Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლანა ღოღობერიძის წიგნის პრეზენტაცია


"რაც მაგონდება და როგორც მაგონდება" - ასე ჰქვია კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძის მოგონებათა წიგნს, რომლის პრეზენტაცია ამ დღეებში მოეწყო თბილისში. ქართველი კინორეჟისორი,

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, განვლილ ცხოვრებას იხსენებს, თუმცა არც აწმყო ავიწყდება და არც მომავალი.

"ნუთუ ჩვენი უახლოესი წარსულის იმ დროში დავბრუნდით, როცა საზოგადოების მთავარ მამოძრავებელ ძალად აგრესია იყო ქცეული; ნუთუ ეს არის ჩვენი სინამდვილე; სხვა, სხვაგვარად მოაზროვნე - შენი მტერია და ის უნდა მოსპო, გაანადგურო, სიტყვით, მიმნდობი ადამიანების გადაბირებით, სიძულვილის მორევში ჩათრევით."

წერს ლანა ღოღობერიძე თავისი წიგნის ბოლო თავში, იქ, სადაც მკითხველს ემშვიდობება. ქართველი კინორეჟისორის, მხატვრის (წიგნში ლანა ღოღობერიძის ნახატებია ჩართული), მთარგმნელის მოგონებათა კრებულში 2002 წელს სულ სამიოდე გვერდი დაეთმო, მაგრამ ყველაზე ამაღელვებელი სწორედ ჩვენი სინამდვილის ეს შეფასებაა... მიუხედავად იმისა, რომ წიგნი კინორეჟისორი ქალის ბიოგრაფიის ტრაგიკულ ეპიზოდებს ასახავს, მიუხედავად იმისა, რომ აქ 37 წლის რეპრესიებიცაა, შეხვედრა გადასახლებიდან დაბრუნებულ დედასთან, მძიმე ოპერაცია, სამოქალაქო ომი საქართველოში, მკითხველს სასოწარკვეთა ეუფლება ფინალში, როცა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ევროპის საბჭოში, ე.ი. ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციაში, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ ქვეყანას ისევ საბჭოური მენტალიტეტის ხალხი მართავს.

ლანა ღოღობერიძის წიგნში დიდი ადგილი ეთმობა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ მენტალიტეტს სიცოცხლის ფასად უპირისპირდებოდნენ. როგორც წიგნის პრეზენტაციაზე მსახიობმა ოთარ მეღვინეთუხუცესმა განაცხადა:

[ოთარ მეღვინეთუხუცესის ხმა] "ვინც ახლოს იცნობს ლანას, იმისთვის ეს წიგნი იქნება ნაცნობთან შეხვედრა, ჩემთვის ბევრი რამ მოულოდნელი იყო მოვლენების მხრივ. ჭაბუას განსაკუთრებით გამოუვიდა, როცა წინაპრებზე ლაპარაკობს, არაჩვეულებრივი ხიბლი აქვს ამ ხალხს... ეს რაღაცნაირი სევდა, რომ ისინი აღარ არიან, იქნებ რაღაცას გვავალდებულებს ჩვენ."

"ღვთიური განჩინების თანახმად, დედამიწას მზე სწორად მოეფინების" - ასეთი ფრაზით ამთავრებს ლანა ღოღობერიძე თავის მოგონებათა კრებულს, წიგნს, რომელიც ფირმა "ბენეფისმა" საპარლამენტო არჩევნების წინ გამოსცა, რომლის პრეზენტაციაზე ლანა ღოღობერიძე სტრასბურგიდან ჩამოვიდა თბილისში. სამწუხაროდ, დასავლური სტანდარტების დონეზე გამოცემული ეს კრებული ძვირი ღირს და მის წაკითხვას, ვერც არჩევნების წინ და ვერც არჩევნების შემდეგ, ყველა ვერ შეძლებს. ხოლო იმ ხალხმა, ვინც წიგნის პრეზენტაციას დაესწრო, ან იმათ, ვინც მაინც მოახერხა 20 ლარად შეფასებული კრებულის შეძენა, კარგად იცის, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი სურვილი, დედამიწას მზე ზოგჯერ "სწორად არ მოეფინების"...
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG