Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქების შედეგად დაიღუპა უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრი


დაპირისპირება საპროტესტო აქციის დროს
დაპირისპირება საპროტესტო აქციის დროს

უკრაინის ეროვნული გვარდიის ერთი წევრი დაიღუპა და ბევრი დაიჭრა კიევში, პარლამენტის შენობის წინ, გამართული საპროტესტო აქციის დროს.

ძალადობა მოჰყვა ნაციონალისტების მიერ მოწყობილ დემონსტრაციას მაშინ, როცა დეპუტატები განიხილავდნენ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომლითაც იზრდება ავტონომიის ხარისხი აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ მონაკვეთში მოქმედი პრორუსულად განწყობილი სეპარატისტებისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, გვარდიის წევრი დაიღუპა, სავარაუდოდ, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად. დაჭრილია 90-ზე მეტი პოლიციელი, ერთ-ერთმა აფეთქების შედეგად ორივე ფეხი დაკარგა.

დღეს შეგვიძლია ისტორიული გადაწყვეტილება მივიღოთ. გვესაჭიროება 226 ხმა საიმისოდ, რომ წინ წავიდეთ ევროპული ცვლილებებისკენ და კონსტიტუციაში შევიტანოთ ცვლილებები ძალაუფლების დეცენტრალიზაციის შესახებ...
ვლადიმირ გროისმანი

კიევის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია ხელყუმბარის სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი. შეხლა-შემოხლის დროს დააკავეს კიდევ 30 დემონსტრანტი.

მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენეს ხელკეტები და პილპილის სპრეი.

აფეთქების შემდეგ აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათი დემონსტრაცია დასრულდა და თქვეს, რომ მათ რიგებში შესაძლოა ზოგიერთმა პროვოკატორმა მოახერხა შეღწევა.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ პარლამენტის წინ „პროვოკაციაში ჩართული ყველა პირი“ დაისჯება. კლიჩკოს თქმით, სათვალთვალო კამერები გამომძიებლებს პროვოკატორთა ამოცნობის საშუალებას მისცემს.

კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს, მას რეგისტრირებული 368 პარლამენტარიდან 265 მიემხრო.

კენჭისყრამდე უკრაინის პარლამენტის სპიკერმა ვლადიმირ გროისმანმა დეპუტატებს შემდეგი განცხადებით მიმართა:

"დამოუკიდებლობის 24 წლის განმავლობაში უკრაინა ჩამოყალიბდა ცენტრალიზებულ, კორუმპირებულ ქვეყნად, რომელშიც მოქალაქე თავს ყოველთვის მოუხერხებლად გრძნობდა, მას ყოველთვის რაღაც სჭირდებოდა. დღეს შეგვიძლია ისტორიული გადაწყვეტილება მივიღოთ. გვესაჭიროება 226 ხმა საიმისოდ, რომ წინ წავიდეთ ევროპული ცვლილებებისკენ და კონსტიტუციაში შევიტანოთ ცვლილებები ძალაუფლების დეცენტრალიზაციის შესახებ”.

კენჭისყრა უკრაინის პარლამენტში
კენჭისყრა უკრაინის პარლამენტში

კანონპროექტი პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ წარმოადგინა იმ პირობების გათვალისწინებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია თებერვალში მინსკში მიღწეულ საზავო შეთანხმებაში. უკრაინის საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი შეიცავს პუნქტს, რომელიც ამბობს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარკვეულ ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებას მოაწესრიგებს საგანგებო კანონი.

კანონპროექტი ათზე მეტმა დეპუტატმაც გააპროტესტა - რადიკალური პარტიისა და პოლიტიკური ალიანსის „სვობოდას“ წევრები სკანდირებდნენ, „სირცხვილი, სირცხვილიო!“.

საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მისაღებად, სულ მცირე, 300 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG