Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიის პორტის მშენებლობით ჩინური კომპანია დაინტერესდა


ჩინური კომპანიის წარმომადგენლები ანაკლიაში
ჩინური კომპანიის წარმომადგენლები ანაკლიაში

ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებული ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ანაკლიაში პორტისთვის გათვლილი ტერიტორია დაათვალიერეს. ქართველ და უცხოელ ინვესტორებთან ერთად იმყოფებოდა ჩინეთის ელჩი საქართველოში იუე ბინი.

ხელისუფლების მიერ საუკუნის პროექტად შეფასებული მშენებლობისთვის ინვესტორები სექტემბერში უნდა გამოვლინდნენ, მანამდე კი საკონკურსო კომისია დაინტერესებულ კომპანიათა წინადადებებს სწავლობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პროექტთან დაკავშირებით ინტერესი ოფიციალურად გამოხატა თორმეტმა საერთაშორისო და ადგილობრივმა კომპანიამ, რომელთაგან, სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, 7 შევიდა ე.წ. „მოკლე სიაში”. ტენდერში მონაწილე 7 კომპანიიდან ერთ-ერთია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელიც წარმოდგენილია ორი კომპანიით - „თიბისი ჰოლდინგითა“ და „კონტი ჯგუფით“. ე.წ. „მოკლე სიაშია“ გადაყვანილი ასევე ჩინური კომპანია, რომელთანაც ერთად ანაკლიაში იმყოფებოდნენ ამ კონსორციუმის წარმომადგენლები.

„ამერიკელებთან ერთად შექმნილი გვაქვს კომპანია, რომელიც მონაწილეობას იღებს ღრმა წყლის პორტის მშენებლობაში. ჩვენ დღეს ჩამოვიყვანეთ ერთ-ერთი მსხვილი ჩინური ოპერატორი კომპანია, რომელიც იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოზე გამოივლის იმ რაოდენობის ტვირთი, რომელიც საჭიროა აქ ინფრასტრუქტურისა და პორტის ასამუშავებლად“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შემავალი კომპანიის, „თიბისი ჰოლდინგის“, ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ.

ანაკლიაში ჩასული კომპანია „ჩინდაო პორტ ინტერნეიშენალის“ წარმომადგენლები პორტის მშენებლობაში ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. მედიისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ჩინდაო პორტ ინტერნეიშენალი“ ჩინეთის ქალაქ ჩინდაოს უმსხვილესი პორტოპერატორია. ჩინეთის ელჩი საქართველოში იუე ბინი იმედს გამოთქვამს,რომ არჩევანი სწორედ მასზე შეჩერდება:

„ეს პროექტი თქვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მართლაც დიდ როლს თამაშობს. ჩინური მხარე მზად არის მონაწილეობა მიიღოს პორტის პროექტირების, მშენებლობისა და მართვის პროცესში. მე მგონია, რომ ჩინური კომპანიის მონაწილეობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი საქმიანი ურთიერთობის განვითარებას“.

ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსის დავით ჯავახაძის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებულ ინვესტორებს 1 მაისამდე აქვთ ვადა იმისათვის, რომ საკუთარი წინადადებები წარადგინონ:

„მას შემდეგ, რაც ყველა დოკუმენტაცია სამინისტროში შემოვა, სამთავრობო კომისიის მიერ მოხდება მისი დეტალური შესწავლა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა. საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ ეს პროცესი მიმდინარე წლის სექტემბრისთვის დასრულდეს. რაც შეეხება მშენებლობას, ის, ჩვენი ვარაუდით, უნდა დაიწყოს 2016 წელს“.

წინასწარი გათვლებით, პორტის გარდა, ანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG