სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 21:53

პოლიტიკა / საქართველო

მიხეილ სააკაშვილის გზა ორ არჩევნებს შორის

x
ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველთა 96%-ის ხმები მოიპოვა, 2008 წლის 5 იანვრის არჩევნები კი მანვე 53%-ით მოიგო. მიმდინარე პოლიტიკური მომენტი გაგრძელებაა იმ გზისა, რაც ქვეყნის პირველმა ლიდერმა და, მასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფომაც ამ ორ არჩევნებს შორის გაიარა.

2004 წლის თებერვალში, პრეზიდენტად პირველი ვადით არჩევიდან ერთ თვეში, მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვში, რადიოკომპანია „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტთან საუბრისას, ამგვარად შეაფასა თავისი სამომავლო კარიერა: „კარგად ვაცნობიერებ, რას ნიშნავს ამომრჩეველთა 96%-ის ნდობა. ჯერ 36 წლის ვარ და ამიერიდან მხოლოდ ქვევით თუ დავეშვები, ზევით გზა აღარ არის“.

ამ სევდიანი ფრაზის წარმოთქმიდან თითქმის 4 წლის შემდეგ ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა, ოფიციალური ინფორმაციით, ამომრჩეველთა 53,47%-ის ხმები მიიღო. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც პრეზიდენტი ვარაუდობდა – მის მიმართ მხარდაჭერა მკვეთრად შემცირდა.

ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი პირველი არჩევნების შემდეგ უსათუოდ ქვევით დაიწევდა, თავისთავად გულისხმობდა ორგვარ შესაძლებლობას. 96%-იანი ნდობა საზოგადოების მოაზროვნე ნაწილის მიერ თავიდანვე ფასდებოდა, როგორც არა საამაყოდ მაღალი მაჩვენებელი, არამედ, როგორც დაბალი ნიშნული ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. შესაბამისად, პრეზიდენტის საარჩევნო პროცენტი მომავალ არჩევნებში შემცირდებოდა ორი შესაძლო მიზეზიდან ერთ-ერთით: ან დემოკრატიის და პლურალიზმის განვითარების შედეგად, ან მიხეილ სააკაშვილის მიმართ ნდობის კლების გამო. სააკაშვილის კარგი პრეზიდენობის დასტური სწორედ ის იქნებოდა, თუკი შემდეგი არჩევნებისთვის სამოქალაქო საზოგადოება აღმოჩნდებოდა უფრო ძლიერი, ამომრჩეველი – უფრო კრიტიკული და მომთხოვნი, პრეზიდენტობის კანდიდატები – ღირსეული და არა ერთი, ხოლო გარემო – კონკურენტული და სამართლიანი. ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო პროცენტი ქვევით დაიწევდა, მაგრამ ქვეყანა მყარად დაადგებოდა დემოკრატიული განვითარების გზას და ამის დასტური იქნებოდა სამართლიანი არჩევნების პირობებში ერთი ღირსეული კანდიდატის გამარჯვება სხვა ღირსეულ კანდიდატებზე. პოლიტიკური პროცესის ამგვარი განვითარების პირობებში, პრეზიდენტობის მეორე ვადის მოგება 53%-ით მართლაც სასახელო იქნებოდა მიხეილ სააკაშვილისთვის. ეს იქნებოდა უფრო დიდი წარმატება, ვიდრე, თუნდაც, ვარდების რევოლუცია.

მაგრამ პროცესები სხვაგვარად განვითარდა. პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ვადაზე ადრე დაინიშნა, როგორც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ყველაზე ეფექტიანი საშუალება. კრიზისი გამოიხატა ხელისუფლების დაპირისპირებით საზოგადოების საპროტესტოდ განწყობილ ნაწილთან, მიტინგის სამჯერადი დაშლა-დარბევით 2007 წლის 7 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცდანიშნულების რაზმის შესვლით და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით. ამ ფონზე პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები, რომელიც, ოფიციალური მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილმა პირველსავე ტურში მოიგო, ცხადია, ვერ დაადასტურებდა ქვეყანაში დემოკრატიის გამტკიცებას და სააკაშვილის წარმატებულ პრეზიდენტობას.

2004 წელს, როდესაც ახლად არჩეული პრეზიდენტი „ეხო მოსკვის“ მსმენელებს ესაუბრებოდა, საქართველოს სამი პოლიტიკური ლიდერი ჰყავდა: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე. ქვეყნის მომავალი განვითარება დიდწილად იყო დამოკიდებული იმ ფაქტორზე, თუ რამდენად თანაბრად გადანაწილდებოდა რეალური ძალაუფლება ამ სამ ლიდერს შორის, რომელთაგან ორი ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ხელმძღვანელობდა. ძალაუფლების გადანაწილება არ შედგა და ამ ფაქტმაც დაადასტურა, რომ მეორე არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილი არ მისულა, როგორც გამარჯვებული ლიდერი.

2004 წელს არსებობდა კარგი შესაძლებლობა, რომ „დაღმავალი გზით“, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში საუბრობდა, იგი, თავის ქვეყანასთან ერთად, სინამდვილეში, გაცილებით „მაღლა“ აღმოჩენილიყო და თავდაპირველი 96%-იანი ნდობა ამით გაემართლებინა.

მაგრამ საარჩევნო პროცენტების კლება პირდაპირ დაუკავშირდა ხელისუფლების და პირადად პრეზიდენტის მიმართ ნდობის შემცირებას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვია დემოკრატიის დეფიციტმა, არჩევითი ორგანოების, პირველ რიგში, პარლამენტის დასუსტებამ, ძალისმიერმა პოლიტიკამ, გადაწყვეტილებების მიღებამ პრეზიდენტის გარემოცვის ვიწრო წრის მიერ. საბოლოოდ, ოპტიმისტური და პესიმისტური შესაძლებლობებიდან უარესი სცენარი გათამაშდა. პრეზიდენტის პროგნოზი – ამეირიდან მხოლოდ ქვევით თუ დავეშვებიო – პირდაპირი მნიშვნელობით აუხდა პირადად მასაც და, მასთან ერთად, ჩვენს საერთო სამშობლოსაც.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: გიო საიდან გვწერთ: Idaho
13.06.2009 03:13
ეს სტატია ძალიან მომეწონა!
ამის ინგლისური თარგმანი სადმე დაიბეჭდა?
ან როდის დაიბეჭდება?
მე მგონი საქართველოს ამბებით დაინტერესებულ, მაგრამ შედარებით საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის ეს სტატია მისწრება იქნება!

ავტორი: მოდერატორი
13.06.2009 03:13
ინგლისურად ეს სტატია არ თარგმნილა.

ავტორი: niko საიდან გვწერთ: france
10.06.2009 15:25
რადგან ქართული საგარეო პოლიტიკა ასე გადაეჭდო დასავლური ცხოვრების წესსა და რიგს, ვინც არ უნდა მოსულიყო საქართველოს სათავეში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ,არა მგონია სააკაშვილზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩენილიყო, რადგან დასავლეთის ინტერესები იმდენად დიდი აღმოჩნდა კავკასიაში, დაუჯერებელია, რომ იგი მხოლოდ ქართველი ერის ნებით გამხდარიყო პრეზიდენტი. ცნობილია, რომ დასავლეთს საქართველო აინტერესებს, როგორც ენერგიებისა და ტვირთბრუნვისათვის სატრანზიტო ქვეყანა და არა მარტო, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, წლითი-წლობით ურთულდებოდა ეკონომიური ურთიერთობანი ჯერ სსრ კავშირთან, ხოლო მისი დაშლის შემდეგ კი რუსეთის ფედერაციასთან. ამის გამო, ჩვენს შემთხვევაში საფუძვლიანად შეისწავლა კავკასიური ურჩობა რუსეთისადმი და გეგმაზომიერი პოლიტიკური, იდეოლოგიური და ეკონომიური მოქმედებით მიაღწია საწადელ სურათს - საქართველოში მკვეთრად გაძლიერდა დასავლური ორიენტაცია. ამ პოლიტიკურ ფონზე, თავისთავად ცხადია რუსეთი გულ-ხელდაკრეფილი არ დარჩებოდა, ჰკარგავს რა ეკონომიურ ბერკეტებს დასავლეთზე, მან საქართველოში აამოქმედა თავისი პოლიტიკურ - ჯაშუშური ბერკეტები (ეკონომიური, როგორც ყოველთვის ნაკლებად ემეტებოდა, მითუმეტეს სსრ კავშირის დაშლის შემდეგ). აი აქ კი ნათლად გამოჩნდა დასავლეთის უპირატესობა და ამის გამო აღმოვჩნდით დღეს ასეთი შიდაპოლიტიკური დაპირისპირების მოწმენი - დასავლეთსაც და რუსეთსაც, ბევრი მომხრე თუ ხელფასითა და პრივილეგიებით აღჭურვილი მსტოვარი ჰყავს საქართველოში. ასე რომ, ეს ჩემზე მეტად, თავად სააკაშვილმა უწყის და რა გასაკვირვია მისი მოსკოვური "წინასწარმეტყველება". საქმე არა მარტო ამაშია. რაც უფრო მყარია მისი დასავლური (თუნდაც რუსული) ორიენტაცია, მით უფრო ახლოს მივდივართ მეორე რუსულ-ქართულ ომთან (ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ). მომიტევეთ ჩემი ასეთი "ვაიანგარიში", მაგრამ როდესაც ა.შ.შ.-მ განაცხადა, რომ "გააჩნია სტრატეგიული ინტერესები კავკასიაში (იმავე თვეში იგივე განაცხადა რუსეთმაც), რომ ჩრდილოკავკასიაში აშკარაა ანტირუსული განწყობა და თითქმის ყოველდღე მიმდინარეობს საბრძოლო შეტაკებანი ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანში, ყაბარდოში. ამ ყოველივეს ფონზე, ძალიან ძნელია სხვაგვარად წარმოიდგინო ახლო მომავლის პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში და არა მარტო... ასე რომ დღევანდელი შიდა პოლიტიკური დაპირისპირებანი საქართველოში, ამ ომის ერთ-ერთ დეტონატორად მიმაჩნია და ვევედრები უფალს,რომ ეს არ მოხდეს. მე მწამს რომ ღმერთი არ გაწირავს ჩვენს სამშობლოს.

ავტორი: Gorgi საიდან გვწერთ: shoridan
09.06.2009 19:19
პრეზიდენტი როცა კადრებს იმის მიხედვით შეარჩევს, საზღვარგარეთ ვის უფრო მეტი კოკა კოლა აქვს დალეულიო და ფაშასავით ერთპიროვნულ, წინდაუხედავ (რბილად რომ ვთქვათ) გადაწყვეტილებებს მიიღებს, რეიტინგის შენარჩუნებას რომ ვერ შეძლებდა თავადვე უნდა მიმხვდარიყო.
თუმცა მიშას რას ვერჩი, თავისი გასჭირვებია, დაღვინების დასაჩქარებელი წამალი რომ ვერ იშოვა დღემდე. იმ დაღვინებული ოპოზიციონერების ხელშია უფრო ცოდო ქვეყანა, ერთმანეთს რომ ასწრებენ ხელისუფლებასთან ჩურჩულს და გარიგებას ღიად თუ ფარულად, ფოჩიანი კანფეტების მოლოდინში.
შენ კი ჩემო ია, გაძლება მოგცეს ღმერთმა, ხომ იცი: “ზოგჯერ თქმა შჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”, სიმართლეს ამბობ ცუდია, არ იტყვი და უარესია.

ავტორი: kote საიდან გვწერთ: bolnisi
09.06.2009 15:43
რას ვერჩით მიშიკოს? თვითონვე სცოდნია 2004-ში რომ აწი სულ დაბლა დავეშვებიო. თუმცა მე უფრო ვფიქრობ რომ სულელურად წამოსცდა, განა თვითონ არ იცოდა ის 96 პროცენტი ხალხის შევარდნაძისადმი (მათი აღმზრდელისადმი) სიძულვილის დამსახურება რომ იყო? ვარდების რევოლუცია მართლა საქართველოს სახელმწიფოებრიობისადმი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, თუკი პატივცემული ლიდერები ერთპარტიულად კი არა ცალცალკე პოლიტიკურ ორგანიზაციებად იყრიდნენ კენჭს პარლამენტში და საპრეზიდენტო არჩევნებზეც კონკურენტუნარიან გარემოში გაეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ასე რომ მომხდარიყო შეიძლება ეხლა არც პოლიტიკური კრიზისი გვქონოდა და არც ნდობის დეფიციტი. თუმცა მაშინ ხომ ბრწყინვალე გამარჯვების ნაალაფარი (საქართველო) იყო გასაყოფი და არ ერჩივნათ ერთ გუნდად გაეყოთ?

ყველაზე პოპულარული