Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანები, რომელთა შესაძლებლობები შეზღუდულია


”ადამიანები, რომელთა შესაძლებლობები შეზღუდულია”

- უკეთესი ხომ არ არის ასე მოვიხსენიოთ ეს ხალხი - ინვალიდები, რომელთაც სხვაგვარად ”შეზღუდული შესაძლებლობების პირებს” უწოდებენ? იკითხეს ამას წინათ ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე, სახელწოდებით ”ვის ახსოვს ”ინვალიდები”?... საჯარო დისკუსიის ორგანიზატორებმა ამ ღონისძიების აფიშაზე სიტყვა ”ინვალიდი” ბრჭყალებში ჩასვეს და ასე, თავისებურად, გაემიჯნენ კიდეც სიტყვას, რომელიც ლათინურად ”სუსტს”, ”უძლურს” ნიშნავს. მართლაც, იმ დღეს ბიოლის ფონდში მობრძანებული საზოგადოება დარწმუნდებოდა, რომ ამ ადამიანებს - იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებებს იცავენ - ”სუსტს” და ”უძლურს” ნამდვილად ვერ უწოდებ: ისინი მუშაობენ, ისინი იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის, ისინი აქტიურად თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან... ერთადერთი, რისი დაძლევაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ეს სტერეოტიპია თავად შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანთა აღქმაში. მაგრამ როგორც აქ, ბიოლის ფონდში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დარგობრივი პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ამირან დათეშიძემ აღნიშნა, ეს სტერეოტიპი მთელი ქართული საზოგადოების, თუ გნებავთ, თანამედროვე ქართული კულტურის პრობლემაა, რომელსაც, თავის მხრივ, ჰუმანიზმის დეფიციტი განსაზღვრავს:

[ამირან დათეშიძის ხმა] ”საზოგადოების დარწმუნება ინვალიდობასთან დაკავშირებული პრობლემების აქტუალურობაში საკმაოდ ძნელია და ხანგრძლივი მუშაობის საგანი. დაკავშირებულია სტერეოტიპების დანგრევასთან... და სცილდება უშუალოდ ჯანმრთელობის სამინისტროს ფუნქციას.ეს ზოგადად ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, მედიის ფუნქციაა.” (სტილი დაცულია)

თუმცა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დისკრიმინაციის მიზეზი ყოველთვის არაა ჰუმანიზმის დეფიციტი. ასოციაცია ”დეას” აღმასრულებელი დირექტორი მადონა ხარებავა დისკრიმინაციას განათლების დაბალი დონითაც ხსნის. დანიაში, სადაც ეტლით გადაადგილებისთვის ადაპტირებულია გარემო, ინვალიდი თავს ინვალიდად ვერ გრძნობს. გარემოს კი ქმნის საზოგადოება, რომელსაც ბავშვობიდან ასწავლიან, რომ ეს გარემო მხოლოდ მას და მის მსგავსებს არ ეკუთვნით, რომ ეს გარემო ყველა ცოცხალი არსების კუთვნილებაა... აი, მაგალითად... ბიოლის ფონდის მესვეურებმა საჯარო დისკუსიის მოწყობა გადაწყვიტეს თემაზე ”ვის ახსოვს ინვალიდები”, მაგრამ ყველას დაავიწყდა, რომ ბიოლის ფონდის ოფისში შესაღწევად მაღალი კიბე უნდა აიარო... ეტლით აქ ვერ ახვალ.

[მადონა ხარებავას ხმა] ”სტუმარმასპინძლობის ეთიკას დავარღვევ და ვიტყვი - აქაც კი ჩვენ გარკვეული დისკრიმინაცია განვიცადეთ... მე არ მაქვს პრობლემა, სიამოვნებით ვივლი ეტლით, რომ იყოს ეტლით სარგებლობის შესაძლებლობა. ყველგანაა დისკრიმინაცია, მაგრამ არ მოიაზრება დისკრიმინაციად.”

მადონა ხარებავას თქმით, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა - როცა შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანს ეტლით რესტორანში არ უშვებენ (საქართველოში იყო ასეთი შემთხვევა) და როცა რესტორანი ისეა დაპროექტებული და აშენებული, რომ მასში ინვალიდი, უბრალოდ, ვერ შეაღწევს:

[მადონა ხარებავას ხმა] ”იმ რესტორანში რომ არ შეეშვათ ადამიანი იმის გამო, რომ სხვა ეთნოსის წარმომადგენელია, სხვა რელიგიური მრწამსის, ყველა - მათ შორის მედიაც - ატეხდა აურზაურს და იტყოდნენ, რომ საშინელებაა...მაგრამ როცა მე იმ რესტორანში ვერ შევდივარ იმის გამო, რომ ის გარემო ჩემზე არაა მისადაგებული, კაციშვილს არ ჰგონია, რომ ეს დისკრიმინაციაა.” (სტილი დაცულია)

შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტში 6 მილიონი ლარია გამოყოფილი. ეს თანხა, ფაქტობრივად, ერთჯერად დახმარებას და მინიმალურ პენსიას ითვალისწინებს. დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები (მათ შორის, ოპოზიციური პარტიები და, განსაკუთრებით, არჩევნების წინ) ხშირად მიმართავენ ინვალიდების თემით სპეკულაციას, თუნდაც ”პიარკამპანიისთვის”, რათა შემდეგ ტელევიზორში უჩვენონ, როგორ დაასაჩუქრეს რამდენიმე ადამიანი ეტლით ან წამლებით. მადონა ხარებავას თქმით, ინვალიდებთან დაკავშირებით ხელისუფლება ხშირად კეკლუცობს საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე:

[მადონა ხარებავას ხმა] ”ხშირად კეკლუცობენ და ჩვენ, როგორც საქველმოქმედო ობიექტს, ისე გვიყურებენ - ესაა პერიოდული, რაღაცისთვის გამიზნული, რასაც არა აქვს სიცოცხლისუნარიანობა - ერთჯერადი აქციაა. პირადად მე რომ მკითხოთ, დამამცირებელი აქციაა, როცა შენ ჩემთან მოგაქვს ეტლი და შენ კეკლუცობ ამით და ამით ხაზს უსვამ, რომ ძალიან კეთილი ხარ, რომ შენ ზრუნავ ჩემზე...” (სტილი დაცულია)

ჩვენ გვიყურებენ არა როგორც ადამიანს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს რაღაც თვისებები, უნარები, არამედ როგორც ”შეზღუდული შესაძლებლობების მქონეს”. მე ვარ პროფესიით ფიზიკოსი და როცა ფიზიკაზეა ლაპარაკი, ჩემი ინვალიდობა ფიზიკაზე არანაირ გავლენას არ ახდენს.

”აი, ინვალიდი ფიზიკოსი”, იტყვიან ჩემზე, - აღნიშნა მადონა ხარებავამ. - ჯერ იტყვიან ”ინვალიდიო”, მერე კი შეიძლება ”ფიზიკოსი” დაამატონ... - ბიოლის ფონდში მობრძანებული შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები ამბობენ, რომ მათ არ სურთ საზოგადოებისგან ასეთი გამიჯვნა. მათი სურვილია გარემომ მაქსიმალურად შეუქმნას თვითრეალიზაციის საშუალება. მაგრამ ეს არ მოხდება, სანამ ქვეყანაში, მადონა ხარებავას რომ დავესესხოთ, ”სოციალური განათლების” დონე არ ამაღლდება და, რაც მთავარია, სანამ ინვალიდებს არ ექნებათ სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება:

[მადონა ხარებავას ხმა] ”როცა ინვალიდს არა აქვს საშუალება მიიღოს სრულფასოვანი განათლება, იგი მეორეხარისხოვან მოქალაქედ ითვლება. და არამხოლოდ ინვალიდს. ამიტომ თავი და თავი და საწყისი უნდა იყოს განათლების მიღება.
საზოგადოების მზაობა არის თითქმის ნული. ინვალიდს გიყურებენ, როგორც საბრალოს, საცოდავს და შენ არ აღიქმები როგორც პიროვნება, აღიქმები როგორც ინვალიდი. ჩემს მეგობრებზე არ ვამბობ ეხლა. ზოგჯერ უხეშადაც იტყვიან რაღაცას. ვეკითხები, ამას როგორ ამბობ ჩემთან-მეთქი და მპასუხობენ: იცი რა, საერთოდ არ მიფიქრია, რომ შენ ინვალიდი ხარ.” (სტილი დაცულია)

საქართველოში ასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ინვალიდების უფლებებს იცავს. არსებითად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებმა რაღაცას უკვე მიაღწიეს. ისინი აწარმოებენ ქართული მედიის მონიტორინგს და არც ერთ შეურაცხმყოფელ პუბლიკაციას თუ სატელევიზიო სიუჟეტს უყურადღებოდ არ ტოვებენ. ისინი მკაცრად მოითხოვენ ხელისუფლებისგან, დაწესდეს კონტროლი ახალი შენობების დაპროექტებაზე, რათა აქაც არ მოხდეს ინვალიდების დისკრიმინაცია. მაგრამ ასოციაცია ”დეას” აღმასრულებელმა დირექტორმა მადონა ხარებავამ ბოლოს მაინც ქართულ საზოგადოებას მიმართა - მიმართა თხოვნით და კითხვით:

[მადონა ხარებავას ხმა] ”ნორმალურ ქვეყანაში ბავშვებიც სწავლობენ სამოქალაქო უფლებებს. უნდა იცოდე ეტლიანთან როგორ უნდა ილაპარაკო, როგორ ილაპარაკო უსინათლოსთან, უხერხულად რომ არ იგრძნოს თავი. თუ ამ ხალხს არ ვასწავლეთ, საიდან უნდა იცოდეს?”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG