Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ-ერთი უდიდესი არტ-ბაზრობა ამერიკაში


ყოველი წლის დეკემბერში ქალაქი მაიამი ხელოვნების ნიმუშებით ივსება და თითქმის მთელი ქალაქი ერთ დიდ გალერეას ემსგავსება

შეერთებულ შტატებში ხელოვნების ნიმუშთა კოლექციის შეგროვება ტრადიციულად მხოლოდ შეძლებულ ადამიანებს და მდიდარ ორგანიზაციებს თუ შეეძლოთ. ანალიტიკოსები მიიჩნევნენ, რომ მდიდარი ფენის მიერ ხელოვნების მისაკუთრების ტენდენცია ამერიკაში თანდათან იცვლება. ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშად მაიამიში დეკემბერში გამართული არტ-ბაზრობა ითვლება.

სახალხო ბაზრობები და გამოფენა-გაყიდვები ერთ-ერთი ის ფორმაა, რომელიც რიგით ამერიკელს ხელოვნების ნიმუშების გაცნობის და ხელმისაწვდომ ფასებში მათი შეძენის საშუალებას აძლევს. ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში გამართული არტ-ბაზრობა შეერთებული შტატების მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესია, რომელიც იქ ტრადიციულად დეკემბრის თვეში იმართება. მაიამი ამ დროს ხელოვნების ნიმუშებით ივსება და მთელი ქალაქი თითქოს მხოლოდ ამ ბაზრობით ცხოვრობს.

"ფენდის" დიზაინი
"ფენდის" დიზაინი

​კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული ნამუშევრების გამოფენებს თითქმის ყველა ნაბიჯზე შეხვდებით. ბაზრობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ დიდი რაოდენობით ხელოვნების მოყვარულებს უყრის თავს. ისინი მხოლოდ ახალი ნამუშევრების საყიდლად არ ჩამოდიან. ტრადიციულმა ბაზრობამ მაიამი წლის ამ დროს კულტურულად ბევრად უფრო მრავალფეროვან და მიმზიდველ ქალაქად აქცია.

ბრაზილიური დიზაინის ნიმუში
ბრაზილიური დიზაინის ნიმუში

ორგანიზატორები ხელოვნების მაქსიმალურ პოპულარიზებას ცდილობენ. მაიამიში ამ დროს იმართება გალერეების პრეზენტაციები; გამოფენების გახსნის შთამბეჭდავი ცერემონიალები, რომელთაც ცნობილი ადამიანები ესწრებიან; სხვადასხვა ტიპის მუსიკალური ჟანრის კონცერტები; ცნობილი დიჯეების მიერ მოწყობილი დისკოთეკები და სხვა მსგავსი ღონისძიებები.

ქალაქის ცალკეულ უბნებში ბევრი ახალი ბაზრობა და გამოფენა-გაყიდვა ეწყობა, მაგრამ მათ შორის ყველაზე მთავარი „არტ მაიამია“, რომელიც სიძველით, ტრადიციულობით და მასშტაბურობით გამოირჩევა. ის წელს უკვე 25-ედ გაიმართა და უზარმაზარ თეთრ კარვებში დაიდო ბინა, რომლებშიც ნამუშევრებთან ერთად კაფეებიც იყო, საკონცერტო სცენებიც და დროდადრო ავტორებთან საინტერესო შეხვედრები იმართებოდა.

სასტუმრო "აკვას" შიდა ბაღი
სასტუმრო "აკვას" შიდა ბაღი

ამგვარი ბაზრობები უნიკალური საშუალებაა არამარტო ნამუშევრების გაცნობის, არამედ რელაქსირებულ გარემოში თავად ავტორებთან გასაუბრების - ამბობს ჯენიფერ ჯეიკობსი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პავილიონის „აკვას“ დირექტორი. გამოფენები, რომელსაც ის კურირებს, არტ-დეკოს სტილის სასტუმრო „აკვაში“ იმართება, რომელიც უბანში South Beach მდებარეობს. პავილიონის მოსაწყობად სასტუმროდან ერთი კვირით ადრე მთელი ავეჯი გააქვთ და მისი ნომრები მინი-გალერეების მთელ სერიად გადაიქცევა.

სასტუმროს ყველა ოთახი გადაჰყურებს შიდა ეზოს, რომელშიც პალმის ხეებს შორის საკმაოდ ექსტრავაგანტულად ჩაცმული საზოგადოება დადის. სტუმრები ნამუშევრებს შორის გულგრილად არ სეირნობენ. შიდა ეზოში მუდმივად ხმაურიანი განხილვები მიმდინარეობს. საუბრების მთავარი თემა ხელოვნების ნიმუშები და მათი ავტორებია. ჯენიფერ ჯეიკობსის თქმით, ეს უნიკალური გამოცდილებაა, რომელიც მხოლოდ მაიამიში და ისიც მარტო დეკემბრის პირველ კვირაში შეიძლება შეიძინო. როცა სასტუმროს ნომერშიც კი ხელოვნების ნიმუშებთან ერთად გძინავს, ეს გაიძულებს ხელოვნებას სულ სხვა თვალით შეხედო - აღნიშნავს ის.

სანახაობაში ჩართვის ამგვარი მიდგომა ძალზე ეფექტური გამოდგა. „არტ მაიამის“ პოპულარობა თანდათან იზრდება. მხატვრები და მოქანდაკეები იქ არამარტო წლიდან წლამდე განმეორებით ჩადიან, არამედ მათ გამუდმებით ახალი წევრებიც ემატებათ. კოლექციონერებს კი საშუალება ეძლევათ სიახლეებს მეტად გაეცნონ და ყურადღება უფრო ახალ, თანამედროვე შემოქმედებზე გაამახვილონ, რომლებიც ან ახლა იწყებენ კარიერას, ან საშუალო დონის წარმატება აქვთ.

დიზაინი საღამურის თემაზე
დიზაინი საღამურის თემაზე

„არტ მაიამისთვის“ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ინტერნეტი რჩება. მყიდველებისთვის ონლაინ-ვაჭრობა ზოგჯერ დროის მხრივ უფრო ეფექტური და ფინანსურადაც მომგებიანი შეიძლება იყოს. ვაჭრობის ეს ფორმა განსაკუთრებით ახალგაზრდა კოლექციონერებს იზიდავს. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც ბიზნესის წარმოებისთვის მხოლოდ ამ ფორმას ირჩევენ.

თუმცა, ინტერნეტი მაიამის ბაზრობის ცნობადობასაც ზრდის. როგორც წესი მისი „ტვიტერის“ მიმდევრების და „ფეისბუქის“ გვერდის მომწონებელთა რაოდენობა დეკემბრის თვეში დრამატულად იზრდება. ეს კი იგივე ონლაინ-დილერების და ონლაინ-კოლექციონერების მოზიდვას უწყობს ხელს. ძალზე აქტიურდება ამ დროს ინტერნეტ-აუქციონი „იბეი“, რომელსაც გალერისტები ავტორების პოპულარიზებისთვის და მათი ნამუშევრების გაყიდვისთვის იყენებენ.

2013 წელს ხელოვნების ნიმუშთა და ანტიკვარიატის გაყიდვა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვების სრული მოცულობის 25 პროცენტს შეადგენდა. ორგანიზაციის European Fine Art Foundations მონაცემებით, ნავაჭრმა 6 მილიარდს გადააჭარბა. „არტ მაიამის“ ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მომავალში ეს თანხა გაიზრდება და ხელოვნების ნიმუშებიც ბევრად უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

XS
SM
MD
LG