ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 08:35

პოლიტიკა

ლიდერები და მათი პარტიები

ბოლო წლების განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში ბევრი რამ შეიცვალა. ერთი არსებითი ცვლილება ის არის, რომ უპარტიო ლიდერებმა თავიანთი პარტიები შექმნეს. ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა,

ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
მაგრამ უკვე აშკარაა, რომ სამომავლო ამბიციის მქონე ლიდერი პოლიტიკური დასაყრდენის გარეშე განწირულია.

საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი უპარტიო ლიდერი ედუარდ შევარდნაძე იყო. მან სამშობლოში დაბრუნებისთანავე საჭიროდ მიიჩნია პარტიული საყრდენის შექმნა და ყველა არჩევნები მოიგო. მხოლოდ ახლა, კარიერის მიწურულს, პრეზიდენტს ამერიკელი კოლეგები ურჩევენ, პოლიტიკურ ძალებს გაემიჯნოს და არბიტრის ფუნქცია იტვირთოს.

ყველა დანარჩენი ლიდერი, რომელსაც დღეს თავისი პარტია და სამომავლო ამბიციები აქვს, ადრე შევარდნაძის თანამებრძოლი იყო. პირველი, ვინც პრეზიდენტის რჩევით, საკუთარი პარტია შექმნა, ვახტანგ რჩეულიშვილია. პარტიულმა დასაყრდენმა მას საშუალება მისცა, დამოუკიდებელი ნაბიჯები გადაედგა პოლიტიკურ ასპარეზზე.

მეორე ფიგურა, რომელიც შევარდნაძის გუნდს გაემიჯნა და საკუთარი პარტია ჩამოაყალიბა, შალვა ნათელაშვილია. ყოველ მომდევნო არჩევნებს ლეიბორისტული პარტია უკეთესი შედეგით ასრულებს. ასე რომ, ახლა ნათელაშვილს პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატებს შორის მოიხსენიებენ.

შემდეგი, ვინც მოქალაქეთა კავშირს დაუპირისპირდა, გამყრელიძე-გაჩეჩილაძის ტანდემი იყო. ახალი მემარჯვენეების პარტიამ პირველსავე არჩევნებში საუკეთესო შედეგი აჩვენა და თვითმმართველობის ორგანოებში ყველაზე მეტი წევრი გაიყვანა საქართველოს მასშტაბით. დავით გამყრელიძეს კი ბუნებრივად გაუჩნდა საპრეზიდენტო ამბიცია.

მორიგი მეამბოხე მიხეილ სააკაშვილია. მან ნაციონალური მოძრაობა შექმნა და, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეც გახდა. ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნების მოგებას აპირებს, პარტიის ლიდერი კი - პრეზიდენტობას.

საგანგებო ვითარებაში მოუხდა პარტიის შექმნა ზურაბ ჟვანიას. შევარდნაძისგან გამიჯვნის შემდეგ იგი ერთხანს ცდილობდა, მოქალაქეთა კავშირის ლიდერი გამხდარიყო, მაგრამ პრეზიდენტმა თავისი პარტია არ დათმო. მაშინ ჟვანიამ ახალი პარტიის ჩამოყალიბება დაიწყო და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. საკუთარი პარტიის გარეშე ზურაბ ჟვანიას საპრეზიდენტო ამბიციას საფუძველი გამოცლილი ჰქონდა.

მორიგი ლიდერი, რომელსაც საკუთარი რეიტინგი აიძულებს პარტიის შექმნაზე იზრუნოს, ნინო ბურჯანაძეა. იგი საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ექსტრემალურ ვითარებაში, იწყებს პარტიის შექმნას. რისთვის სჭირდება ნინო ბურჯანაძეს საკუთარი პარტია? უპარტიო ბურჯანაძე რიგითი დეპუტატის სტატუსს ვერ გასცდება, პარტიული ლიდერი ბურჯანაძე კი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია.

საქართველოში ხშირად ამბობენ, რომ პარტიები არ არსებობს, არსებობენ მხოლოდ ლიდერები. პოლიტიკურმა პროცესმა დაადასტურა, რომ არც ლიდერები არსებობენ საკუთარი პარტიული დასაყრდენის გარეშე.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)

ყველაზე პოპულარული