Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არიფ იუნუსი: „მე არ ვაპირებ გაჩუმებას“


არიფ იუნუსი
არიფ იუნუსი

ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, აზერბაიჯანის სასამართლომ საპატიმროდან გაათავისუფლა უფლებადამცველი არიფ იუნუსი, რომელიც აცხადებს, რომ „არ აპირებს გაჩუმებას“. ბაქოს სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის დაცვის მხარის სარჩელი, თუმცა იანუსს ხელი მოაწერინეს ოქმზე, რომლის თანახმად, მას ეკრძალება ბაქოს დატოვება.

60 წლის არიფი ცნობილი ისტორიკოსია და კავკასიის კონფლიქტებზე მუშაობს. მის კვლევებში ყველაზე დიდი ადგილი ეთმობა მთიან ყარაბაღს, ძირითადად სომხებით დასახლებულ რეგიონს, რომელზე კონტროლიც აზერბაიჯანმა 1990-იან წლებში დაკარგა სომხური ძალების მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ბრძოლაში.

არიფ იუნუსი გასული წლის აგვისტოში დააპატიმრეს. მას შემდეგ ის და მისი მეუღლე განცალკევებით ჰყავთ დაკავებული, სხვადასხვა საკანში.

ლეილა იუნუსი ჯანმრთელობის მხრივ ჩემზე უფრო უარეს მდგომარეობაშია. მე არც კი უნდა ვამბობდე ამას აზერბაიჯანში, სადაც ხალხი ბევრს ლაპარაკობს ეროვნულ ფასეულობებზე, ჰუმანიზმსა და ასეთ რამეებზე. საუბარია მოხუც ავადმყოფ ქალზე. რა თქმა უნდა, ის უნდა გაათავისუფლონ, თუნდაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო...
არიფ იუნუსი

წყვილი აქტიურად გამოდიოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შერიგებისა და მშვიდობის დამყარების მოწოდებებით.

წყვილის სასამართლო პროცესი 27 ივლისს დაიწყო. არიფ იუნუსი პროცესზე ძლივძლივობით ახერხებდა წამოჯდომას, მას მუდმივად ექიმების დახმარება სჭირდებოდა, ნემსების ჩათვლით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დახურულ ციხეში უფრო გართულდა, თუმცა, როგორც არიფ იუნუსმა 12 ნოემბერს უთხრა ჟურნალისტებს, მისი ცოლის, ლეილას, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა:

„ლეილა იუნუსი ჯანმრთელობის მხრივ ჩემზე უფრო უარეს მდგომარეობაშია. მე არც კი უნდა ვამბობდე ამას აზერბაიჯანში, სადაც ხალხი ბევრს ლაპარაკობს ეროვნულ ფასეულობებზე, ჰუმანიზმსა და ასეთ რამეებზე. საუბარია მოხუც ავადმყოფ ქალზე. რა თქმა უნდა, ის უნდა გაათავისუფლონ, თუნდაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“.

59 წლის ლეილა იუნუსი, რომელმაც არარეგისტრირებული ორგანიზაცია „მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტი“ დააარსა, მწვავედ აკრიტიკებდა აზერბაიჯანის მთავრობას ადამიანის უფლებების დარღვევისათვის. ვიდრე შარშან, ივლისში, დააპატიმრებდნენ, მუშაობდა პროექტზე აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების შესახებ.

აგვისტოში ბაქოს მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლომ არიფ იუნუსს 7 წლით, ხოლო მის ცოლს, ლეილა იუნუსს, 8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ძირითადად ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის ჩადენისათვის. საერთაშორისო უფლებადამცველმა ჯგუფებმა სასამართლოს გადაწყვეტილებას „მართლმსაჯულების პაროდია“ უწოდეს.

ლეილა იუნუსი
ლეილა იუნუსი

„ლეილა იუნუსს არ სჯერა, რომ ხელისუფლება ციხიდან მის განთავისუფლებას აპირებს. პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლებას სურს მისი გადაყვანა ქალთა გამოსასწორებელ კოლონიაში, სადაც ძალიან ცუდი პირობებია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ის, ფაქტობრივად, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფება“, ამბობს არიფ იუნუსი.

საპატიმროში ყოფნის შინაპატიმრობით შეცვლის მიუხედავად, არიფ იუნუსი არ აპირებს გაჩუმებას და 12 ნოემბერს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ყველა ბრალდება და სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურადაა მოტივირებული, მათ შორის, მისი შინაპატიმრობაც „პოლიტიკური ბრძანების“ შედეგია.

ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ განაჩენს „სრული ფარისევლობა“ უწოდა.

იუნუსების წყვილი იმ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და მთავრობის კრიტიკოსებს შორისაა, რომლებიც აზერბაიჯანის ციხეებში სხედან. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სისტემატურად ატარებს დისიდენტების გაჩუმებისკენ მიმართულ კამპანიას.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG