Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუიციდი და წამება - ჩივილი ციხეებიდან


სასჯელაღსრულების ერთ-ერთი დაწესებულება
სასჯელაღსრულების ერთ-ერთი დაწესებულება

16 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტების შესახებ ისაუბრეს. მათი პრესკონფერენციის პარალელურად გაიმართა სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშის პრეზენტაცია, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებსა და მათზე შესაბამისი უწყებების რეაგირების ფაქტებს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საპატიმროებში სუიციდის შემთხვევებზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები თამარ ლუკავა და ნესტან ლონდარიძე იმ პატიმრების ინტერესებს იცავენ, რომლებიც სასჯელს N8 და N6 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იხდიან. ისინი, პატიმრებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამბობენ, რომ ამ დაწესებულებებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. N8 დაწესებულების ერთ-ერთი იმ პატიმრის მონათხრობით, რომლის უფლებებსაც ნესტან ლონდარიძე იცავს, 3 დეკემბერს, ღამის 12 საათზე, ციხის თანამშრომლებმა რამდენიმე მსჯავრდებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავად მას თვალი დაუზიანდა. პატიმრის თქმით, ის აიძულეს შიშველს გაეკეთებინა ბუქნები. ნესტან ლონდარიძე მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ასევე საქართველოს მთავარ პროკურატურას, მოახდინონ რეაგირება პატიმრების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და უზრუნველყონ მსჯავრდებულთ კანონიერი უფლებების დაცვა.

დაწესებულების თანამშრომლები ემუქრებოდნენ, რომ მიაყენებდნენ შეურაცხყოფას, რაც აისახებოდა მის მომავალზე. დაწესებულების თანამშრომლებმა მსჯავრდებული მიიყვანეს ისეთ მდგომარეობამდე, რომ მან სცადა თავის მოკვლა...
თამარ ლუკავა

ანალოგიური მოთხოვნა აქვს ადამიანის უფლებათა ცენტრის კიდევ ერთ იურისტს, თამარ ლუკავას. მან 16 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე N6 დაწესებულებაში პატიმრების შესაძლო წამების ფაქტებზე ისაუბრა. ამ შემთხვევაშიც ის ორი პატიმრის მონათხრობს ეყრდნობა. ერთ-ერთი მათგანის მტკიცებით, მან თვითმკვლელობაც კი სცადა:

„დაწესებულების თანამშრომლები ემუქრებოდნენ, რომ მიაყენებდნენ შეურაცხყოფას, რაც აისახებოდა მის მომავალზე. დაწესებულების თანამშრომლებმა მსჯავრდებული მიიყვანეს ისეთ მდგომარეობამდე, რომ მან სცადა თავის მოკვლა. მსჯავრდებულთა ინფორმაციით, N6 დაწესებულების თანამშრომელთა მიერ მათ მიმართ და ასევე სხვა მსჯავრდებულთა მიმართ ადგილი ჰქონდასიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მსჯავრდებულები ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოათავსეს სამარტოო საკანში, სადაც არ იყო არანაირი ჰიგიენური პირობები“, - ამბობს თამარ ლუკავა.

როგორც რადიო თავისუფლებას სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განუმარტა, პატიმართა შესაძლო წამების თაობაზე უწყების გენერალურ ინსპექციას უკვე დაწყებული აქვს მოკვლევა. სხვა კომენტარისაგან კი სამინისტრო ამ ეტაპზე თავს იკავებს.

16 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამართული პრესკონფერენცია დაემთხვა საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშის პრეზენტაციას, რომელიც ამჯერად მან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. ანგარიშში, რომელიც მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებას. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საანგარიშო პერიოდში გარდაიცვალა 23 პატიმარი, აქედან კი ხუთმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, სუიციდით დაასრულა. როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანია დეტალურად იქნეს შესწავლილი გარდაცვალების თითოეული ფაქტი, რათა მომავალში მოხდეს სიკვდილიანობის გამომწვევი რისკფაქტორების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა. განსაკუთრებული აქცენტი მან სწორედ სუიციდის ფაქტებზე გააკეთა.

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

„საუბარია შესაძლო სუიციდის მატების ფაქტებზე. ჩვენი ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, მომატებულია რაოდენობა. ამიტომ ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ, რომ სამინისტრომ კონკრეტული პროგრამები უნდა განახორციელოს ამ მიმართულებით ან უფრო უნდა დახვეწოს ის პროგრამა, რომელიც სუიციდის პრევენციას ეხება და რომელიც უკვე მოქმედებს. ამ მხრივ, პრობლემები და გამოწვევები ნამდვილად არსებობს და ამის არაერთი ფაქტი იყო, სამწუხაროდ, წლის განმავლობაში“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველის ანგარიშსა და საპატიმროებში სუიციდის ფაქტების გამოძიებას გამოეხმაურა სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. მისი სიტყვებით, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება ყველა იმ ფაქტს, რაზეც სახალხო დამცველი მიუთითებს:

„ჩვენ ვამუშავებთ სუიციდის პრევენციის პროგრამას და მინდა გითხრათ, რომ იქ, სადაც სუიციდის პრაქტიკა დაფიქსირდა, იმ დაწესებულებებში ჯერჯერობით სუიციდის პრევენციის პროგრამა არ მუშაობს და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის გავაფართოოთ და მაქსიმალურად მოვიცვათ ყველა დაწესებულება“.

მინისტრის მიერ ნახსენები სუიციდის პრევენციის პროგრამა გასული წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანი პენიტენციურ სისტემაში პატიმართა შორის სუიციდის მცდელობებისა და სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაა. სამინისტროს ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში პროგრამაში 97 პატიმარი ჩაერთო. 64 პატიმართან მუშაობა დამთავრებულია. პროგრამა ამ ეტაპზე 5 დაწესებულებაში მუშაობს.

რაც შეეხება, საპატიმროებში შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ამ მიმართულებით გაიზარდა ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად სახალხო დამცველის წინადადებათა რაოდენობა. მიმდინარე წელში, სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა მიმართ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურაში 18 წინადადება გაგზავნა, თუმცა გამოძიება მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი, 1443-ე, მუხლით.

ლელა ცისკარიშვილი
ლელა ცისკარიშვილი

ლელა ცისკარიშვილი, ”წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის“ დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიტუაცია არასათანადო მოპყრობის მხრივ ნამდვილად გაუმჯობესებულია, შედარებით წინა წლებთან, როცა ამგვარ ფაქტებს ჰქონდა სისტემური ხასიათი. თუმცა, როგორც ჩანს, ახლაც არის არასათანადო მოპყრობის შემთხვევები:

„იმის დასკვნა, რომ ამას აქვს სისტემური ხასიათი და ემსგავსება იმას, რაც იყო ორი წლის წინ, ეს ნამდვილად არ შეიძლება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ არ მოხდა ძალიან ეფექტური და მკაცრი რეაგირება ამ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, მაშინ ჩვენ ნამდვილად დავდგებით იმ საფრთხის წინაშე, რომ გაიზრდება ადმინისტრაციის მხრიდან პატიმართა მიმართ ძალადობის ფაქტები“, - ამბობს ლელა ცისკარიშვილი.

XS
SM
MD
LG