Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული შტაბის უფროსების ბედი პოსტრევოლუციურ საქართველოში


ყოველკვირეული სამხედრო პროგრამის

”ჯარისკაცისა და სახელმწიფოს” თემა კვლავაც არმიის უმაღლეს ეშელონებში მიმდინარე გადაადგილებების პოლიტიკურ ასპექტებს ეხება. მინდა პოსტრევოლუციურ საქართველოში პირველი სამხედრო პირების - გაერთიანებული შტაბის უფროსების - ბედი გავიხსენო.
ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში ბოლო 5 წლის განმავლობაში მთავარი შტაბის 2 უფროსი შეიცვალა, რუსეთშიც - 2 , სომხეთში - 3, ხოლო მეზობელ აზერბაიჯანში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ბოლო 15 წლის განმავლობაში საერთოდ არ შეცვლილა. საქართველო ამ მხრივ უდავო ლიდერია: 2004 წლიდან მოყოლებული, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი მეექვსედ შეიცვალა. თუ ამ ციფრებიდან საშუალო არითმეტიკულსაც გამოვიყვანთ, გამოდის, რომ თითოეულმა გენერალური შტაბის უფროსმა საქართველოში ამ პოსტზე მხოლოდ 7 თვე დაყო. ეს კი, მიმომხილველების თქმით, კატასტროფულად მცირე დროა იმისათვის, რომ თუნდაც ყველაზე უფრო სტაბილური და მოწესრიგებული ქვეყნის არმიის ეფექტიანი დაგეგმვა, მართვა და განვითარება განხორციელდეს. უსაფრთხოების ექსპერტი ლევან ცუცქირიძე ასეთ ხშირ საკადრო ცვლილებებს საგანგაშოს უწოდებს:

[ლევან ცუცქირიძე] ”ასეთი ხშირი ცვლა მაღალი თანამდებობის საჯარო პირებისა არ ქმნის სტაბილურობის გარემოს. და მე ვფიქრობ, რომ აზიანებს ინსტიტუციურ ეფექტურობას და, ასევე, გამოიწვევს, გარკვეულწილად, ”ტვინების გადინებასაც” საჯარო სექტორიდან.”(სტილი დაცულია)

ამასთან, შეიარაღებული ძალების სისტემური სტაბილურობის, ინსტიტუციური განვითარებისა და ოპერატიული მართვის ეფექტიანობისათვის მრავალ ქვეყანაში კანონით არის განსაზღვრული შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთა როტაციის ვადა. სხვადასხვა ქვეყანაში ეს ვადა სხვადასხვანაირია, მაგრამ იმისათვის, რომ შტაბის უფროსმა, როგორც პირველმა სამხედრო პირმა, საკუთარი გეგმები განახორციელოს, მას, როგორც მინიმუმ, ორწლიანი ვადა სჭირდება. ამერიკის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის - ”ეროვნული ომის კოლეჯის” - კურსდამთავრებულმა, გადამგარმა ქართველმა გენერალმა გიორგი გოგაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” აუხსნა, თუ რატომ არის საჭირო ამ ვადების დაცვა პრეზიდენტების მხრიდან, რომლებიც ნიშნავენ და ათავისუფლებენ სამხედრო შტაბის უფროსებს:

[გიორგი გოგაშვილი] ”ძალიან რთული მექანიზმია სამხედრო სფერო, თავდაცვის სისტემა - მთლიანად. ამიტომ ბუნებრივია, რომ შტაბის უფროსს დრო უნდა სჭირდებოდეს, უნდა ჰქონდეს გავლილი სხვადასხვა საფეხურები. და ასაკიც ისეთი უნდა ჰქონდეს, რომ როდესაც დაამთავრებს ვადას, გავიდეს თადარიგში და სხვა საქმეს მიხედოს.”(სტილი დაცულია)

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში საპენსიო ასაკამდე მხოლოდ ერთმა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა გივი იუკურიძემ მიაღწია, რომელიც ამჟამად თელავთან ახლოს ცხოვრობს და მეურნეობას მისდევს. მისი მემკვიდრე გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი ასევე ნაადრევად ჩამოაშორეს სამხედრო საქმეს და საქმიანობას საგარეო დაზვერვაში განაგრძობს. კიდევ ერთი ყოფილი პირველი სამხედრო პირი, პოლკოვნიკი ლევან ნიკოლეიშვილი, რომელმაც ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად პოლიტიკური პარტია შექმნა, მეორე წელია მიმალვაშია. გენერალი ზაზა გოგავა აგვისტოს ომში განცდილი მარცხისა და სუსტი ხელმძღვანელობის გამო სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დააწინაურეს. დაწინაურებულად თვლის თავს 4 მარტს გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებული პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაიაც მას შემდეგ, რაც მას ფორმა გახადეს და თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნეს:

[ვლდიმერ ჩაჩიბაია] ”ეს არ არის დაქვეითება. პირიქით, ეს არის ჩემი დაწინაურება. მე ბევრი საქმე მაქვს საკეთებელი და ასეთ პოლიტიკურ ინტრიგებში მონაწილეობას არ მივიღებ.”

მაგრამ, კონსტიტუციის თანახმად, არის კი რეალურად დაწინაურება პირველი სამხედრო პირის, გაერთიანებული შტაბის უფროსის გადაყვანა თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე? ასეთი პრაქტიკა არსებობს მეზობელ სომხეთში. თუმცა იქ გენერალური შტაბის უფროსი სეირან ოჰანიანი პირდაპირ თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. დასავლეთის ქვეყნებში გენშტაბის ყოფილი უფროსები ან დიდ პოლიტიკაში მიდიან, როგორც შეერთებულ შტატებსა და ისრაელში, ან პენსიაზე გადიან და ცნობილ საკონსულტაციო ფირმებსა და სამეცნიერო ცენტრებში აგრძელებენ მოღვაწეობას. საქართველო კი ამ შემთხვევაშიც საკუთარ ტრადიციას უყრის საფუძველსო, ამბობს ამერიკის ”ეროვნული ომის კოლეჯის” მაგისტრი, გადამგარი ქართველი გიორგი გოგაშვილი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ, გარკვეული აზრით, პოლკოვნიკ ჩაჩიბაიას გადაყვანა თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე მართლაც დაწინაურებას ნიშნავდეს:

[გიორგი გოგაშვილი] ”როდესაც ხარ პირველი პირი შეიარაღებულ ძალებში და მერე ხდები მეორე პირი, მაგრამ იმ ორგანოში, რომელიც შეიარაღებულ ძალებს აკონტროლებს, არ ვიცი, დაწინაურებაა თუ დაქვეითება. გააჩნია, რა შემთხვევაში.”

მაგრამ გენერალური შტაბის უფროსთა კვარტალური ცვლა საქართველოში არ არის მხოლოდ შიდასაკადრო საკითხი. ქვეყნისათვის, რომელიც ნატოში გაწევრიანების პროცესს განაგრძობს, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტს პოლიტიკური მნიშვნელობაც ენიჭება. ალიანსში ყოველთვის აქცევენ ყურადღებას, თუ რა დონის პროფესიონალი ხელმძღვანელობს საქართველოს არმიას, აქვს თუ არა მას სტრატეგიული დონის განათლება, აქვს თუ არა ალიანსის წევრ სახელმწიფოს სარდლობასთან საშტაბო მუშაობის გამოცდილებაო, - განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში უსაფრთხოების ექსპერტმა ლევან ცუცქირიძემ:

[ლევან ცუცქირიძე] ”აქ ყოველთვის კარგია, რომ იყოს ადამიანი, რომელსაც ჩვენი პარტნიორები დასავლეთში მიიჩნევენ როგორც თავისიანს, ანუ ადამიანად, რომელიც საუბრობს მათ ენაზე, ერთნაირი განათლება და გამოცდილება გააჩნიათ.”(სტილი დაცულია)

ექსპერტთა აზრით, ამ მახასიათებლებით გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე უფრო მიზანშეწონილი იყო პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შენარჩუნება, ვიდრე მის მაგივრად გენერალ დევი ჭანკოტაძის დანიშვნა. პოლკოვნიკ ჩაჩიბაიას მხოლოდ დასავლეთის სამხედრო სასწავლებლები აქვს დამთავრებული, გენერალ ჭანკოტაძეს კი - მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირისა და, აგრეთვე, ჩინეთის. თუმცა ძნელი სათქმელია, შეიცავს თუ არა დევი ჭანკოტაძის დანიშვნა რუსეთის მიმართ რაიმე სახის პოზიტიურ გზავნილს. მით უფრო, რომ სწორედ ახალი შტაბის უფროსია ის სამხედრო პირი, რომლის არტილერიამაც აგვისტოს ომში ყველაზე დიდი ზარალი მიაყენა რუსეთის არმიას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG