Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ანავასკა“ - აქცენტი საკუთარ თავზე, ანუ ჩექმის მოხარშვით დაწყებული ამბავი


ანა ბეგიაშვილი და ვასკა ტაბატაძე
ანა ბეგიაშვილი და ვასკა ტაბატაძე

არცთუ ისე დიდი ხნის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუკში ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გვერდი, „ანავასკა“, გამოჩნდა. ანა ბეგიაშვილისა და ვასკა ტაბატაძის მოდელების მიხედვით შექმნილი ტანსაცმელი ძალიან მალე გახდა პოპულარული. ვასკასთვის ეს პირველი ერთობლივი სერიოზული ნამუშევარი იყო, თუმცა ის ამ სფეროში 2004 წლიდან მოღვაწეობს და ინდივიდუალურად მუშაობს კიდეც. გერმანიაში ათწლიანი ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებული ანასთვის კი ეს ტანსაცმლის შექმნის სულ პირველი მცდელობაა. ორივესთვის მოულოდნელად, კოლექცია ძალიან მალე გაიყიდა და ფრთხილად და საკუთარი სიამოვნებისთვის დაწყებული ეს ამბავი ასევე მოულოდნელად მათ მთავარ საქმედ იქცა.

როგორია გზა, რომელსაც საქართველოში დამწყები დიზაინერები გადიან, რა სირთულეები ხვდებათ მათ ამ გზაზე, რამდენად რთულია დამკვიდრება?

ოთახში ორნი სხედან. სხვადასხვა კუთხეში. ორივე რაღაცას ჩაჰკირკიტებს. ხატავენ. ხან სიჩუმეა, ხან, პირიქით, ორივე ერთად იწყებს ლაპარაკს და მერე ერთმანეთს აღარ აცდიან. ნამუშევრებს ერთმანეთს აჩვენებენ, აფასებენ. „ნახე, ეს ძალიან ჩემია“, ამბობს ერთი. „ფანტასტიკაა!“, პასუხობს მეორე. ხანდახან დიალოგი სხვანაირიც ხდება: „ნერვებს ნუ მიშლი! ცოტა ხანი გაჩუმდი!“. ანა და ვასკა ახალი კოლექციის მოდელებზე მუშაობენ. მერე დიდხანს დადიან, დადიან, დაეძებენ ბუნებრივ ქსოვილებს: ეს ფერი თუ ის ფერი? შალი თუ აბრეშუმი? უკვე დახატული მოდელები ხშირად კერვის პროცესშიც იცვლება. მთავარია თავად მოეწონოთ - ექსპერიმენტების არ ეშინიათ. მოკლედ, ჭრა-კერვა დაწყებულია...

ყველაფერი მაინც ანა ბეგიაშვილისა და ვასკა ტაბატაძის მეგობრობით დაიწყო, თუმცა, მოდით, თავიდან მოვყვები. ერთი წლის წინ ჰამბურგში, ერთ-ერთ მყუდრო კაფეში ყავით ხელში მჯდარი ანა ბეგიაშვილი ვერც წარმოიდგენდა, რომ გაივლიდა ცოტა დრო და თბილისში, მის სახლში, გასაშრობად გაფენილ ტანსაცმელს „ანავასკას“ იარლიყი ექნებოდა. ანა მხატვარია, მაგრამ რადგანაც ხატვის გარდა კიდევ უამრავი რამ აინტერესებს, რაც, ზოგადად, ხელოვნებას უკავშირდება, ხან რა კრეატიული იდეის განხორციელებას შეეჭიდება ხოლმე და ხან რას. ტანსაცმლისა და აქსესუარების შექმნაზეც უფიქრია, მაგრამ არცთუ ისე სერიოზულად. ერთ მშვენიერ დღეს კი, გერმანიაში ათწლიანი ემიგრაციის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და თავის მეგობარს, ვასკა ტაბატაძეს, შეხვდა. ვასკაზე ქვემოთ ცალკე მოვყვები, ანა კი ამბობს, რომ ამ შეხვედრაზე, როგორც მეგობრებს შორის ხდება ხოლმე დიდი ხნის განშორების მერე, ყველაფერზე ილაპარაკეს დედამიწის ზურგზე. ვასკამ თავისი შეკერილი ჩანთები აჩვენა...

„ლაპარაკ-ლაპარაკში შევყევით, ვის რა გვიყვარს და ვინ რას აგროვებს, როგორც ხდება ხოლმე, და ასე უცებ მოვიდა იდეა - რაღაცის ერთად გაკეთების. რამდენიმე კვირის მერე, ზუსტად აღარ მახსოვს, ვასკამ დამირეკა, ნაჭრების საყიდლად მივდივარო. უცებ ავდექი, ჩავიცვი, წავყევი და სანამ აზრზე მოვედი, რას ვაკეთებდი, უკვე ტანსაცმლისთვის ქსოვილებს ვარჩევდით“...

ვასკას ისტორია ცოტა სხვანაირია. სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლის დროს და მისი დასრულების შემდეგაც მან ზუსტად იცოდა, რომ სულ სხვა რამე უყვარდა და აინტერესებდა - ტანსაცმელი. და ეს სიყვარული სტუდენტობამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო:

„ხან ვჭრიდი, ხან ვკერავდი - დედაჩემის კაბები იქნებოდა ეს, ფარდები, სუფრები თუ სხვა“...

ერთი სიტყვით, სანამ ჰამბურგში მყოფი ანას თავში ათასნაირი კრეატიული იდეა ირეოდა და ხშირად ხორციელდებოდა კიდეც, ვასკა ამ დროს უკვე ქართული მოდის ინდუსტრიაში იყო ჩართული. იყო პერიოდები, როცა ბევრს მუშაობდა და პირიქითაც. ანას ჩამოსვლამ და მათმა მეგობრობამ საერთო იდეაც გააჩინა და პროცესებიც უფრო დააჩქარა. მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც არ იქნებოდა მორგებული ბაზრის მოთხოვნებს, სხვების აზრს, იმას, თუ რა არის მოდაში და რა არა - ტანსაცმელი, რომელიც, პირველ რიგში, მათ მოეწონებოდათ:

„თავიდანვე ასე ვთქვით და ავირჩიეთ, რომ გაგვეკეთებინა ის, რაც ჩვენ მოგვწონდა, ჩვენი გულებიდან მოდიოდა და არ მიგვექცია ყურადღება იმისათვის, ეს მოდაში იყო თუ არა, ვინმეს ასეთი ეცვა თუ არა... ძალით რაღაცების გამოგონება ისედაც ყელშია ამოსული, ვითომ ორიგინალური რამეების - მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ამ სფეროში ბუმბერაზი დიზაინერები არსებობენ და ლამის ყველაფერი გამოგონებულია. ამიტომ ჩვენ ამ გზით წავედით - ყოფილიყო სისადავით გამორჩეული და ბუნებრივი ქსოვილისგან შეკერილი“.

ბუნებრივი მასალის შოვნა არც ისე ადვილი აღმოჩნდა, მაგრამ რადგან დაიწყეს, ბოლომდე მიჰყვნენ. მასალის ძებნა არ დაზარებიათ. ანა კი ისე აიტაცა რაღაც ახლის და განსხვავებულის შექმნის იდეამ, რომ ერთ დღესაც, ვასკასგან დაბრუნებულმა, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი ჩექმა სარეცხის მანქანაში მოხარშა!

„როცა პირველად შევხვდი ვასკას, ვნახე მისი ჩანთები, ძალიან მომეწონა. მიყვებოდა ნაჭრის, ტყავის დამუშავების ტექნოლოგიებზე. მომიყვა, როგორ მოხარშა ტყავი, რომელმაც სულ სხვა სახე მიიღო და ამით გათამამებულმა, სახლში რომ მივედი, მეც გადავწყვიტე რაღაც ჩამედინა და ასე მოვხარშე ჩემი ჩექმა, ოღონდ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე და, ცხადია, არაფერი გამომივიდა: ჩექმა ნახევრად დაიშალა, მერე გაქვავდა და თიხის ჩექმად იქცა! ამაზე დღემდე გვეცინება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეც სიმბოლური დასაწყისია ჩემი ამ სფეროში მოღვაწეობისა და ეს ჩექმაც შენახული მაქვს“.

პირველი, ზამთრის კოლექცია არაკომერციული და ცოტა ძვირიც გამოვიდა. შემდეგი, საზაფხულო, თეთრი და რუხი კოლექცია ისე მოულოდნელად გაიყიდა, რომ ამისთვის მზად არც იყვნენ, მალევე მოუწიათ ახალ მოდელებზე მუშაობის დაწყება. „ანავასკა“, რომელსაც ჯერ არც ჩვენება გაუმართავს და არც განსაკუთრებული რეკლამა ჰქონია, მოიწონეს. დღეს უკვე ფიქრობენ, რომ მომავალში კოლექციებს ბავშვის და მამაკაცის ხაზიც დაემატება. ანა ბეგიაშვილი ამბობს, რომ თავიდან ვერც იფიქრებდა, რომ ტანსაცმელზე გადატანილი მისი ნახატები ასე პოპულარული გახდებოდა:

„რთულია, რადგან თავიდან არასოდეს იცი, როგორ მიიღებენ ამ ყველაფერს - გაიყიდება თუ არა, მოეწონებათ თუ არა... მეორე სერია რომ გავაკეთეთ, ჩანახატების პრინტიც გამოვიყენეთ - თავიდან მხოლოდ ანიმაცია, მერე კი ვთქვით, რომ რატომაც არა, იყოს სერიოზული ჩანახატებიც და, მგონი, გაამართლა“.

ხატავენ ბევრს და დიდხანს. ხანდახან რამდენიმე ათეული ნახატიდან სამოსად მხოლოდ რამდენიმე იქცევა ხოლმე.

„40 ესკიზიდან ბოლოს რჩება ათი. ბევრი რამ იცვლება კერვის პროცესშიც. ხანდახან იქვე, მკერავთან, ვცვლით რაღაცებს“.

რა არის მთავარი ერთად წარმატებული მუშაობისთვის? - ვეკითხები ორივეს. - მსგავსი ინტერესები, - მპასუხობენ, - ფერების, მუსიკის, ნივთების, მხატვრების... ყველაფრის. ეს ქმნის „ანავასკას“. და კიდევ ერთი პრონციპი, რომელიც ანა ბეგიაშვილისა და ვასკა ტაბატაძის ნამუშევრებს აერთიანებს: კარგი ტანსაცმელი ის ტანსაცმელია, რომელსაც კარადაში არ გამოკეტავ:

„მე სულ უფრო და უფრო ვიხრები იმ აზრისკენ, რომ მინდა მქონდეს ტანსაცმელი, რომელსაც ვიხმარ და უაზროდ არ იქნება კარადაში გამოკეტილი. ტანსაცმელსაც როცა ვყიდულობ ან ვიკერავ, ძალიან მნიშვნელოვანია მქონდეს შეგრძნება, რომ ეს ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი, თუ აქსესუარი სულ ჩემი იყო, როცა არ გჭირდება შეჩვევა და მორგება. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი“.

„ანავასკას“ ჩვენება ჯერ არ გამართულა. პირადი სივრცის, საკუთარი სალონის შექმნაზე ფიქრობენ, სადაც თავის ნამუშევრებს გააკეთებენ და ამ ადგილს „ანავასკას“ სივრცე დაერქმევა. ამ სივრცეში კი, ალბათ, მოხარშულ ჩექმას, როგორც „ანავასკას“ დასაწყისის სახალისო სიმბოლოს, აუცილებლად ექნება თავისი განსაკუთრებული, გამოსაჩენი ადგილი.

რატომაც არა!

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG