Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გვახსოვს და მოვითხოვთ“ - აქცია, სომეხთა გენოციდის აღიარების მოთხოვნით


„გვახსოვს და მოვითხოვთ“ - ამ სახელწოდების აქცია გამართეს საქართველოს ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა თბილისში, თურქეთის საელჩოსთან. აქცია ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობიდან მეასე წლისთავს მიეძღვნა. აქციის მონაწილეები თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებდნენ გენოციდად აღიაროს სომეხთა მასობრივი მკვლელობა ოსმალეთის იმპერიაში. აქციის მონაწილეები გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებასაც.

თბილისში გამართული აქციის მინაწილეები თურქეთის საელჩოსთან ავტობუსებით მივიდნენ. ავტომობილებიდან სომხეთის ეროვნული დროშები ჰქონდათ გადმოფენილი. სახელდახელოდ იმპროვიზებულ სცენაზე მსოფლიოს იმ ქვეყნებს მიმართეს, რომლებმაც უკვე გენოციდი უწოდეს ოსმალეთის იმპერიაში 1915 წლის სომეხთა მასობრივ ხოცვა- ჟლეტას. ისმოდა მადლობის სიტყვები მათ მიმართ, მოთხოვნები კი ძირითადად -თურქეთის სახელმწიფოს მისამართით. თბილისელი სვეტლანა თარხანოვა დარწმუნებულია, რომ საქართველოში ყველამ იცის, რაც 100 წლის წინ მოხდა. მისი თქმით, მნიშვნელობა არა აქვს, საქართველოს ხელისუფლება აღიარებს თუ არა გენოციდს, ხალხისთვის ყველაფერი ისედაც ნათელია:

„მოვითხოვთ, რომ თურქეთმა აღიაროს სომეხთა გენოციდი, რომელიც 100 წლის წინ მოხდა. სიმართლე მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ აღიარა, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში მხოლოდ ჩვენ გამოვედით და მოვითხოვთ გენოციდის აღიარებას“.

ჩემთვის კითხვის ნიშანი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გენოციდია. თუმცა მეორე საკითხი ის არის, რომ თითქმის ყველა ცდილობს ამ საკითხის პოლიტიზებას და ეს ძალიან ცუდია...
არნო სტეფანიანი

ნინა ისრაელიანი, რუსული ენის მასწავლებელი, ემოციურად უყვება რადიო თავისუფლებას ამბავს, რომელიც მის დიდ ბებიას 100 წლის წინ გადახდა თავს. ყარსში მულთან ერთად დაუტყვევებიათ. ბებია ორსულად ყოფილა. თურქი სამხედროები სიგარეტის მოსაწევად რომ გასულან ფარდულიდან, გამოპარულა და სხვა ფარდულისთვის შეუფარებია თავი მარტოს. ორი დღე იმ ფარდულში გაუტარებია. მერე ისევ თურქ სამხედროებს ჩავარდნია ხელში, მაგრამ იმის გამო, რომ 17 წლის გოგომ თურქული იცოდა და წარმოშობის ადგილად მეუღლის სოფელი მიუთითებია, გადარჩენილა. ჯარის სარდალს მისი თავი სამხედროებისთვის ჩაუბარებია:

„ჯარისკაცისთვის უთქვამს, წაიყვანე ეს ქალი იმ სოფელში, მღვდელს ჩააბარე და ხელწერილი მომიტანე, რომ ცოცხლად ჩააბარეო. ასე გადარჩენილა“.

ჩვენ მოვითხოვთ აღიარებას, ჩვენ მოვითხოვთ რესტიტუციას და ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასაც მივმართავთ: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მიისწრაფოდეს ევროპისკენ...
სანდრო ოჰანიანი

არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი არნო სტეფანიანი დვანიდან გამოქცეული დიდი ბებიის შთამომავალია. თავისი ბებიისგან არაერთხელ სმენია წინაპრების ამბავი და ამიტომ 100 წლის წინანდელ ტრაგიკულ მოვლენებს მისთვის დღემდე არ დაუკარგავს სიმძაფრე:

„ჩემთვის კითხვის ნიშანი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გენოციდია. თუმცა მეორე საკითხი ის არის, რომ თითქმის ყველა ცდილობს ამ საკითხის პოლიტიზებას და ეს ძალიან ცუდია. ეს ადამიანების ძალიან დიდი ტრაგედიაა და ამ თემით თამაში ან მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ჩემთვის მიუღებელია“.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ გამგეობის წევრი სანდრო ოჰანიანი, მიიჩნევს, რომ ტრაგიკული მოვლენები ამჯერად მაინც პოლიტიკასთანაა გადაჯაჭვული:

„ჩვენ მოვითხოვთ აღიარებას, ჩვენ მოვითხოვთ რესტიტუციას და ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასაც მივმართავთ: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მიისწრაფოდეს ევროპისკენ და რადგან ევროპამ აღიარა და დაგმო, ჩვენ ველით, რომ საქართველოც მსგავს ნაბიჯს გადადგამს“.

100 წლის წინ სომეხთა მასობრივი ხოცვის გენოციდად აღიარების თემაზე საქართველოს ხელისუფლებაში არ ლაპარაკობენ. ცოტა ხნის წინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა სამველ პეტროსიანმა დასვა გენოციდად აღიარების საკითხი, მაგრამ ამ თემას მსჯელობა არ მოჰყოლია. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე კომენტარს არ აკეთებენ, არც მთავრობა გამოხმაურებია დღევანდელი დღის მოვლენებს.

როგორც სომხური სამოციქულო ეკლესიის თბილისის წმინდა გევორქის სახელობის საკათედრო ტაძრის მოძღვარი მამა ნარეკი ამბობს, მთავარია, ჯერ თურქეთის სახელმწიფომ გაუსწოროს თვალი ისტორიას:

„ჩვენთვის მთავარია, თურქეთი დადგეს თავის წარსულთან პირისპირ, სხვა არაფერი“.

ია და იისფერი იყო წელს ოსმალეთის იმპერიაში მილიონ-ნახევარზე მეტი დახოცილი ეთნიკური სომხის ხსოვნის სიმბოლო. იისფერმაისურებიანი და სომხეთის ეროვნულ დროშაშემოხვეული აქციის მანაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში ერთად იდგნენ, შემდეგ კი ნელ-ნელა დაიშალნენ.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG