Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გათავისუფლება ანტისტალინური მოსაზრებების გამო თუ შემცირებული სალექციო საათები?


არინა თავაქარაშვილი
არინა თავაქარაშვილი

ყველაფერი სოციალური ქსელებიდან დაიწყო - სტუდენტებმა არინა თავაქარაშვილის სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტიდან წასვლა მის ანტისტალინურ გამოსვლებს დაუკავშირეს და გააპროტესტეს.

გორის სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი არინა თავაქარაშვილი 10 წელზე მეტხანს კითხულობდა ლექციებს საარჩევნო სამართალში და, პარალელურად, ადმინისტრაციულ თანამდებობას იკავებდა პიარის სამსახურში, რომელიც საკუთარი განცხადებით დატოვა. თავაქარაშვილი მიიჩნევს, რომ მისთვის სალექციო საათების ჩამორთმევა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ოქტომბერში საკრებულოს სხდომაზე სტალინისტებს დაუპირისპირდა და დიქტატორის ძეგლის დადგმის საკითხი გააპროტესტა. მაშინ არინა თავაქარაშვილი და უნივერსიტეტის რექტორი ვალერი სუხიშვილი სხვადასხვა მხარეს ისხდნენ.

ვალერი სუხიშვილი გორში ცნობილი სტალინისტია და თანამოაზრეებთან ერთად ძეგლის დაბრუნებას ითხოვს. რადიო თავისუფლების არქივში ინახება 2008 წლის აგვისტოს ომისდროინდელი კადრები, სადაც ვალერი სუხიშვილი სტალინის მონუმენტთან პირჯვარს იწერს და დიქტატორის ბიუსტს ესაუბრება. არინა თავაქარაშვილი კი ყოველთვის გამოირჩეოდა ანტისტალინური და ანტიტოტალიტარული აზრებით და ეს საკრებულოს სხდომაზეც დააფიქსირა.

არინა თავაქარაშვილი აცხადებს, რომ საკრებულოს სხდომის შემდეგ უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა მასთან კომუნიკაცია შეწყვიტა, პირველი სემესტრის შემდეგ კი საათები აღარ მისცეს. თავაქარაშვილის მხარდამჭერი აქცია სოციალური ქსელებით დაიწყო, შეიქმნა ჯგუფი, სახელწოდებით სოლიდარობა არინა თავაქარაშვილს. სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები პედაგოგის დასაცავად საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

არინა თავაქარაშვილის ბრალდებებს ცილისწამება უწოდეს სუხიშვილის უნივერსიტეტში. გავრცელდა სპეციალური განცხადებაც, სადაც აღნიშნულია, რომ თავაქარაშვილი უნივერსიტეტში ირიცხება საათობრივი ანაზღაურების წესით და მისი პოლიტიკური შეხედულებები არაფერ შუაშია. უნივერსიტეტის რექტორი ვალერი სუხიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ პედაგოგთან არასდროს ჰქონია უთანხმოება და გაკვირვებულია ამ განცხადებით.

სუხიშვილის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს ეკა სუხიშვილს თავაქარაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით მრავალი კითხვა უჩნდება. მისი აზრით, ეს არის პროვოკაციის ნაწილი, რაც უნივერსიტეტის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ეკა სუხიშვილი ამბობს, რომ თავაქარაშვილთან განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა ჰქონდათ და მიუხედავად იმისა, რომ მას აკადემიური ხარისხი არ ჰქონდა, პროფესორის ხელფასს უხდიდნენ.

ამ საკითხს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. საზოგადოების ნაწილი თავაქარაშვილს სოლიდარობას უცხადებს, მეორე ნაწილი კი ცილისწამებაში ადანაშაულებს. სუხიშვილის უნივერსიტეტში იმასაც აცხადებენ, რომ პედაგოგი გათავისუფლებული არ არის და სექტემბრიდან მას, საათობრივი ანაზღაურების წესით, ლექციების ჩატარების უფლება ექნება, თუმცა თავაქარაშვილი უნივერსიტეტში დაბრუნებას არ აპირებს. 9 მაისს კი გორში კომუნისტები და სტალინისტები მანიფესტაციის ჩატარებას აპირებენ, პარალელურად აქციას ევროინტეგრაციის მომხრეებიც გეგმავენ. არინა თავაქარაშვილი და ვალერი სუხიშვილი ამჯერადაც „ბარიკადების“ სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG