სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 13:26

პოლიტიკა

რატომ დასთანხმდა ედუარდ შევარდნაძე საარჩევნო ბლოკის ლიდერობას

რატომ ჩაუდგა ედუარდ შევარდნაძე სათავეში საარჩევნო ბლოკს? ამ შეკითხვის პასუხი ცნობილია: ხელისუფლებას აღარავინ ენდობა, პრეზიდენტს კი მხარდამჭერები ჯერ კიდევ ჰყავს. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში,

ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
ედუარდ შევარდნაძე საპარლამენტო არჩევნებში უშუალოდ რომ არ ჩარეულიყო და პოლიტიკური ბრძოლის ნეიტრალურ მეთვალყურედ დარჩენილიყო?

როდესაც ედუარდ შევარდნაძე მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა, მაშინ მისი გადაწყვეტილება შეფასდა, როგორც პოლიტიკური პროცესისგან განზე გადგომა, დისტანცირება. თუმცა ამ ნაბიჯმა "რეფორმატორებად" წოდებულთა ბანაკი იმდენად დაასუსტა, რომ სულაც არ აღმოჩნდა ნეიტრალური გადაწყვეტილება.

დღეს შეიძლება კითხვა ამგვარად დაისვას: 2005 წელს შევარდნაძეს პრეზიდენტობის ვადა ეწურება; შესაბამისად, იგი აღარ არის არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო არჩევნების სუბიექტი. მაშ, რატომ ჩაერთო პრეზიდენტი 2 ნოემბრის არჩევნებში, როგორც მხარე და დაინტერესებული პირი? განა უფრო ბუნებრივი არ იქნებოდა, რომ მას საკუთარი მდგომარეობით ესარგებლა და პროცესს გარედან დაჰკვირვებოდა? ამ შემთხვევაში ხომ განსაკუთრებულ წონას შეიძენდა, როგორც ნეიტრალური, მიუკერძოებელი არბიტრი?

უნდა ითქვას, რომ ჩაურევლობის გადაწყვეტილებაც მხოლოდ მოჩვენებით იქნებოდა ნეიტრალური, როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის დროს. რადგან უეჭველია, რომ პრეზიდენტის ჩაურევლობა სახელისუფლო რესურსსაც კი ოპოზიციის სასარგებლოდ წარმართავდა. ზოგადი შესიტყვება "სახელისუფლო რესურსი" სინამდვილეში გულისხმობს სრულიად კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი კარიერის მიმართ მეტად მგრძნობიარენი არიან. შევარდნაძის ნეიტრალური პოზიცია მათთვის იქნებოდა მინიშნება, რომ ძლიერი უნდა გააძლიერონ, სუსტი კი დაასუსტონ. და ამოქმედდებოდა თვითგადარჩენის ინსტინქტი, რაც სარგებლობას ოპოზიციას მოუტანდა.

ედუარდ შევარდნაძის ჩაურევლობის შემთხვევაში პოლიტიკური პროცესი თავისი ბუნებრივი კალაპოტით წარიმართებოდა. ეს ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო სავარძლისკენ გზა გადაეკეტებოდა ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც პოლიტიკური პროცესის მიღმა დგას. ახლა კი, სწორედ ერთ-ერთი ასეთი პიროვნების სამომავლო პოზიციის გასამყარებლად, პრეზიდენტს უხდება, პროცესი ხელოვნურ კალაპოტში გადაისროლოს.

ლოგიკა მარტივია. ედუარდ შევარდნაძე ბრძოლაში ორი მიზეზით ჩაერთო: მას არ სურს პრობლემები 2005 წლამდე დარჩენილ პერიოდში და პრეზიდენტის პოსტზე სასურველ კანდიდატს იგი დღევანდელ პოლიტიკურ ლიდერებს შორის არ ეძებს.

ჩაუდგებოდა თუ არა ედუარდ შევარდნაძე სათავეში სახელისუფლო ბლოკს, იგი ნეიტრალურ არბიტრად მაინც ვერ დარჩებოდა. ჩარევით ხელისუფლებას აძლიერებს, ჩაურევლობით - ოპოზიციას გააძლიერებდა. პრეზიდენტი, რომელიც ასპარეზს ტოვებს, მანამდე თავისი წონით ხელოვნურად ცდილობს ოპოზიციის დაბალანსებას. საფიქრებელია, რომ მისი მუშაკობის საფუძველი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში საზოგადოებისთვის ნაკლებად მისაღები კანდიდატისთვის გზის გაკაფვის მცდელობაა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)

ყველაზე პოპულარული