Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიტერორისტული რეიდი პარიზში


რეიდი სენ-დენის რაიონში
რეიდი სენ-დენის რაიონში

პარიზში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპა ორი ეჭვმიტანილი, მათგან ერთმა თავი აიფეთქა. დაკავებულია შვიდი ადამიანი. საფრანგეთის ანტიტერორისტულმა პოლიციამ რეიდი განახორციელა პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტებთან დაკავშირებით. სენ-დენის რაიონში 18 ნოემბერს დილაუთენია დაწყებული ოპერაციის მსვლელობაში აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმოდა.

პოლიციის ცნობით, მოკლეს ერთი ეჭვმიტანილი, კიდევ ერთმა - ქალმა - თავი აიფეთქა. ფრანგი პროკურორების ინფორმაციით, დააკავეს შვიდი ადამიანი, მათგან, სულ ცოტა, სამი კაცი ბინაში, რომელშიც რეიდი განხორციელდა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი პარიზში საფრანგეთის მერების შეხვედრაზე იყო მისული, როცა გააკეთა განცხადება პოლიციის რეიდთან დაკავშირებით:

ფრანსუა ოლანდი
ფრანსუა ოლანდი

„ეს-ესაა დასრულდა პოლიციის განსაკუთრებულად სახიფათო და მძიმე ოპერაცია. ის მიმართული იყო წუხელ სენ-დენის რაიონში მყოფი ტერორისტების გასანეიტრალებლად. მათ ჰქონდათ კავშირი იმ ხალხთან, ვინც ჩაიდინა საზარელი თავდასხმები და დანაშაულები პარასკევ საღამოს“.

პოლიციის წყაროები სენ-დენის რაიონში ჩატარებული რეიდის მთავარ მიზნად ასახელებენ პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტების დამგეგმავად მიჩნეული პირის, 28 წლის აბდელჰამიდ აბაუდის, შეპყრობას. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ვარაუდობდნენ, რომ აბაუდი ბელგიასა ან სირიაში გაიქცა. ახლა კი, პარიზში რეიდის შემდეგ, ჯერ უცნობია, რა ბედი ეწია აბაუდის - დააკავეს, მოკლეს თუ საერთოდ არ იყო ბინაში, სადაც ეგულებოდათ.

დაღუპული და დაკავებული პირების ვინაობაზე ჯერ არაფერს იუწყებიან. ცნობების თანახმად, დაიჭრა ხუთი პოლიციელი და, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, რეიდში მონაწილეობდნენ ფრანგი სამხედროებიც. ისინი საქმეში ჩაერთნენ მას შემდეგ, რაც საათზე მეტხანს გაგრძელდა პოლიციელების ინტენსიური ურთიერთსროლა ეჭვმიტანილებთან და რამდენიმე აფეთქებაც გაისმა.

რეიდი სენ-დენის რაიონში
რეიდი სენ-დენის რაიონში

ადგილობრივები ამბობენ, რომ დილის 4:20-ზე გააღვიძა სროლის ხმამ. შვიდ საათზე მეტი იყო გასული, როცა ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ ოპერაცია დასრულებულია, თუმცა მაღაზიები და სკოლები სან-დენიში 18 ნოემბერს არ გაღებულა და პოლიცია მოსახლეობას შინ დარჩენას ურჩევს. შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ აცხადებს, რომ მან განახორციელა პარიზში 13 ნოემბრის თავდასხმები, რომელთა შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, 129 და დაიჭრა 350-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG