად გამოცხადდა.

ელენე ახვლედიანი პერიოდულად აწყობდა ხოლმე მხატვართა შეკრებებს სიღნაღში - აქვე ხატავდნენ და აქვე აწყობდნენ გამოფენებს. სიღნაღი ცნობილი იყო როგორც კლასიკური მუსიკის ცენტრიც - აქ, ვანო სარაჯიშვილის სამშობლოში, დღესაც იმართება სახალხო ზეიმი ”ვანოობა”...წელს თიბისი ბანკმა სიღნაღში გახსნა სამხატვრო გალერეაც. სიღნაღი ოდითგანვე ცნობილი იყო პატარ-პატარა სახელოსნოებით. საბჭოთა ეპოქაში აქ ხალიჩების ფაბრიკაც მუშაობდა... ფიროსმანზე აღარაფერს ვიტყვი. პიკასომ, უბრალოდ, ჩაანაცვლა ფიროსმანის სურათები, რომლებიც კედლებიდან ჩამოხსნეს... თუმცა, რაოდენ დიდიც უნდა იყოს პიკასოს გამოფენის მიმართ ინტერესი, ეს ლინოგრავიურები, მიუხედავად იმისა, რომ პირველადი ამონაბეჭდებია, თავისი მნიშვნელობით, თავისი ფასით, ფოროსმანის ფერწერული ტილოების ორიგინალებს ნამდვილად ვერ გაუტოლდება. არადა, 2008 წლის შემოდგომაზე ზერვოსის მუზეუმში ფიროსმანის 17 სურათი გამოიფინა, ანუ ეს გამოფენა, ფაქტობრივად, გაცვლით ხასიათს ატარებს... შეიძლება ცოტა სნობიზმიცაა სიღნაღში სპეციალურად ჩასვლა პიკასოს ლინოგრავიურების სანახავად. მაგრამ, თუკი პიკასოს სანახავად ხალხი მართლაც მხოლოდ სნობიზმმა ან, უბრალოდ, დროის მოკვლისა და გასეირნების სურვილმა ჩაიყვანა სიღნაღში, ეს აჟიოტაჟი მაინც პოზიტიური მოვლენაა, იმის მანიშნებელი, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები მზად არიან შემეცნებისთვის, რაღაც ახლის ნახვისთვის...ადამიანებს არ ეზარებათ საათობით მზის გულზე რიგში დგომა იმის სანახავად, რასაც არც ქუჩა სთავაზობს, არც ტელევიზია... ეს ბავშვები პიკასოს შეიძლება ვერ ჩასწვდნენ ან არ დაამახსოვრდეთ, მაგრამ სახლებში დაბრუნებისას იმას მაინც იტყვიან, ხელოვნების მუზეუმში ვიყავით - სიღნაღის ხელოვნების მუზეუმშიო.
ეს ფორუმი დაიხურა
Comment Sorting
     
კომენტარები
ავტორი: mariami საიდან გვწერთ: Tbilisi
08.07.2009 23:19
რას წარმოვიდგენდი, რომ ხალხი ავტობუსებით 'გამოემართებოდა' სიღნაღში პიკასოს სანახავად.
ეს შეიძლება ესეც ითქვას - რას წარმოვიდგენდი, რომ ხალხს ავტობუსებით გამომართავდნენ სიღნაღში პიკასოს სანახავად...

ავტორი: te საიდან გვწერთ: tbilisi
06.07.2009 13:42
გუშინ გახლდით სიღნაღში, პიკასო მართალია ვერ მოვინახულე, მაგრამ ამ პატარა მინიატურული სილამაზით კი ნამდვილად დავტკბი, რომელიც პიკასოზე ნაკლები ნამდვილად არ არის:)

ავტორი: irina საიდან გვწერთ: tbilisi
27.06.2009 18:48
გოგი, გეთანხმებით. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, (თუმცა მე და ბევრი ჩემი მეგობარი მაგალითად თბილისში ვაპირებთ პიკასოს ნახვას), მაინც კარგია - თუნდაც ჩვევის გამო, სიღნაღის გამო და ა.შ. ქვემოთ მივმართავ: ძალიან გთხოვთ, ნუ გაუჭირეთ ამ საზოგადოებას საქმე, არავინ არ თვლის უცნობს ილიად.

ავტორი: ლიუ–ლიუ საიდან გვწერთ: თბილისი
25.06.2009 15:59
La distinction. Critique sociale du jugement, ბატონო გოგი. ეს ბავშვები პიკასოს შეიძლება ვერ ჩასწვდნენ ან არ დაამახსოვრდეთ, მაგრამ თუ მაგალითად ისინი ათიოდე წლის შემდეგ შარდენზე სნობურ საზოგადოებაში მოხვდებიან, მერწმუნეთ, უთუოდ გაიხსენებენ "შთამბეჭდავ" ლინოგრავიურებს.

ავტორი: MAIKO საიდან გვწერთ: TIFLISI
24.06.2009 20:56
ოი,არც ვიცოდი აქ თუ კომენტარის გაკეთება შეიძლებოდა.
სასიხარულოა, რომ ქართულ საზოგადოებას პიკასოს ნამუშევრების საკუთარი თვალით ხილვის ბედნიერება ხვდა წილად. ამ ფუფუნებით ხომ ნაკლებად განებივრებულები ვართ. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ პაბლო პიკასოს შემოქმედებასთან მაზიარებლები გავხდით დღეს. ახლა, როცა ასე გვჭირდება მშვიდობა. პიკასო ხომ მსოფლიოში მშვიდობის მხარდამჭერთა ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელიც იყო.მან ამ თემას თავისი შემოქმედების ნაწილიც უძღვნა.
XX ს-ის ეს მართლაც გენია, საკუთარი გამორჩეული, შიბოლეტური სტილითა და ღრმა ფსიქოლოგიზმით იმდენად მომხიბლავია, რომ მის სანახავად რიგში დგომისთვის ერთ დღე-ღამესაც კი არასდროს დავინანებ.მისი თითქმის ყველა ნამუშევარი ღრმა ექსპრესიულობით გამოირჩევა და რეგისტრალური სივრცობრიობით ხასიათდება.
ის სურათები, რომლებიც ჩვენთან არის წარმოდგენილი: ლინოგრავიურები, ოფორტები, გრაფიკული ნამუშევრები იმდენად სტიგმირებულია (სიტყვის დადებითი მნიშვნელობით)პიკასოსეული ხედვით, რომ ისინი არასდროს შეგეშლება სხვა რომელიმე, თუნდაც კუბისტი მხატვრის შემოქმედებაში.
პ.ს.ის პატარები კი ნამდვილად ბედნიერები არიან, რადგან ბავშვობაში ნანახი და განცდილი არასდროს გავიწყდება ადამიანს.(:

ავტორი: buxrika1957 საიდან გვწერთ: tbilisi
24.06.2009 20:55
როგორ გეკადრებათ ნანა
21-ე საუკუნის ილია გიორგი გაჩეჩილაძეა. ასე თვლის საზოგადოება:)

ავტორი: nana საიდან გვწერთ: soxumi
24.06.2009 13:55
მე-19 საუკუნეს ჰყავდა ილია კრიტიკოსად, 21 საუკუნეში კი თქვენ ხართ. პრინციპში გავიგე რა გვაქვს ცუდი თვისება, მაგრამ კარგი რა გვაქვს, ის მაინც გამაგებინთ.
     

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS