Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანჯელინა ჯოლიმ სერბები გაანაწყენა


ანჯელინა ჯოლი
ანჯელინა ჯოლი
მის სახეს ყველა იცნობს. ვის არ უნახავს ეკრანებზე თანამედროვე კინოს ერთ-ერთი უმშვენიერესი ვარსკვლავი, ექვსი შვილის დედა, რომელიც, ყველაფერთან ერთად, გაეროს კეთილი ნების ელჩობასაც ასწრებს...

კინომაყურებლებს შორის ანჯელინა ჯოლის ურიცხვი თაყვანისმცემელი ჰყავს და, კრიზისით მოცულ რეგიონებში ჰუმანიტარული მისიებით მოგზაურობისას, ხშირად იმსახურებს მთავრობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქებას. მაგრამ ყველგან ასე როდია! ამ ბოლო დროს ანჯელინა ჯოლიზე ძალიან განაწყენდნენ სერბიაში, სადაც მას ერთობ არასასიამოვნო ეპითეტებით მოიხსენიებენ.

ანჯელინა ჯოლის ბოლო კინოპროექტმა დიდი აღშფოთება გამოიწვია სერბ ნაციონალისტებში. „სისხლისა და თაფლის ქვეყანა“ - ასე ეწოდება ფილმს, რომლის სცენარისტად და რეჟისორადაც პირველად გვევლინება აქამდე თავისი სამსახიობო ხელოვნებით ცნობილი და ბევრის აზრით, უმშვენიერესი გარეგნობით გამორჩეული ვარსკვლავი. ფილმი მოგვითხრობს ბოსნიის ომზე და მას, ანჯელინა ჯოლისთან ერთად, ნამდვილი რისხვა დაატყდა ტრეილერის გავრცელებისთანავე.

კადრი ფილმიდან "სისხლისა და თაფლის ქვეყანა"
კადრი ფილმიდან "სისხლისა და თაფლის ქვეყანა"
მიზეზი იოლი ამოსაცნობია: კინოსურათი ეხება სერბიაში დღემდე ყველაზე მტკივნეულ პოლიტიკურ საკითხს: სისხლისმღვრელ კონფლიქტებსა და იუგოსლავიის დაშლას გასული საუკუნის 90-ან წლებში, სერბთა პასუხისმგებლობას ბოსნიის ომის დროს, მუსლიმებისა და ხორვატების წინააღმდეგ მიმართული ეთნიკური წმენდის ფონზე.

ანჯელინა ჯოლის ნამუშევარი, რომელიც მოგვითხრობს მუსლიმი ქალისა და სერბი ოფიცრის ტრაგიკულ სასიყვარულო ამბავზე, სერბიის მედიაში ლამის ერთხმად გამოთქმული შეფასებით, უსამართლოდ, უარყოფითად წარმოსახავს ეთნიკურ სერბებს, ანტისერბული პერსპექტივიდან ასახავს ომის ამბებს.

„ჰოლივუდის პროპაგანდა“ - ასეთი იყო გამოჩენილი რეჟისორის, ემირ კუსტურიცას ვერდიქტი, რომელსაც წინ უსწრებდა გაცილებით უფრო მკაცრი შეფასება ჰოლივუდის ვარსკვლავის მისამართით... „ანჯელინა კრეტინიაო“, - დაასკვნა ერთ-ერთ ტაბლოიდთან ინტერვიუში იუგოსლავიის პერიოდის ცნობილმა მსახიობმა, სერბიის პარლამენტის ყოფილმა წევრმა და სლობოდან მილოშევიჩის თანამოაზრემ, ბატა ჟივოინოვიჩმა.

გაზეთმა „ვეჩერნიე ნოვოსტიმ“, რომელსაც ნაწილობრივ სერბიის მთავრობა აკონტროლებს, თავი შეიკავა პირადად ანჯელინა ჯოლის დაგმობისაგან, მის ფილმს კი უწოდა „პოლიტიკური აგიტპროპაგანდა“, რომელმაც გამოიწვია „რეგიონში ბოლო ორი ათწლეულის უდიდესი პოლიტიკური კინოსკანდალი“. მოვლენების ანჯელინა ჯოლისეული ინტერპრეტაცია ზედაპირულიაო, - აცხადებს სტატიის ავტორი, მსახიობი დრაგან ბელოგრლიჩი და დასძენს, რომ ფილმის ჩვენებაზე სულ ნახევარი საათი გაძლო.

ამასობაში ანჯელინა ჯოლის სერბიაში დამცველებიც გამოუჩნდა. მათ შორის არის რეჟისორი სტევან ფილიპოვიჩი, რომელსაც თვითონაც დაატყდა ნაციონალისტების რისხვა 2010 წელს ფილმისათვის „სისანიე“. „ეს ძველი რეცეპტია. მილიონჯერ გვაქვს ნანახი, როგორც იყენებენ მას ნაციონალისტები. სასაცილო ისაა, რომ ფილმი ჯერ არავის უნახავს და თავის შეხედულებას გამოთქვამს ტრეილერის სცენების მიხედვით. ისე, უმრავლესობას ტრეილერიც კი არ უნახავს, მაგრამ მაინც აცხადებს მას „ანტისერბულ ფილმად“ - იმიტომ, რომ აქ ასე ხდება ხოლმე“, დაასკვნის ფილოიპოვიჩი.

ანჯელინა ჯოლის ფილმი „სისხლისა და თაფლის ქვეყანაში“ მომავალ თვეში გამოვა ბალკანეთის ქვეყნების კინოეკრანებზე. სხვათა შორის, წელს ის მოხვდა ჰოლივუდის პრესტიჟული პრემიით, ოქროს გლობუსით დაჯილდოვებაზე წარდგენილ ნომინანტებს შორის - უცხო ენაზე გადაღებული საუკეთესო ფილმების კატეგორიით.
XS
SM
MD
LG